
უკრაინის არმიის ბრიგადების ნაწილი რუსეთის კურსკის რეგიონიდან გავიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმიის შეტევის ფონზე, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიიდან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ კურსკიდან ბრიგადები ალყაში მოქცევის საფრთხის გამო გაიყვანა.
უკრაინული მედიის თანახმად, ორი კვირის წინ, უპილოტო თვითმფრინავების ელიტარულმა რუსულმა ჯგუფმა დაარღვია უკრაინული მომარაგების ხაზები.
25 თებერვალს მიზნობრივი დარტყმების შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა უკრაინის ათეულობით სატრანსპორტო საშუალება ქალაქ სუჯასთან. ქალაქი ემსახურებოდა 10 000-იანი უკრაინული ჯგუფის მთავარ ბაზას, რომელიც იცავდა ტერიტორიას კურსკის რეგიონში.
უკრაინის არმიის ნაწილები რუსეთის კურსკის რეგიონში გასული წლის აგვისტოში შეიჭრნენ.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაის თქმით, რუსებმა ძლიერი ოპერაცია განახორციელეს და კურსკის ოლქის დაიბრუნეს. მისი ვარაუდით, ახლა უკრაინელები შეეცდებიან კურსკის მომიჯნავე ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის განხორციელებას.
„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ რუსებმა საკმაოდ კარგად გამოიყენეს ამერიკელების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, უკრაინელებს სადაზვერვო ინფორმაციების მიწოდება შეუწყვიტეს და შეუზღუდეს სამხედრო-ტექნოლოგიების გადაცემა.
„ამასთან, უკრაინულ შეიარაღებულ ძალებზე ფსიქოლოგიურმა მომენტებმაც იმოქმედა. სამწუხარო რეალობაა, რომ რუსებმა სტრატეგიულ-ოპერატიული უპურატესობა აიღეს და მოახდინეს თავიანთი მიზნების აღსრულება. ამ მხრივ კურსკი აღმოჩნდა სუსტი წერტილი. ფაქტობრივად, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული კურსკის მთავარი ცენტრი, სუჯა დაიბრუნეს, რომელიც უკრაინელებს 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული.
„მათ ჩაატარეს სპეციალური ოპერაცია - გაზის მილების მეშვეობით შეუშვეს სპეციალური დანიშნულების 800 კაციანი რაზმი, რომლებმაც ზურგში დაარტყეს უკრაინელებს, ტროას ცხენის სტრატეგიის ვარიანტივით. ეს საკმაოდ ძლიერი ოპერაცია იყო.
„რუსებმა მოულოდნელობის ეფექტი შექმნეს, რამაც დიდი როლი ითამაშა უკრაინული ჯარის ფრონტის ხაზის დაშლაში, თავდაცვის ზღუდეების მოშლაში. სავრაუდოდ, ახლა უკრაინელები დატოვებენ კურსკის ოლქს და გადავლენ საკუთარ ტერიტორიაზე.
„ალბათ უკრაინელები შეეცდებიან ანალოგიური ტიპის რეიდი განახორციელონ ოპერატიულ სიღრმეში, კურსკის მომიჯნავე ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე იქ ბრძოლა დასრულდა უკრაინელების უკან დახევით, ეს სამწუხარო რეალობა უნდა ვაღიაროთ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".