
პარიზში ევროპული ქვეყნების თავდაცვის მინისტრები თავდაცვისა და უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ. შეხვედრის მთავარი თემა ევროპული თავდაცვის გაძლიერება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაა.
პარიზში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ თავდაცვის მინისტრები დიდი ბრიტანეთიდან (ჯონ ჰილი), საფრანგეთიდან (სებასტიან ლეკორნუ), გერმანიიდან (ბორის ბისტორიუსი), იტალიიდან (გვიდო კროზეტო) და პოლონეთიდან (ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში).
„ჩვენი თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავებით, ხარჯების ზრდითა და ჩვენი კოლექტიური სიძლიერის გაძლიერებით ჩვენ ცხად მესიჯს ვაგზავნით: ჩვენ არ ვიყოყმანებთ უკრაინის გვერდში დგომაში და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვაში", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების მეთაურმა, ჯონ ჰილმა.
11 მარტს პარიზში შეხვედრა გაიმართა 36 ქვეყნის გენერალური შტატების უფროსებს შორის, რომლებმაც უკრაინის მხარდაჭერა და სამომავლო სამშვიდობო შეთანხმებისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა განიხილეს.
შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებდნენ აშშ-ის წარმომადგენლები.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის ვახტანგ მაისაიას აზრით, დღეს ევროპას შეუძლია უკრაინის დახმარება, მათ შორის იარაღის მიწოდების თვალსაზრისით.
„ევროპას უკრაინისთვის პირველ რიგში, შეუძლია ფინანსური დახმარება გაიღოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. მეორეს მხრივ, ევროპას შეუძლია გარკვეულწილად სამხედრო დახმარების გაწევა და ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე ზეწოლის მოხდენა.
ამ მომენტში ევროპას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს სამივე კომპონენტი უზრუნველყოს. ევროკავშირი საკმაოდ ძლიერი გაერთიანებაა, უკვე გლობალური გავლენების ცენტრად იქცევა და ამის რესურსი აქვს. თან მითუმეტეს, მათ კარგად ესმით, რომ რუსეთისგან მოდის სერიოზული საფრთხე და ამ საფრთხის პრევენციისათვის რა თქმა უნდა, ევროპა უნდა გაერთიანდეს. ერთად უფრო კარგად და ეფექტურად მოქმედებენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის აზრით, ევროპას აქვს იმის პოტენციალი, რომ უკრაინას დაეხმაროს.
„ევროპას შეუძლია უზრუნველყოს უკრაინა შეიარაღებით. აქ არის საუბარი მაღალ ტექნოლოგიებზე, მაგალითად საფრანგეთი ფლობს მაღალი ხარისხის თვითმფრინავებს, „მირაჟებს", ასევე, ბრიტანეთის შეიარაღებაშია ტანკი „ჩელენჯერი" და ა.შ. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოტენციალი ევროპისას აღემატება, მათ შორის ბირთვულ სფეროში, თუმცა ამის მიუხედავად, ევროპაში სურვილი გამოითქვა, რომ შეიქმნას დაახლოებით 800 მილიარდი ევროს მოცულობის თავდაცვის ფონდი, რაც ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს სამხედრო დანიშნულების პროდუქცია აწარმოონ.
მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ფაქტობრივად, განზრახულია თავდაცვითი ხარჯების შემცირება. ამ პროცესში სავარაუდოდ, ჩართული იქნება ევროკავშირის ქვეყნების გარდა თურქეთი, რომელიც შეიარაღებით ნატოში მეორე ადგილი უკავია და ასევე, ნორვეგია.
აქედან გამომდინარე, ევროპის ეკონომიკური და მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური პოტენციალი იძლევა იმის პოტენციალს, რომ ევროპის ქვეყნებმა გაზარდონ თავდაცვითი ხარჯები. ამიტომაც შედგა ეს შეხვედრაც", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".