ნატალია ჯვარიძე
18.03.2025

აშშ-ის ოფიციალური პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს მოუწევთ გარკვეული ტერიტორიების დათმობა. ჯერ არ არის ცნობილი, რომელ მიმართულებებზეა საუბარი, თუმცა გარკვეული ცნობები დასავლურ მედიაში უკვე ვრცელდება. ამასთან, საუბარი მიდის ძრითადად უკრაინის შესაძლო ტერიტორიულ დანაკარგებზე და ამ კონტექსტში ზოგიერთი ისეთი ტერიტორიაც განიხილება, რომელიც ამჟამად უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშაა.

ანალიტიკოსებს უჭირთ საუბარი, რისი დათმობა მოუწევთ უკრაინელებს და აღნიშნავენ, რომ თუკი უკრაინამ აღიარა ყირიმის რუსეთის საკუთრებაში გადასვლა, ამას სხვა ტერიტორიებიც მიყვება.

„თუ უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმება იმ ფორმით აღიარა, რაც გულისხმობს ყირიმის რუსეთისთვის გადაცემას, რა თქმა უნდა, მას ყირიმიზე პრეტენზია ვეღარ ექნება. შესაბამისად, პუტინი კიდევ მოინდომებს უკრაინის სხვა ტერიტორიების მთლიანად წართმევას", - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება დათმობებს გულისხმობს.

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის ლიდერია ყველაზე დიდი დაბრკოლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რუბიომ უპასუხა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს საკუთარი შიდა ინტერესები აქვთ.

„წარმოიდგინე, რომ უკრაინელი ხარ, რუსებმა ამდენი ტანჯვა მოგაყენეს და ახლა მათ უფლებას მისცემთ თქვენი მიწები დაიტოვონ? ვგულისხმობ, რომ უკრაინაში ხალხი განაწყენდება ამის გამო და ეს გასაგებია", - აღნიშნა რუბიომ.

ამასთან, მისი თქმით, ამ ომში ორივე მხარე მძიმე ფასს იხდის და როგორც უკრაინა ასევე რუსეთი დაინტერესებულები არიან ომის დასრულებით.

„ეს ომი არ დასრულდება ერთ-ერთი მხარის მიერ მაქსიმალისტური მიზნების მიღწევით და ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობ, მხოლოდ შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობითაა ეს შესაძლებელი. ადვილი არ იქნება და ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ვიცი, რომ მას (ტრამპი) მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამას მიაღწიოს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ყირიმის საკითხი

გამოცემა „სემაფორი" თავის წყარეობზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ფარგლებში აშშ-ის ადმინისტრაცია ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის კუთვნილებად აღიარებასაც განიხილავს. ამავე წყაროს ცნობით, აშშ-მა, შესაძლოა, ანალოგიური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდოს გაეროსაც.

ყირიმი რუსეთის მიერ 2014 წლიდანაა ანექსირებული და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მისი ტერიტორიული კუთვნილების საკითხი დახურულია. მისი თქმით, ნახევარკუნძლის მცხოვრებლებმა „მტკიცე, ცალსახა არჩევანი გააკეთეს - სამუდამოდ იყვნენ რუსეთთან". მან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთ პირობად საერთაშორისო დონეზე ყირიმისა და ე.წ. ახალი რეგიონების რუსეთის ნაწილად აღიარება წამოაყენა.

ვახტანგ მაისაიას აზრით, თუ უკრაინამ ყირიმზე უარი თქვა, რუსეთი სხვა ტერიტორიებსაც მოინდომებს.

„თუ უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმება იმ ფორმით აღიარა, რაც გულისხმობს ყირიმის რუსეთისთვის გადაცემას, რა თქმა უნდა, მას ყირიმიზე პრეტენზია ვეღარ ექნება და ფაქტობრივად, რუსეთი გაამართლებს ყირიმის ანექსიის ფაქტს. შესაბამისად, ის კიდევ მოინდომებს უკრაინის სხვა ტერიტორიების მთლიანად წართმევას.

„პუტინმა ომი დაიწყო ორი ძირითადი მიზნის მისაღწევად - დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია. რაც იმას იმას ნიშნავს, რომ უკრაინამ თავისი არსებობა უნდა შეწყვიტოს და დნეპრის მარჯვენა მხარეს რა ტერიტორიებიცაა, რუსეთის უნდა იყოს, ყირიმზე რომ აღარაფერი ვთქვა, რომელიც ადრე იქნა ანექსირებული.

„არ ვიცი ტრამპს რა მიაჩნია სწორად და რა მოხდება, დაიკარგება თუ არა ყირიმი. თუმცა დღეს თუ ანექსირებულია, ხვალ შეიძლება გათავისუფლდეს, გამორიცხული არაფერია.

„მაგრამ მე ასე მგონია, რომ ტრამპმა, შეიძლება, 1938 წლის მიუნხენის მოვლენები გაიმეროს და ისტორიაში შევიდეს ახალი ჩემბერლენის სახელით. ეს შეთანხმება ითვალისწინებდა ჩეხოსლოვაკიისათვის სუდეტის ოლქისა და მთელი რიგი რაიონების ჩამოცილებას და გერმანიისათვის გადაცემას. ადოლფ ჰიტლერისა და პუტინს შორის დიდი განსხვავება არაა. გეოპოლიტიკური მანია და მადა იდენტურია. მთავარია ახლა ტრამპი ჩემბერლენს არ დაემსგავსოს, თორე პუტინი რაცაა, გასაგებია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

დონეცკის და ლუგანსკის ოლქები

ამ ოლქების ნაწილს, 2014 წლის მოვლენების შემდეგ, ისედაც რუსული ძალები აკონტროლებდნენ. 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ კი რუსებმა ამ მიმართულებით წინ წაიწიეს და ახლა ორივე ოლქი თითქმის მთლიანად მათი კონტროლის ქვეშაა.

როგორც მაისაიამ აღნიშნა, დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე ჯერ კიდევ მიდის საბრძოლო მოქმედებები და უკრაინელები მათზე უარს არ იტყვიან.

„დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები მთლიანად დაკარგული არაა და უკრაინელები დიდ ქალაქებს აკონტროლებენ. საბრძოლო მოქმედებები ჯერჯერობით მიმდინარეობს. რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ყირიმშიც მიდის უკრაინელების შეტევები და ისიც შესულია საბრძოლო მოქმედებების ზონაში", - თქვა მაისაიამ.

ხერსონი და ზაპოროჟიე

ამ ოლქების მნიშნელოვანი ნაწილი ამჟამად უკრაინელთა კონტროლის ქვეშაა, თუმცა ე.წ. რეფერენდუმების საფუძელზე რუსებმა ისინიც თავის საკუთრებად გამოაცხადეს. ვახტანგ მაისაია ეჭვობს, რომ უკრაინამ ხერსონი და ზაპოროჟიე რუსეთს დაუთმოს.

„მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინელები იმ ტერიტორიებს დათმობენ, რომლებიც ჯერ ბოლომდე დაკარგული არაა. თან საკითხავია, დაიდება კი ეს სამშვიდობო შეთანხმება ასეთი პირობით? ვერ გეტყვით უკრაინა წავა თუ არა ამხელა დათმობაზე. თუმცა, როგორც ვთქვი, ეს არის მიუნხენის აქტის განმეორება, ოღონდ 21-ე საუკუნეში. წესით, ჩემბერლენის სტატუსი ტრამპს არ უნდა აწყობდეს. უკრაინელები არ დათმობენ იმ ტერიტორიებს, რომელიც მათ კონტროლქვეშაა", - აღნიშნავს მაისაია.

ოდესა

„ნიუ იორკ თაიმსი" უკრაინელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპმა შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში მხარი დაუჭიროს კრემლის პრეტენზიებს ქალაქ ოდესაზე, რომელიც ამჟამიდნელი ფრონტის ხაზისგან საკმადო შორსაა და უკრაინის კონტროლის ქვეშაა.

პუტინს მიაჩნია, რომ ოდესა ისტორიულად რუსეთს ეკუთვნის და ის „რუსულ ქალაქად" მოიხსენია. პუტინი ამტკიცებდა, რომ ეს ქალაქი შეიძლება გახდეს როგორც „განხეთქილების ვაში, ისე კონფლიქტის მოგვარების სიმბოლოც".

გარდა ამისა, ოდესის ოლქი უშალოდ ესაზღვრება მოლდოვის თვითგამოცხადებულ რეგიონ დნესტრისპირეთს, სადაც რუსული ნაწილები დგანან. რუს სამხედრო მიმომხილველებსაც არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ე.წ. სპეცოპერაციის ერთ-ერთი მიზანი ოდესისკენ გაჭრა და მოლდოვის საზღვრამდე მისვლაა. ამით უკრაინა, ფაქტობრივად, მოწყვეტილი დარჩება შავი ზღვისგან, რუსეთი კი პირდაპირ სახმელეთო კავშირს დაამყარებს მოლდოვის პრორუსულ რეგიონთან.

ვახტანგ მაისაის თქმით, ქალქები ოდესა და ნიკოლაევი საერთოდ არ უნდა შევიდეს პოლიტიკურ ვაჭრობაში.

„ოდესისგან რუსები საკმაოდ შორს არიან. ის უკრაინული პორტია და ისინი აკონტროლებენ. რატომ უნდა შევიდეს ოდესა და ნიკოლაევი, რომლებიც უკრაინას არ დაუთმია ამ სამშვიდობო შეთანხმების ვაჭრობაში, საკვირველია. ვერ გეტყვით ზუსტად რა როგორ იქნება, მაგრამ არ მგონია უკრაინა ასეთ დათმობებზე წავიდეს", - განაცხადა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×