ნატალია ჯვარიძე
19.03.2025

ბელგოროდის ოლქში ვითარება მძიმეა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეღწევის მცდელობები აღკვეთეს.

„თავდაცვის სამინისტროს სამსახურები და სასაზღვრო სამსახურები თავიანთ დავალებებს ასრულებენ. ჩვენი ამოცანა მოსახლეობის უსაფრთხოებაა. კრასნოიარუჟსკის რაიონში ვითარება კვლავ მძიმეა. დაბომბვის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და 4 ადამიანი დაშავდა", - დაწერა გლადკოვმა „ტელეგრამის" არხზე.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, უკრაინელების სამიზნე ახლა ბელგოროდია, რომლის ოკუპაციის შემდეგ რუსები მოლაპარაკებაზე უფრო მეტად წავლენ, ვიდრე ახლა.

„როგორც ჩანს, საუბარია იმაზე, რომ უკრაინელები კურსკის ოქლიდან ბელგოროდისკენ ინაცვლებენ. წინსწრები თავდაცვითი სტრატეგიის გამოყენების ელემენტით უკრაინული შეიარაღებული ძალები ცდილობენ, რომ შეაღწიონ ბელგოროდის ოლქში და შექმნან ისეთივე პლაცდარმი, როგორიც კურსკში ჰქონდათ.

ზოგი თვლის, რომ კურსკსთან დაკავშირებით, რაც უკრაინელებმა გააკეთეს, უაზრო ავანტიურა იყო - მე ამას არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ რუსებს მოუწიათ საკმაოდ სერიოზული კონტინგენტის და დაჯგუფების შექმნა, ასევე ამ ომში მონაწილე ბრძოლისუნარიანი შენაერთების, რაზმების დაახლოებით 40%-ის კურსკის მიმართულებაზე გადასროლა, რამაც ხარისხობრივად დააგდო რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევითი ოპერაციები.

შესაბამისად, ეს იგრძნობდა ფრონტის სხვა მიმართულებებზეც. ასე რომ, ანალოგიური ტიპის სარეიდო ტაქტიკით, რომელსაც უკრაინელები იყენებენ, ცდილობენ გადაიტანონ და შექმნან გრავიტაციის წერტილი უკვე ბელგოროდის მიმართულებით და იქ მოახდინონ კურსკისნაირი ოკუპაცია.

კურსკისგან განსხვავებით, ბელგოროდს მაინც სულ სხვა პოლიტიკური იმიჯი აქვს და ეკონომიკურადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რეგიონია. შესაბამისად, თუ უკრაინელები ბელგოროდში ფეხს მოიკიდებენ, საკმაოდ სერიოზული სილის გაწნა იქნება რუს უკუპანტებისთვის.

ცხადია, თუ ეს ყველაფერი ასე მოხდა, გავლენა ექნება სამშვიდობო შეთანხმებაზე. შესაძლოა რუსებს მოუწიოთ მოლაპარაკებაზე უფრო მეტად წამოსვლა, ვიდრე ახლა მოდიან", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის თქმით, უკრაინელები სადაც სუსტ ადგილებს ნახულობენ, უტევენ.

„მართალი გითხრათ, არ ვიცი ბელგოროდში ზუსტად რა სიტუაციაა, თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინელები სადაც სუსტ ადგილებს ნახულობენ უტევენ. არა მგონია, რომ კურსკის შემდეგ უკრაინელებმა ბელგოროდში შექმნან პლაცდარმი, მაგრამ რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია.

რეალურად ტაქტიკური სიტუაციაა და ამაზე ზუსტი ინფორმაცია არავის აქვს. ბრძოლები ყველგან მიმდინარეობს, თუმცა მნიშვნელოვანი რამე რომ მომხდარიყოს, არ გამიგია. ამიტომ მიჭირს ამაზე კომენტარის გაკეთება, რადგან ტაქტიკურ ვითარებაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×