
11 აპრილი უკრაინის ომთან დაკავშირებული მოვლენების მხრივ განსაკუთრებით დატვიორთული და დაძაბული აღმოჩნდა. პეტერბურგში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. იმავე დღეს ვაშნგტონში მოლაპარაკებების სერია გაიმართა უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის იშვიათი მინერალების საკითხზე, სადაც, „როიტერსის" ცნობით, მტრული ატმოსფერო სუფევდა. დამატებით დაძაბულობა კი კეიტ კელოგის სკანდალურ განცხადებას და შესაბამისი რუკის გამოქვეყნებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა შესაძლოა გაიყოს.
პუტინისა და უიტკოფის საუბარი ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა 11 აპრილის შეხვედრას „პროდუქტიული" უწოდა. ჯერჯერობით, შეხვედრის შესახებ ბევრი დეტალი ცნობილი არ არის.
მეორე დღეს, 12 აპრილს კი რუსებმა უკრაინას „შაჰედის" ტიპის 88 დრონით შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პეტერბურგის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„რუსეთი უნდა ამოძრავდეს. ძალიან ბევრი ხალხი იღუპება, კვირაში ათასობით საშინელ და უაზრო ომში. ომში, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო და არ მოხდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!" - წერს ტრამპი.
შეგახსნებთ, რომ პუტინს თავისი პირობები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით, მზად არის ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის. კერძოდ, უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში, მისი არმიის რაოდენობა უნდა შეიზღუდოს და რუსეთმა უნდა მიიღოს ყირიმის გარდა უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონის (დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე) სრული ტერიტორია და მათი საერთაშრისო აღიარება რუსეთის ნაწილად.
კრემლი მიიჩნევს, რომ ფრონტზე ძლიერი პოზიციები აქვს და მოლაპარაკების დროს უკრაინა დათმობებზე უნდა წავიდეს.
შეერთებული შტატები უიტკოფის მოლაპარაკებებს განიხილავს, როგორც კიდევ ერთ ნაბიჯს, რათა შეწყდეს უკრაინაში ცეცხლი და საბოლოოდ მოგვარდეს პრობლემა. ამის შესახებ განცხადევბა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა პარასკევს გააკეთა.
„პრეზიდენტმა სრულიად მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ კონფლიქტის ორივე მხარის ქმედებებით გამუდმებით იმედგაცრუებულია. მას სურს, რომ ბრძოლა შეწყდეს და ომი დასრულდეს. გვჯერა, რომ სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე გავლენის მოსახდენად ბერკეტები გვაქვს და ჩვენ ამ ბერკეტების გამოყენებას ვაპირებთ", - აღნიშნა ლევიტმა.
ეს რიგით მესამე შეხვედრაა უიტკოფისა და პუტინს შორის მას შემდეგ, რაც მოსკოვმა და ვაშინგტონმა დაიწყეს მუშაობა ურთიერთობის აღდგენისა და უკრაინაში ომის დასრულების გზების პოვნაზე.
შეგახსენებთ, სტივ უიტკოფი პირველი ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც რუსეთში პუტინთან შესახვედრად ჩავიდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის დასაწყისში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ის პირველად კრემლში 2025 წლის მარტში იმყოფებოდა.
როგორც დასავლური მედიები წერენ, ის არის საკვანძო ფიგურა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაახლოების პროცესში.
„დაძაბული ატმოსფერო"
11 აპრილს აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირების შეხვედრამ ვაშინგტონში დაძაბულობის ფონზე ჩაიარა. მთავარი თემა აშშ-ის მიერ უკრაინის მინერალებზე წვდომის საკითხს შეეხებოდა. როგორც „როიტერსი" თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, „ანტაგონისტური" ატმოსფეროს გათვალისწინებით, შეთანხმების დადების პერსპექტივა მცირეა.
"როიტერსის" ცნობით, ვაშინგტონის მოლაპარაკებებში დაძაბულობა ტრამპის ადმინისტრაციის ახალი წინადადების წარდგენის შემდეგ დაიწყო, რომელიც თავდაპირველ ვერსიაზე გაცილებით ვრცელია.
„მოლაპარაკების გარემო ძალიან ანტაგონისტურია", - განუცხადა წყარომ „გამოცემას".
შეთანხმების პროექტის ბოლო ვერსია აშშ-ს მისცემს პრივილეგირებულ წვდომას უკრაინის მინერალების საბადოებზე და კიევს მოსთხოვს, ერთობლივ საინვესტიციო ფონდში განათავსოს ყველა შემოსავალი, რომელიც უკრაინის სახელმწიფო და კერძო ფირმებმა ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციიდან მიიღეს.
თუმცა, ხაზგასასმელია, რომ შემოთავაზებული შეთანხმება კიევს აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებს არ აძლევს.
წყაროს განცხადებით, დოკუმენტში კიდევ ერთი მოთხოვნა იყო - აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას ხელში აეღო კონტროლი ბუნებრივი აირის მილსადენზე, რომელიც რუსული „გაზპრომიდან" უკრაინის გავლით ევროპაში გადის.
უკრაინის პრეზიდენტმა ოთხშაბათს ხაზგასმით განაცხადა, რომ წიაღისეულის შეთანხმება უნდა იყოს მომგებიანი ორივე ქვეყნისთვის და თან ისე სტრუქტურირებული, რომ ხელი შეუწყოს უკრაინის მოდერნიზაციას.
„უკრაინა შეიძლება გაიყოს"
აშშ-ის პრეზიდეტის, კით კელოგის ინტერვიუს, რომელიც ბრიუტანულ „თაიმსში" 11 აპრილს გამოქვეყნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინა შეიძლება გაიყოს.
ყოფილმა სამხედრომ, გენერალ-ლეიტენანტმა კელოგმა ინტერვიუში ვარაუდი გამოთქვა, რომ არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ შესაძლებელია 18-მილიანი ბუფერული ზონა შეიქმნას.
კელოგის თქმით, ბრიტანული და ფრანგული ძალები განლაგდებიან მდინარე დნიპროს დასავლეთით, რომელიც ორად ყოფს ქვეყანას:
„მდინარე იქნება „ძირითადი დაბრკოლება" სხვადასხვა ძალას შორის".
კელოგი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება გახდეს სადემარკაციო ხაზი უკრაინის აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებს შორის. მისი თქმით, უკრაინის დასავლეთ ტერიტორიებს ფრანგული და ბრიტანული ჯარები გააკონტროლებენ, ხოლო რუსეთის არმია - ოკუპირებულ აღმოსავლეთს. მათ შორის კი იქნებიან უკრაინული ჯარები და დემილიტარიზებული ზონა.
თუმცა, მოგვიანებით კელოგმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებები „თაიმსმა" არასწორად გააშუქა:
„თაიმსის" სტატიაში ჩემი სიტყვები არასწორად არის გადმოცემული. მე ვსაუბრობდი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინის სუვერენიტეტის მხარდამჭერ სამშვიდობო ძალებზე. დაყოფის შესახებ საუბრისას ვგულისხმობდი მოკავშირე ძალების (აშშ-ის ჯარების გარეშე) პასუხისმგებლობის ზონებს. მე უკრაინის დაყოფას არ ვგულისხმობდი", - წერს კელოგი.