ნატალია ჯვარიძე
14.04.2025

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში იწვევს იმისთვის, რომ დაინახოს რუსეთის ქმედებები. როგორც მან თქვა, ტრამპი რუსეთის კი არა, უკრაინის მხარეს უნდა იყოს.

„ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას. თუმცა, გთხოვთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებამდე, მოლაპარაკებების ნებისმიერ გეგმამდე, მობრძანდით და ნახეთ დაღუპული ადამიანები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯარისკაცები, ბავშვები, დანგრეული საავადმყოფოები, ეკლესიები", - განაცხადა ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ დონალდ ტრამპი მიხვდება, რა ჩაიდინა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. „მოდით, შეხედეთ და შემდეგ ვიმუშაოთ გეგმით, თუ როგორ დავასრულოთ ომი. მიხვდებით, ვისთან გაქვს გარიგება. მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი უკრაინის მხარეს უნდა იყოს და არასწორად მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს ნეიტრალურობა სურს. „პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ძლიერი ქვეყნის ძლიერი პრეზიდენტი, უკრაინის მხარეს უნდა იყოს. ვფიქრობ, არასწორია, რომ ამერიკას ნეიტრალიტეტი სურს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებში რუსული ნარატივები ჭარბობს. „სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ აშშ-ში რუსული ნარატივები ჭარბობს. როგორ შეიძლება, რომ ჩვენი დანაკარგებისა და ტანჯვის მოწმე იყო, გაიგო, რას აკეთებენ რუსები და მაინც გჯეროდეს, რომ ისინი არ არიან აგრესორები, რომ მათ არ დაიწყეს ეს ომი? ეს ამერიკაზე, აშშ-ის პოლიტიკასა და ამერიკელ პოლიტიკოსებზე რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკის უზარმაზარ გავლენაზე მეტყველებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპმა მწუხარება გამოთქვა უკრაინაში მომხდარ ამბავზე და განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ სუმზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა საშინელება იყო.

„ვფიქრობ, საშინელება იყო. მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა. ვფიქრობ, მთელი ომი საშინელებაა. ვფიქრობ, რომ ამ ომის დაწყება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. ეს ქვეყანა არასდროს დაუშვებდა ამ ომის დაწყებას, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ომი სირცხვილია", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

როდესაც სთხოვეს განემარტა, თუ რას გულისხმობდა „შეცდომაში", ტრამპმა უპასუხა: „მათ შეცდომა დაუშვეს, მათ ჰკითხეთ".

ამასთან, მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში კვლავ ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. „გახსოვდეთ ეს: ეს ბაიდენის ომია. მე უბრალოდ ვცდილობ მის შეჩერებას, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ", - აღნიშნა ტრამპმა.

რუსებმა გუშინ უკრაინის ქალაქ სუმს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი და 117 - დაშავდა.

რუსეთის შეტევას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეხმაურება და „იქსზე" წერს: „ეს არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, თუ რატომ ხარჯავს პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამდენ დროსა და ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად", - წერს რუბიო.

საერთაშორისო ურთერთობის ექსპერტის კორნელი კაკაჩიას შეფასებით, რუსეთი ცდილობს დაანახოს ყველას, რომ ომს იგებს. მისივე თქმით, ტრამპისთვის დიდად მნიშვნელოვანი უკრაინის საკითხი არაა.

„ამ გაძლიერებული შეტევებით პუტინის მიზანია მისი მოთხოვნების მაქსიმალიზაცია, ანუ მას სურს მისი მოთხოვნების მაქსიმუმამდე აყვანა. პუტინს უნდა დასავლეთი დააფიქროს ამ კონფლიქტის მოგვარების რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაზე. ასევე, პუტინი ცდილობს უკრაინელებს და მსოფლიოს დაანახოს, რომ ამ ომის მოგება რუსეთს შეუძლია.

„აქედან გამომდინარე ის უკან არაფერზე დაიხევს. ტრამპის ადმინისტრაციისთვის მგონი უკრაინის საკითხი არ არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც იძახის. უბრალოდ მას სურს, ნებისმიერ ფასად ომის შეჩერება. აქედან გამომდინარე, ტრამპის მიზანი არ არის მაინც და მაინც უკრაინის დახმარება. მითუმეტეს ვიცით, რომ ის დახმარება, რასაც აშშ უკრაინას უწევს, უკრაინისთვის საკმარისი არაა და ეს ომში რაღაც გარდატეხას ვერ მოახდენს.

„ახალი ადმინისტრაცია კი უკრაინის წარმატების საკითხს ეჭვის თვალით უყურებს. სამშვიდობო პროცესი არის, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინი ამის მზადყოფნას არ ავლენს და სწორედ ამიტომ არის, რომ შეტევები გრძელდება. როგორც ჩანს, მას არ სურს უკრაინის პირობების დამკაყოფილება.

„რუსეთის პირობებს რასაკვირველია, დასავლეთი და ნატოს წევრი ქვეყნები არ ეთანხმებიან, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა. ტრამპის იმედი, რომ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებაზე წავიდოდა, ჯერჯერობით არ დასტურდება და ამიტომაც არის ეს პროცესი ასე გაწელილი",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×