ნატალია ჯვარიძე
14.04.2025

გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის „ტაურუსის" ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას. მისი თქმით, ეს მიწოდება გერმანიის ევროპელ პარტნიორებთან უნდა იყოს კოორდინირებული. „ყოველთვის ვამბობდი, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით", - ციტირებს მედია მერცს.

მისი თქმით, ცალკეული ქვეყნები, მათ შორის ევროპული ქვეყნები, უკვე ამარაგებენ კიევს ფრთოსანი რაკეტებით. „ამას აკეთებენ ბრიტანელები, ფრანგები, ამერიკელები", - განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ მიწოდებაზე შეთანხმება უნდა მოხდეს და თუ ეს მოხდება, „გერმანიამ მათში მონაწილეობა უნდა მიიღოს".

მისი თქმით, უკრაინის არმიას თავდაცვიდან გამოსვლა სჭირდება.

„სამი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ რეაგირება შეეძლოთ, მაგრამ დროა, მათ შეძლონ იმის ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რა ხდება", - აღნიშნა მერცმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის ვახტანგ მაისაიას თქმით, „ტაურუსი" ზუსტი დამიზნების სარაკეტო სისტემაა, რომელიც უკრაინელებს ძალიან დაეხმარებათ.

„ტაურუსი" ზუსტი დამიზნების სარაკეტო კომპლექსია, შეიძლება ვთქვათ, რომ ის მიეკუთვნება ჭკვიანი ტიპის იარაღს. ეს იგივე ვარიანტია, რაც ამერიკული „ატაკამსის" ტიპის იარაღი, რომელიც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, რომელსაც უკრაინელები იყენებდნენ.

„ასე რომ, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ამ იარაღის მიწოდება და ძალიან გამოადგებათ ამ აგრესიის მოგერიების მიზნით. იმის მერე, რაც რუსეთმა უმძიმესი დანაშაული „ბუჩა 2" ჩაიდინა, გერმანია ყველა ვარიანტში გადასცემს ამ შეიარაღებას.

„მათ გუშინ მოახდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის უმოწყალო დაბომბვა. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ბირთვული ტრიადის კომპონენტი, რომელიც ყველაფერს სცდება. ეს არის ბარბაროსობა და არ ვიცი ეს როგორ შეფასდება. მე არ ვიცი რას უყურებენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები და რატომ არ უსამძიმრებენ უკრაინელებს ამ უმძიმეს ტრაგედიას.

„გერმანიის გარდა, სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაციაც გარკვეულწილად გააკეთებს შესაბამის კორექტირებას და რაღაც ნაბიჯებიც გადაიდგმევა. მე ვფიქრობ, რომ ის რუსულ-უკრაინული მოლაპარაკება, რომელიც სტამბულში მიმდინარეობს, შესაძლოა ჩაიშალოს. აშკარაა, რომ პუტინს არანაირ მოლაპარაკებაზე წასვლა არ უნდა. „ბუჩა 2"-ის გუშინდელი ტრაგედია ამის პირდაპირი მანიშნებელია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსოს, ლაშა ბერიძის თქმით, „უკრაინელებს „ტაურუსის" ტიპის ანალოგები აქვთ, თუმცა, ეს ცოტა სხვაა. გერმანია აქამდე მხარს არ უჭერდა, მაგრამ ახლა მისი მხრიდან დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.უნდა ველოდოთ, რომ გერმანია მიაწვდის აღნიშნულ იარაღს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×