
ინდოეთსა და პაკისტანს შორის შეტაკებები გრძელდება. ქაშმირის სადავო ტერიტორიაზე ორი ბირთვული სახელმწიფო დრონების გამოყენებით აქტიურ თავდასხმებს ახორციელებს. ანალიტიკოსები არსებულ ვითარებაზე ამბობენ, რომ მდგომარეობა დაძაბულია, თუმცა მასშტაბურ ომში გადაზრდა ნაკლებად მოსალოდნელია.
როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, მოსალოდნელი არ არის, რომ ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებამ, რუსეთ-უკრაინის ომის, ან მასზე დიდი კონფლიქტის სახე მიიღოს, რადგან არცერთი ქვეყანა ამისთვის მზად არაა.
„ეჭვი მეპარება, რომ ეს კონფლიქტი გავიდეს კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე, დაბალი ინტენსივობის კონფლიქტის ფარგლებს ალბათ არ გასცდება, რადგან ასეთი მაგალითები ადრეც იყო და მხარეები დიდ კონფლიქტს არ დაუშვებენ. ინდოეთ-პაკისტანმა უბრალოდ ძალები მოსინჯეს, ახალი შეიარაღება დატესტეს და ეს უფრო არის დაზვრევა ბრძოლით, ვიდრე რაიმე გლობალური საომარი მოქმედებების დაწყების პრელუდია, რადგან არცერთი ქვეყანა გლობალური, ლოკალური და სახელმწიფოთაშორისო ომის დაწყებისთვის ნამდვილად მზად არ არის.
„ეს არის ძალის დემონსტრირების მომენტი და საკუთარი მოდერნიზირებული შეიარაღებული ძალების წარმოჩენა ამა თუ იმ ფორმით. არ მგონია, რომ ამან ისეთი ფართომასშტაბიანი ომის სახე მიიღოს, როგორც რუსეთ-უკრაინის დონეზეა. პაკისტანის განცხადება, რომ პასუხს გასცემს ინდოეთს, არის უბრალოდ საომარი რიტორიკა, რომელიც უფრო ფსიქოლოგიური-საინფორმაციო ომის ნაწილია.
„ახლა იტუაცია ცოტა ჩაწყნარებულია, ამ ეტაპზე მხარეები იყენებენ დრონების ომის პრინციპს. ჯერჯერობით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არის მხოლოდ ლოკალური ტიპის შეტაკებები ჯამუსა და ქაშმირის მაღალმთიან რეგიონში",- განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".
ჯიპას პროფესორი, გიორგი კობერიძე წერს, რომ „ახლა ორივე მხარე სახის შენარჩუნებას ცდილობს და თავის მოსახლეობას ისე აჩვენებს, თითქოს ნაბიჯის დათმობას არ აპირებს".
„ამასობაში სადავო ქაშმირის ტერიტორიაზე ინდოეთსა და პაკისტანს შორის შეტაკებები გრძელდება, რომლის კონტროლსაც სამი ქვეყანა ახორციელებს - ინდოეთი, პაკისტანი და ჩინეთი. ორივე მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს დონების გამოყენება. 2020 წლის „ეკონომისტის" ანალიზში ტყუილად არ იყო ხაზგასმა დრონების, როგორც მომავალი ომების განუყოფელი იარაღის შესახებ.
„ახლა ორივე მხარე სახის შენარჩუნებას ცდილობს და თავის მოსახლეობას ისე აჩვენებს, თითქოს ნაბიჯის დათმობას არ აპირებს, ეს კი ქმედებაზე ქმედებას გულისხმობს. ამასთან, გლობალური ინტერესები უბრალო არ არის - ჩინეთი პაკისტანის მხარეს იჭერდა ირიბად, ხოლო რუსეთი - ინდოეთის. მაგრამ მიმდინარე ესკალაციის პირობებში ორივე ერიდება ნეიტრალური პოზიციიდან გადახვევას.
„სიტუაცია არაპროგნოზირებადია. ქაშმირის გარდა შეტაკებების საფრთხეა უშუალოდ ორი ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზეც. ორივე ქვეყანას საავადმყოფოები მომზადებული აქვს, ხოლო სამხედრო ნაწილების მობილიზაცია გრძელდება.
„აშშ-მ არამხოლოდ ნეიტრალური პოზიციის დაჭერა ამჯობინა, არამედ მოცემულ ვითარებაში გვერდზე განდგომაც.
„გრძელვადიანად, სრულმასშტაბიანი ომი ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ ღამის საათების შეტაკებები თავისთავად საფრთხის შემცველია.
„რეგიონში ქაშმირი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, მისი წყლის რესურსების სიმრავლიდან გამომდინარე", - წერს კობერიძე.
ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 7 მაისის ღამეს ინდოეთმა პაკისტანსა და სადაო ქაშმირის ტერიტორიაზე მიიტანა იერიში, ინდოეთის შს სამინისტროს თქმით, ოპერაცია „სინდური" არის პასუხი იდოელ ტურისტებზე 22 აპრილს ქაშმირში მომხდარი თავდასხმისა, თავის მხრივ პაკისტანი იტოვებს უფლებას მის მიერ არჩეულ დროს, ადგილსა და ფორმით საპასუხო მოქმედებები განახორციელოს.
პაკისტანის პრემიერის ოფისის განცხადებით, ინდოეთი საპასუხო ქმედებას უნდა ელოდოს.
„გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, პაკისტანი იტოვებს უფლებას, თავდაცვის მიზნით, მის მიერ არჩეულ დროს, ადგილსა და ფორმით უდანაშაულო პაკისტანელების დაღუპვისა და ქვეყნის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევის გამო შური იძიოს", - ნათქვამია განცხადებაში.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის ოფისის განცხადებით, გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, სადაც „ინდოეთის მიერ ჩადენილი არაპროვოცირებული, ლაჩრული და უკანონო ომის აქტის შედეგად განვითარებული მოვლენები განიხილეს".
„2025 წლის 6/7 მაისის ღამეს, ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა პაკისტანის სუვერენულ ტერიტორიაზე კოორდინირებული დარტყმები განახორციელეს. ამ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმების სამიზნე, წარმოსახვითი ტერორისტული ბანაკების არსებობის ცრუ საბაბით, სამოქალაქო ადგილები იყო", - აღნიშნულია განცხადებაში.
პაკისტანის სამხედრო ძალები, მათ მიერ განადგურებული ინდოეთის კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავების შესახებ ავრცელებს ცნობებს. პაკისტანის არმიის პრესსპიკერმა აჰმედ შარიფ ჩოუდჰარიმ "როიტერზთან" განაცხადა, რომ ჩამოგდებულია ფრანგული წარმოების „რაფალის" ტიპის სამი თვითმფრინავი და რუსული მოიერიშეები სუ-30 და მიგ-29.
რაც შეეხება ინდოეთის ოფიციალურ განმარტებებს, შინაგან საქმეთა მინისტრი, ამიტ შაჰი წერს, რომ ოპერაცია „სინდური" არის პასუხი „უდანაშაულო ძმების სასტიკ მკვლელობაზე".
„ვამაყობ ჩვენი შეიარაღებული ძალებით, ოპერაცია „სინდური" არის პასუხი პაჰალგამში ჩვენი უდანაშაულო ძმების სასტიკ მკვლელობაზე. [ნარენდრა] მოდის მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სათანადო პასუხი გასცეს ინდოეთსა და მის მოსახლეობაზე ნებისმიერ თავდასხმას. ბჰარატი ტერორიზმის ფესვებიდან აღმოფხვრის მიმართ მტკიცე ერთგული რჩება", - წერს ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.
პაჰალგამი მდებარეობს ქაშმირის ოლქში, ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადავო ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად ინდოეთი აკონტროლებს. 22 აპრილს ქალაქ პაჰალგამში შეიარაღებულმა პირებმა 26 ადამიანი, ძირითადად, ტურისტები დახოცეს. ინდოეთმა მომხდართან კავშირში დაადანაშაულა პაკისტანი. პაკისტანმა ბრალდება უარყო და დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვა.