
დონალდ ტრამპი ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში კი დამატებითი სანქციებით იმუქრება. თავის მხრივ, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, საუბრისას ტრამპს დაუდასტურა, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა. კრემლს საპასუხო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ევროპელი ლიდერები მისეალმებიან ტრამპის "მტკიცე მოწოდებას" 30-დღიან ზავზე. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, თუ რუსეთი უარს იტყვის, "ევროპა, შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით, მტკიცედ უპასუხებს".
ვლადიმერ პუტინმა კი 9 მაისს აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "მთელი რუსეთი მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილოეებს". ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს მოცემულობა მეტყველებს იმაზე, რომ ტრამპის ეს ინიციატივაც ინიციატივად დარჩება - რუსეთი არ დათანხმდება 30-დღიან ზავს, ამასობაში შესაძლოა ამერიკამ შუამავლის როლი დატოვოს და არაა გამორიცხული, რომ ამ პროცესში თურქეთი და ჩინეთი შემოვიდნენ.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა "ფოქს ნიუსთან" განაცხადა, რომ თუ რუსეთი მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად არ მიუდგება მოლაპარაკებებს, ამერიკა შუამავლის როლიდან გავა, რაც კიევისთვისაც და მოსკოვისთვისაც რთული იქნება.
„დიახ, ჩვენ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს დავტოვებთ...ეს ნიშნავს, რომ რუსეთიც და უკრაინაც მარტონი დარჩებიან, შეერთებული შტატების რჩევისა და შუამავლობის გარეშე", - აცხადებს ვენსი. მისი თქმით, რუსეთი ზედმეტად ბევრს ითხოვს მოლაპარაკებების პროცესში უკრაინისგან.
„ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი მოითხოვდა ზედმეტად ბევრს, რადგან ფიქრობენ, რომ იმარჯვებენ. რა თქმა უნდა, უკრაინელებს სურთ ზავის მიღწევა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე თვე მათთვის არ იყო მარტივი. ჩვენი პოზიცია ისაა, რომ არ გვსურს უკრაინის მარცხი. გვსურს, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოდ, მაგრამ რუსეთი არ შეიძლება ელოდოს, რომ მას გადასცემენ ტერიტორიას, რომელიც ჯერ არც კი დაუპყრია. სწორედ ამას გვთავაზობდა ის თავდაპირველ სამშვიდობო გეგმაში," - განაცხადა ვენსმა.
როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ეს ტრამპის ბოლო შანსია.
„ეს ტრამპის ბოლო შანსია დაარწმუნს პუტინი, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე ხელი მოაწეროს, ალბათ პუტინი ისევ კატეგორიულ უარს იტყვის, თან ის ამერიკის ახალ ადმინისტრაციისგან კეთილი ნების გამოხატვას და მხარდაჭერას მოელოდა, ასევე 9 მაისის ღონისძიებაზე ტრამპის ჩასვლას, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა დემონსტრაციულად გამარჯვების დღედ 8 მაისი გამოაცხადა. ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ბოლო დროს სხვანაირი რიტორიკა წამოვიდა, რაც რუსეთისთვის სერიოზულ პრობლემებს აჩენს. ტრამპი ცოტა ექსტრავაგანტული ადამიანია, მაქსიმალისტია და ყველანაირად ცდილობს, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში ყველაფერი შეასრულოს და რუსეთის მიმართ წინა რიტორიკაც დიდი ალბათობით ამას უკავშირდებოდა.
„პუტინი ამ ზავზე არ წამოვა და ეს დაპირებაც დარჩება დაპირებად ტრამპის მხრიდან. პუტინი ახლა გამწარებულია და მან 9 მაისს ფაქტიურად დემარში გაუკეთა ამერიკელებს როცა განაცხადა, რომ ნაციზმზე გამარჯვებასთან დაკავშირებით არავინაა საბჭოთა კავშირეზე წინო. თან დემონსტრაციულად სი ძინპინთან გამართა შეხვედრა, სადაც სტრატეგიულ მეგობრობაზე ისაუბრეს, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა აშშ-ს პოზიციები. მე მგონი ტრამპსა და პუტინს შორის შავმა კატამ გაირბინა და ამერიკა და რუსეთი ვერავითარ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
„ტრამპი უბრალოდ დაანებებს ყოველგვარ დაზავებაზე და ხელშეკრულებებზე საუბარს და ოფიციალურად დაუჭერს მხარს უკრაინას, ეს იყო მისი ადმინისტრაციის მესიჯი. თუ ამერიკელები მოლაპარაკებების პროცესიდან გავლენ, არ გამოვრიცხავ, რომ შუამავლობის ვარიანტში თურქეთმა გადადგას ნაბიჯი, ასევე შესაძლოა ჩინეთმაც, ადრეც ჰქნდა მას სამშვიდობო გეგმა და ალბათ ახლაც სი ძინპინის მოსკოვში ჩასვლაც ამის გამოხატულება იყო, რომ შესაძლოა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინას შორის და ამერიკას ეს ინიციატვა მთლიანად წაართვას პეკინმა. რაც შეეხება თურქეთს, ალბათ მას უფრო შავი ზღვის აუზის ამოცანა აქვს მხედველობაში, ვიდრე გლობალური და საერთაშორისო. ერდოღანს ჯერ ამის თავიც არ გააჩნია, რადგან პრობლემები აქვს თავის ქვეყანაში, იქ პაკისტან-ინდოეთის ომია და ანკარა პაკისტანის მოკავშირეა, ახლა თურქეთს უკრაინისთვის არ სცხელა და თუ შუამავლად ჩაერთვება, უფრო შავი ზღვის აუზზე ექნება კონცენტრირება, ჩინეთი კი ჩაერთვება, როგრც გლობალური აქტორი",- თქვა მაისაიამ.
დონალდ ტრამპმა ზელენსკისთნ სატელეფონო საუბრის მერე საკუთარ სოცქსელში დაწერა, რომ რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება, აშშ, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.
„მისაღები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცული იქნება და ორივე ქვეყანა პასუხისმგებელია ამ პირდაპირი მოლაპარაკებების დაურღვევლობის პატივისცემაზე", - წერს ტრამპი.
მისი მტკიცებით, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დაიცავენ, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ.
„ყოველკვირეულად ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება და ყველას უნდა სურდეს, რომ ეს შეწყდეს. მეც ასე ვფიქრობ და ამერიკის შეერთებული შტატებიც ასე ფიქრობს. როგორც პრეზიდენტი, მე, ევროპელებთან ერთად, ერთგული დავრჩები რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართ და ეს იქნება ხანგრძლივი მშვიდობა! ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმებამდე უნდა მიგვიყვანოს. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება გაკეთდეს და თუ ჩემი სამსახური საჭირო გახდება, ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვიქნები", - წერს ტრამპი.