ნატალია ჯვარიძე
22.05.2025

რუსეთსა და უკრაინას შორის ფაქტობრივად ჩავარდნილი მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ ომს იგებს და ამიტომ დასრულება არ სურს. ჯერჯერობით უცნობია, რა იქნება ტრამპის პოზიცია, ვინაიდან ადრე იქადნებოდა, რომ თუკი რუსეთი უარს იტყოდა ცეცხლის შეწყვეტაზე, დამანგრეველ საქნციებს დაუწესებდა.

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიასთვის გაუგებარია, რას ეფუძნება პუტინის ეს პოზიცია, რადგან რუსული ჯარის მდგომარეობა, მისი მტკიცებით, არც ისე სახარბიელოა. „სახარბიელო ნამდვილად არ არის. ისინი წინ ვერ მიიწევენ და ვერ ახორციელებენ იმ ოთხი რეგიონის ოკუპირებას. ფაქტობრივად, მათ შავი ზღვის სანაპიროს მიმართულებითაც ვერ წაიწიეს წინ. მგონი, ახლა ტრამპი აპირებს შეიმუშაოს და ჩამოაყალიბოს ასეთი ვითარების სცენარის სტრატეგია", - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა „რეზონანსთან".

„უოლ სტრიტ ჯორნალი" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, პუტინს ომის დასრულება არ სურს, რადგან მიაჩნია, რომ იმარჯვებსო.

ტრამპმა ორშაბათს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ზელენსკის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, იტალიის პრემიერ ჯორჯია მელონისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს განუცხადა, რომ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება არ სურს.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს ვლადიმერ პუტინთან საუბრამდე ერთი დღით ადრეც ესაუბრა, თუმცა მაშინ აღნიშნა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ომის დასრულებაზე უარს იტყოდა, შეიძლება სანქციები დაეწესებინა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „გარკვეულ პროგრესს მიაღწია".

„ახლახან დავასრულე ორსაათიანი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და, რაც მთავარია, ომის დასასრულებლად", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ პუტინს ომის დასრულება არ უნდა, რადგან პირიქით, იცის, რომ აგებს.

„რუსული ჯარის მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. ისინი წინ ვერ მიიწევენ და ვერ ახორციელებენ იმ ოთხი რეგიონის ოკუპირებას. ფაქტობრივად, მათ შავი ზღვის სანაპიროს მიმართულებითაც ვერ წაიწიეს წინ. პრინციპში, ისინი გაჭიანურებული ომის ფაზაში არიან. ამიტომ პუტინის ეს განცხადება, რომ თითქოს ომს იგებენ, ძალიან უცნაურია. როგორც ჩანს, ის ფსიქოლოგიურ პიარზე მუშაობს. ეს საინფორმაციო სამოქალაქო ომის ნაირსახეობაა.

„მე მიკვირს საიდან მოდის ასეთი რეალური ინდიკაცია. სავარაუდოდ, პუტინმა ტრამპი დაარწმუნა, რომ ასეა. თუმცა არა მგონია ეს ტრამპმა დაიჯეროს. მგონი პირიქითაა, ომი იმიტომ სურს, რომ ვერ იგებს. ასე რომ არ იყოს, თავისუფლად დაასრულებდა. ყოველ შემთხვევაში, უკრაინას ოთხ რეგიონს წაართმევდა, და დამატებით შავი ზღვის აუზის იმ მონაკვეთს, რაც, მოსკოვი თვლის, რომ რუსული ტერიტორიებია - ოდესა, ნიკოლაევი, ხერსონი. ტრამპმა დაადასტურა, რომ პუტინს დაზავება არ სურს, ვინაიდან შედეგს ვერ მიაღწია და შესაძლოა ამის გამო მისმა ელიტამ გადააყენოს. ასე რომ, ეს იქნება პუტინის დასასრულის დასაწყისი", - აღნიშნა მაისაიამ.

ფიქრობს, რომ ტრამპს ახლა დრო სჭირდება, რათა ახალი სტრატეგია შეიმუშაოს.

„ალბათ ივნისის ბოლოს გამოჩნდება ტრამპის პოზიცია რუსეთის მიმართ, ანუ მაშინ, როცა ჩამოყალიბდება. მგონი ახლა უკვე აპირებს შეიმუშაოს და ჩამოაყალიბოს ასეთი სცენარის სტრატეგია. როგორც ჩანს, ეს გათვლილი არ ჰქონდა. ეგონა, რომ მოსკოვი და კიევი დაზავდებოდნენ და სწორედ დაზავების შემდგომი სცენარზე ჰქონდა ნაფიქრი. ამიტომ ახლა აშშ-ს პრეზიდენტს დრო სჭირდება, სულ მცირე ერთი თვე, რადგან სიტუაცია სწორად გაანალიზოს და შემდეგ მიიღებს კონკრეტულ ზომებს. მგონი ასე იქნება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×