ნატალია ჯვარიძე
23.05.2025

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახალი გეგმა გააჟღერა, რაც გულისხმობს უკრაინის საზღვარზე „ბუფერული ზონის" შექმნას. ჯერჯერობით უცნობია, რა ტერიტორიებს გულისხმობს პუტინის აზრით ეს ზონა. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ ეს იქნება ერთგვარი უსაფრთხოების ბალიში, რომელიც სავარაუდოდ, სუმისა და ხარკოვის ოლქების ტერიტორიებზე განთავსდება.

„პუტინის იდეით, ბუფერული ზონა უნდა იყოს სუმის რეგიონი და ასევე, გარკვეულწილად ხარკოვის რაიონის ნაწილი, ანუ ის ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ რუსეთს ებჯინება, რადგან უკრაინელებმა არ მოახდინონ კურსკის ანალოგიური ტიპის სამხედრო კამპანიის განხორციელება", - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვლადიმირ პუტინის განცხადებებს რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

„უკვე ვთქვი, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული საზღვრის სიგრძეზე აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნაზე. ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა ასრულებენ ამ ამოცანას, აქტიურად ახშობენ მოწინააღმდეგის ცეცხლს, სამუშაო მიმდინარეობს", - თქვა პუტინმა.

ამაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ახალი აგრესიული განცხადებები აშკარად უარყოფს სამშვიდობო მცდელობებს. მისი თქმით, ომის დასასრულებლად ვლადიმერ პუტინზე მეტი ზეწოლაა საჭირო.

„მსოფლიოს შევახსენებ, რომ პუტინის განცხადებები ბუფერული ზონის შესახებ სრული და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის, მკვლელობების შეჩერებისა და მშვიდობის ხელშეწყობის აქტიური მცდელობების ფონზე გაკეთდა", - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

ვახტანგ მაისიას ვარაუდით, აღნიშნული ზონის შექმნის მიზანია ის, რომ უკრაინელებმა კურსკის ანალოგიური ტიპის სამხედრო კამპანია არ განახორციელონ.

„პუტინის იდეით, „ბუფერული ზონა" უნდა იყოს სუმის რეგიონი და ასევე, გარკვეულწილად ხარკოვის რაიონის ნაწილი, ანუ ის ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ რუსეთს ებჯინება, რადგან უკრაინელებმა არ მოახდინონ კურსკის ანალოგიური ტიპის სამხედრო კამპანიის განხორციელება. ეს მისი მოსაზრებით, როგორც იტყვიან. ეს არის ე.წ. უსაფრთხოების ბალიშის შექმნა. ჯერჯერობით უკრაინელების ერთადერთი პოზიცია არის ის, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დათმონ. ამიტომ დიდი ალბათობა არის იმის, რომ კურსკის ანალოგი გაიმეორონ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ევროპული კვლევების დირექტორის კახა გოგოლაშვილის შეფასებით, რუსეთის მიერ „ბუფერული ზონების" შექმნა ძალიან სახიფათოა.

„პირველ რიგში, პუტინი ამით ცდილობს, რომ უცხოური შეიარაღებული ძალები არ განლაგდეს უკრაინაში. სავარაუდოდ, მას უნდა ზონა შეიქმნას, სადაც არ იქნება არანაირი არმია, ყოველშემთხვევაში უცხოური ნამდვილად არა. ის ასევე ცდილობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აუკრძალოს რუსეთის საზღვრებთან ყოფნა, ან იმ ტერიტორიებთან , რომელიც დაიპყრო. პრაქტიკულად, პუტინი ფიქრობს, რომ ამ „ბუფერულ ზონას" შექმნის უკრაინაში, თანაც იმ ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს. მე მგონია, რომ თუ ვთქვათ, ასეთი „ბუფერული ზონა" შეიქმნება მაგალითად იმ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა რუსეთმა დაიპყრო, ანუ რუსეთი იქიდან თავის ჯარებს გაიყვანს და ეს იქნება უკრაინისთვის მისაღები. ჩვენთან, აფხაზეთის შემთხვევაში მოხდა, როცა საქართველომ თავისი ჯარები უკან დახია. პრაქტიკულად, სოხუმიდან ჯარი გაიყვანეს და დაეცა კიდეც. რუსეთთან ასეთი „ბუფერული ზონების" შექმნა და ჯარების გაყვანა, ძალიან სახიფათოა.

ჯერ ეს გეგმა დეტალურად ჩამოყალიბებული არ არის, თუ რას გულისხმობს „ბუფერული ზონა". ეს გეგმა რომ ჩამოყალიბდება, შემდეგ აჩვენებს ამერიკა თავის პოზიციას. თუმცა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინამ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×