
უკრაინამ და რუსეთმა კვირას დაასრულეს სტამბოლის შეთანხმებით გათვალისწინებული მასშტაბური ტყვეთა გაცვლის პროცესი. რაც შეეხება სამშვიდობო მემორანდუმს, კრემლში აცხადებენ, რომ მასზე მუშაობა დასკვნით სტადიაზეა და უახლოეს დღეებში წარმოადგენენ თავის ვერსიას. ამის პარალელურად კი უკრაინის ქალაქებზე რუსების საჰაერო დარტყმები სულ უფრო მასშტაბური და დამანგრეველი ხდება.
24 მაისს კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში განხორციელდა - რუსეთმა ათობით დრონი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რასაც 15 ადამიანის დაშავება და საცხოვრებელი კორპუსების დაზიანება მოჰყვა.
შაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ ეს უკრაინისთვის „რთული ღამე“ იყო და მსოფლიოს ახალი საერთაშორისო სანქციებისკენ მოუწოდა, რათა მოსკოვზე ზეწოლა გაიზარდოს და ცეცხლი შეწყდეს.
24 მაისს გამთენიისას კიევის თავზე დიდი რაოდენობით დრონები გამოჩნდა და ქალაქი აფეთქებების სერიამ შეძრა. დედაქალაქში ასევე ისმოდა ჰაერსაწინააღმდეგო ბატარეების ხმა, რომლებიც დრონების ჩამოგდებას ცდილობდნენ.
მთავრობის წარმომადგენლებმა უკრაინის დედაქალაქის ექვს რაიონში მიყენებული ზიანისა და სულ 15 დაშავებული ადამიანის შესახებ განაცხადეს. სამს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ოფიციალური პირების თქმით, დაშავებულთაგან ორი ბავშვი იყო.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ ეს ომის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კომბინირებულ დრონებითა და რაკეტებით თავდასხმად შეაფასა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ კი განაცხადა, რომ აუცილებელია მოსკოვზე სასანქციო ზეწოლის გაძლიერება სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად:
„სტამბოლის შეხვედრიდან ერთი კვირა გავიდა და რუსეთს ჯერ არ გამოუგზავნია თავისი „სამშვიდობო მემორანდუმი“. ამის ნაცვლად, რუსეთი აგზავნის მომაკვდინებელ დრონებსა და რაკეტებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის რუსეთის პასუხი საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევაზე და აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ აუცილებელია მოსკოვზე სასანქციო ზეწოლის გაძლიერება სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად“, - წერს სიბიგა.
კიდევ უფრო მასშტაბური იყო უკრაინაზე 25 მაისს განხორციელებული საჰაერო დარტყმა, რომელსაც საერთო ჯამშ 12 ადამიანი შეეწირა. ეს იყო კომბინირებული შეტევა დრონების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი შენობების ნგრევა და დაზიანება ოლქის ხუთ რაიონში დაფიქსირდა.
ხმელნიცკის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი დაშავდა. მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი და სოციალური ინფრასტრუქტურა.
მასშტაბური თავდასხმის შედეგად ჟიტომირის ოლქში 3 ბავშვი დაიღუპა და კიდევ 12 ადამიანი დაშავდა.
რუსების დრონი მიკოლაივში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას დაეჯახა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. შენობის ორი სართული მთლიანად განადგურდა, სამი კი - დაზიანდა.
რუსებმა რაკეტების, „კამიკაძე“ დრონების, საჰაერო ბომბებისა და არტილერიის გამოყენებით შეტევა განახორციელეს დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. დაზიანდა სამრეწველო ობიექტები, საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა.
ამასთან, რუსებმა სუმის ოლქში თავდასხმების სერია განახორციელეს. მათ ოლქს შეუტიეს როგორც „კამიკაძე“ დრონების, ასევე რაკეტების გამოყენებით. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ისევ მანიპულაცია, თუ ტონის შეცვლა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას საფუძვლად უდევს მემორანდუმზე მუშაობა და ის დასასრულს უახლოვდება. 22 მაისს მოსკოვში დიპლომატიურ ღონისძიებაზე გამოსვლისას ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.
გამოცემა „ბლიცის“ შეფასებით, ლავროვის კომენტარები მოსკოვის ტონის ცვლილებაზე მიუთითებს, რადგან კრემლი, როგორც ჩანს, მზადაა კიევთან სტრუქტურირებულ დიპლომატიურ პროცესში ხელახლა ჩაერთოს:
„დიახ, ჩვენ ვუჭერთ მხარს მოლაპარაკებების იდეას. მოლაპარაკების მეორე რაუნდი იქნება. მათ (უკრაინულმა მხარემ) ეს დაადასტურეს და ეს უკვე დადებითი მოვლენაა“.
ლავროვის თქმით, მოსკოვის მემორანდუმის პროექტი, რომელიც ასახავს პრინციპებს და სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების ვადებს, თითქმის დასრულებულია.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შეთანხმებების მეორე ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს თითოეული მხარის მიერ დოკუმენტის პროექტის მომზადებას, რომელშიც აღწერილი იქნება პირობები დარეგულირების შესახებ - მდგრადი, გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად. როგორც კი სამხედრო ტყვეების გაცვლა დასრულდება, ჩვენ მზად ვიქნებით უკრაინულ მხარეს გადავცეთ ასეთი დოკუმენტის პროექტი, რომელსაც რუსული მხარე ამჟამად ამზადებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მან უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მეორე რაუნდის სავარაუდო ადგილზეც ისაუბრა და პრაქტიკულად უარყო ახალი რომის პაპის, ლეო მე-15-ის წინადადება, რომელმაც მხარეებს ვატიკანში შეხვედრა შესთავაზა. ლავროვის შეფასებით, ორი მართლმადიდებელი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა და მოლაპარაკება ვატიკანში არალოგიკური იქნება.
საინტერესო იყო რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებაც:
„მემორანდუმზე მუშაობა მიმდინარეობს. პირველ რიგში - დიახ, ის დასკვნით ეტაპზეა. მეორეც, მე მოველი, რომ რუსული მხარის მიერ შემუშავებული შესაბამისი მოსაზრებები მეორე მხარეს უახლოეს დღეებში გადაეცემა - მე ეს ინფორმაცია მაქვს“, - განუცხადა რუსულ სამხედრო ტელეარხ „ზვეზდას“ კოსაჩოვმა.
ოლგა ჩიჟი, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი, თვლის, რომ რუსული მხარე ამჯერადაც მანიპულირებს:
„პუტინი ამჯერადაც ოსტატურად მანიპულირებს. სანამ მას სხვა რეალობის წინაშე არ დააყენებენ, სისხლისღვრის დასრულების იმედი არ არსებობს“.
ანჯელა სტენტი, ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი კი ამბობს:
„არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ რუსეთი რაიმე დათმობაზე წავა. მათი მოთხოვნები უცვლელია დღესაც. ვფიქრობ, ისინი რეალურად არ არიან დაინტერესებული მშვიდობით, მემორანდუმით, ან არსებითი ზავის მიღწევით“.
ტყვეთა გაცვლა
1000/1000-ზე - ამ ფორმულით ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმება კიევსა და მოსკოვს შორის გასულ კვირას სტამბოლში გამართული შეხვედრის ერთადერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო. ეს ორი მხარის პირველი პირდაპირი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ეს პროცესი სამ ეტაპად ჩატარდა და კვირას დასრულდა. პარასკევს, 23 მაისს მხარეებმა 390-390 ტყვე გაცვალეს, შაბათს - კიდევ 307-307 და კვირას - 303-303.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ პარასკევს გაკეთებული განცხადებით, რუსეთში „270 რუსი სამხედრო მოსამსახურე და 120 მშვიდობიანი მოქალაქე“ დააბრუნეს. ვარაუდობენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები უკრაინელმა ჯარებმა კურსკში, რუსეთის რეგიონშის ტყვედ აიყვანეს.
თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ უკრაინის მიერ დაბრუნებული რუსი მშვიდობიანი მოქალაქეები „რუსი დივერსანტები და კოლაბორაციონისტები“ იყვნენ, რომლებიც უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს.