ტატა შოშიაშვილი
11.07.2020

ლიბიაში გაღვივებულ კრიზისში, რომელიც „ფელდმარშალ" ხალიფა ხაფთარსა და პრემიერ-მინისტრ ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით მოქმედ ლიბიის ეროვნულ გარდამავალ საბჭოს შორის შეაიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, სავარაუდოდ, რუსული სამხედრო ტექნიკაც ფიგურირებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ოპოზიციური „ნოვაია გაზეტა" ავრცელებს რედაქციის მიერ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების საფუძველზე.

რუსეთი აცხადებს, რომ ოფიციალურად ის ლიბიაში სამხედრო დანაყოფებს არ ფლობს.

2020 წლის მაისის ბოლოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო- და ვიდეომასალა, სადაც ხაფთარის სამხედრო შენაერთების ტრიპოლიდან გასვლაა ასახული. კარდებში ჩანს, რომ თავდაპირველად „ალ-ვატიას" ბაზაზე შემჩნეული უცნობი სამხედროები ქალაქ ბანი-ჰალიდსა და ავიაბაზა „ჯუფრასკენ" მიმავალ გზაზე შეამჩნიეს.

ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს არმია უცნობ ჯარისკაცებს რუსული კერძო არმია „ვაგნერის" თანამშრომლებად თვლის.

სამხედრო დაპირისპირების დროს მთელი ყურადღება ხალიფა ხაფთარის მიერ ნასროლმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „პანცირმა" მიიპყრო, თუმცა სატვირთოებსა და შედარებით „უბრალო" სამხედრო ტექნიკას ნაკლები ყურადღება მიაქციეს.

თურქული საინფორმაციო სააგენტოების მიერ ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს არმიის ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობის საფუძველზე „ნოვაია გაზეტა" იუწყება, რომ ჯავშნიანი ნაღმსაწინააღმდეგო ძარის მქონე სატვირთო ქალაქ ბანი-ჰალიდში, ტარხუნასა და ლიბიის გზაზე მიმავალ კოლონაში შეამჩნიეს.

ჯავშნიანი სატვირთო რუსეთში წარმოებული „ურალი" აღმოჩნდა, რომელსაც „კლასიკური ვერსიისგან" მცირე დეტალები განასხვავებს.

ლიბიაში დაფიქსირებული „ურალი" დამზადებულია რუსეთში და ამის დამადასტურებელი დეკლარაციაც არსებობს, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას შეეხება. ლიბიიდან მიღებული კადრებისა და რუსეთში დეკლარირებული სამხედრო ტექნიკის შედარების შემდეგ „ნოვაია გაზეტამ" დაწერა, რომ ეს ერთი და იგივე სატვირთოა, უბრალოდ ტყვიამფრქვევი აკლია.

დეკლარაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკის მწარმოებელია - კრასნოდარში განლაგებული შპს „ევრო პოლისი".

ეს ის რუსული კომპანიაა, რომელმაც 2016 წელს სირიის სახელმწიფო სტრუქტურებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის 25%-ის სანაცვლოდ, ბაშარ ასადის ოპონენტებისთვის სამხედრო წინააღმდეგობის გაწევის ვალდებულება აიღო საკუთარ თავზე.

ცნობისთვის, ლიბიელ ფელდმარშალ ხალიფა ხაფთარს, რომელიც ლიბიის ეროვნულ არმიას ხელმძღვანელობს, და პრემიერ- მინისტრ ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით მოქმედ ლიბიის ეროვნულ გარდამავალ საბჭოს შორის, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებს გაერო, შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წელს დაიწყო.

ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლში ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს ძალებია განლაგებული, მაგრამ 2019 წლიდან ხაფთარის ჯარი ტრიპოლში საკუთარი კონტროლის გავრცელებას ცდილობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×