რეზონანსი
22.07.2021

ზედმეტად ცხელ დღეებს სითბური ტალღები ახლავს, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველი ნია გიუაშვილი სწორედ ცხელი დღეების, ასევე ელექტრომოწყობილობების გამოსხივებისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირზე საუბრობს. და ასევე გაგრილებისთვის საუკეთესო ხერხებსაც გვირჩევს.

სიკვდილიანობის გაზრდის გამო თბურ ტალღებს 2003 წელს მიაქციეს ყურადღება ევროპაში. ის არ იწვევს რაიმე ახალი დაავადების ჩამოყალიბებას, სამაგიეროდ ნამდვილად იწვევს უკვე არსებული დაავადებების დამძიმებას. რაც უფრო მაღალია სათბურის ეფექტის მქონე აირების ემისიები, მით უფრო დაბალი ხარისხისაა ჯანმრთელობა. ის აუარესებს არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ ცხოვრების ხარიხსს.

საქართველოსთვის გაკეთებული პროგნოზი რომ მოვიშველიოთ, სამომავლოდ არა მარტო მზიანი დღეების რაოდენობა მოიმატებს წლების განმავლობაში, არამედ ცხელი დღეების რაოდენობაც. ღამის ტემპერატურაც კი საშუალო ტემპერატურაზე მაღალია, რაც ორგანიზმს თერმორეგულაციის საშუალებას არ აძლევს. თუ ღამის ტემპერატურა აჭარბებს 22-24 გრადუსს, ხოლო დღის ტემპერატურა ბევრად მაღალია 32-34 გრადუსზე, ორგანიზმი თავის ბუნებრივ ტემპერატურას ვერ უბრუნდება. ეს განსაკუთრებით რთულად გადასატანია ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, ორსული ქალებისა და ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის.

ამ ყველაფრის გამო განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შენობის შიგნით ტემპერატურის შენარჩუნებას. ზაფხულში ვცდილობთ გაგრილებას, ზამთარში კი - გათბობას და ხშირად გვავიწყდება ზღვარი. როგორი ტემპერატურა სჭირდება ჩვენს ორგანიზმს, რომ გამართულად იმუშაოს ყველა სისტემამ.

ადამიანისთვის სიგრილის მინიმალური ტემპერატურაა 18 გრადუსი, ხოლო სიცხის - 23 გრადუსი. ზამთარია თუ ზაფხული, 18-23 გრადუსი არის ადამიანისთვის ყველაზე კარგი ტემპერატურა. რა თქმა უნდა, ორგანიზმი ამაზე მეტი ტემპერატურის პირობებშიც აგრძელებს მუშაობას, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით. ხოლო როცა ტემპერატურა 32 გრადუსს აჭარბებს, საქმიანობა შესაძლებელია, მაგრამ არა ხანგრძლივად, არამედ მოკლე დროით და შუალედებში გაგრილებით.

15 გრადუსს ქვემოთ ტემპერატურა უკვე ძალიან სტრესულია ორგანიზმისთვის და მას ქმედუნარიანობა აღარ შესწევს. ამიტომ ადამიანებს, ვინც შენობის გარეთ ატარებენ დღის უმეტეს ნაწილს, ჯანმრთელობის განსაკუთრებული კონტროლი და რეგულირება სჭირდებთ.

"დღის 11:00 საათიდან საღამოს დაახლოებით, 20:00 -21:00 საათამდე ფანჯრები დახურული უნდა იყოს. ფარდები - ჩამოფარებული. თუ სპეციალური გამაგრილებელი არ გაქვთ, სველი პირსახოცი ძალიან კარგი იქნებოდა სიგრილის და ტენიანობის შესანარჩუნებლად. ვენტილატორის გამოყენებას აზრი აქვს 32 გრადუსამდე სიცხეში. ამაზე მეტი ტემპერატურის პირობებში ის ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას. პირიქით, ხელს შეუზწყობს ორგანიზმიდან სითხის ზედმეტად აორთქლებას. ამ დროს კონდენციონერი ყველაზე ეფექტური იქნება.

ღამის განმავლობაში ყოველთვის ღია უნდა იყოს ფანჯრები, თუმცა გამოიყენეთ ბადეები, რადგან დათბობის ერთ ერთი თანმდევი მოვლენა გახლავთ მწერების, ტკიპების, პარაზიტების არეალის გაფართოვება და გამრავლება.

ერთ-ერთი საუკეთესო გამაგრილებელი საშუალება გახლავთ წყლის მიღებაც. ბავშვებს და მოხუცებს წყურვილის შეგრძნება ნაკლები აქვთ, მათ მუდმივად სჭირდებათ შეხსენება, რომ წყალი დალიონ. მოხუცებს არც სიცხის სათანადო შეგრძნება აქვთ, ამიტომ მეტ ყურადღებას საჭიროებენ.

ზედმეტად ცივი სასმელი, ზედმეტად ცივი შხაპი არ არის გაგრილების უკეთესი საშუალება. ზომიერად ცივი მეტ ეფექტს იძლევა. დაბალი მინერალიზაციის სასმელი წყლებიც ასევე კარგი საშუალება გახლავთ გასაგრილებლად და დაკარგული მიკროელემენტების შესავსებად", - განაცხადა სპეციალისტმა გადაცემაში "პირადი ექიმი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×