რეზონანსი
13.05.2022

როცა ისმება სიმსივნის დიაგნოზი, არა მარტო პაციენტის, არამედ მთელი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ყოფა ძალიან რთული და მძიმე ხდება, ცალკე დიაგნოზის და ცალკე მისი თანმხლები ფინანსური და ფიზიკური პრობლემებისგან. ამ პრობლემის წინაშე მდგომი ყველა ადამიანი, ოჯახი განსაკუთრებულ თანადგომასა და მხარდაჭერას საჭიროებს. სწორედ ამ მიზნით, ბერი ანდრიას ფონდმა დააარსა სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს და მათ ოჯახებს ეხმარებიან. ამ ყველაფერს სათავეში ბერი ანდრიას დედა, მილედი (თინათინ) ჩხვიმიანი უდგას. დედა თინათინმა თავისი ცხოვრების ურთულეს პერიოდზე მოგვითხრო და შვილმკვდარ დედებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.

" 10 წელი გავიდა მას შემდეგ. ამ წლების მანძილზე არც ერთი დღე არ მქონია ამის დავიწყების შესაძლებლობა. მე იგივე მდგომარეობაში დავრჩი. ისევ სიმსივნის დაავადებულ ბავშვებთან ვცხოვრობ და მათ ვეხმარები ტკივილების დაძლევაში. ზოგჯერ ვიმარჯვებთ, ზოგჯერ ვმარცხდებით. ყველაში ვხედავ ჩემს შვილს. ზოგის - თვალებში, ზოგის - ტკივილში, ზოგის - ქცევაში. მამა ანდრიას იმდენად სტკიოდა სხეულის ყველა ნაწილი, ხელითაც კი ვერ ვეხებოდი. როცა რომელიმე ბავშვს ძალიან სტკივა ფეხი, ძვალი, მასში მამა ანდრიას ვხედავ, რადგან მასაც ძალიან სტკიოდა".

დედა თინათინმა, ანდრიას დაავადებაზეც და მის სირთულეებზეც ისაუბრა, მისი თქმით მას უმძიმესი და უიშვიათესი დიაგნოზი დაუსვეს.

"ამ ბავშვებს სხვადასხვა ადგილი სტკივათ, მაგრამ მამა ანდრიას ყველაფერი ერთად სტკიოდა. უმძიმესი დიაგნოზი ქონდა, რომელიც საქართველოში მხოლოდ ჩემს შვილს დაუსვეს. 10 წლის მანძილზე მეტი არავინ შემხვედრია ამ დიაგნოზით. მანამდე არ ვიცი, თუმცა ექიმები ამბობდნენ, რომ არც მანამდე შეხვედრიათ. მე არ შემეძლო ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი ჩემს შვილს. მხოლოდ ფეხის და ხელის ტერფებზე ვეფერებოდი. მხოლოდ ეს ადგილები არ სტკიოდა. ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა და ცუდად მყოფიც კი ცდილობდა გავეცინებინე. როცა ვიცინოდით, ეს სიცილიც ნელ-ნელა გადადიოდა ტირილში, რადგან სიცილის დროს ეჭიმებოდა უჯრედები, ნაკვთები, კუნთები და მომენტალურად ეწყებოდა გაუსაძლისი ტკივილი. ტკივილებს მხოლოდ ნარკოტიკით უყუჩებდნენ, მაგრამ ამ ნარკოტიკსაც არასოდეს იკეთებდა იმ დოზას, რასაც ექიმი უწერდა. ყოველთვის აკლებდა დოზას. ბევრი მამაო ეკითხებოდა, რატომ არ იყუჩებდა ბოლომდე ტკივილს, ეს ხომ არ იყო ცოდვა. ის კი პასუხობდა, მე ვხედავ, რომ ხორცს ვერ ვშველი და ის დაიღუპა, ახლა უნდა ვიზრუნო სულზე, რომ ისიც არ დამეღუპოს. უნდა ვიყო საღ გონებაზე, რათა შევძლო ლოცვა. თუ გავიკეთებ იმ დოზას, რასაც ექიმები მინიშნავენ, დამებინდება გონება, რაც არ მინდაო. არასოდეს დაცდენია სიტყვა „მიშველე". სულ იმეორებდა, უფალო, გამიყვანე, ჩამიხუტე, წამიყვანე".

მან ასევე, იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რაც მამა ანდრიას გარდაცვალებამ გამოიწვია.

"დედისთვის შვილის დაკარგვაზე დიდი ტრაგედია, უბედურება არ არსებობს. ამ სირთულის დაძლევაში მხოლოდ მამა ანდრია და უფალი დამეხმარნენ. ვერავინ და ვერაფერი შეძლებდა ჩემს საღ გონებაზე დატოვებას. მან ზუსტად იცოდა, როგორ გაგვიჭირდებოდა მის შემდეგ ცხოვრება. ერთადერთი შვილი იყო, მისთვის დედამიწა მეცოტავებოდა. თავს არ ვზოგავდი, რომ გამეხარებინა, გამებედნიერებინა. ჩვენ დევნილები ვიყავით. მასზე ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა აფხაზეთიდან წამოვედით. დავკარგეთ ყველაფერი და ცხოვრება თავიდან დავიწყეთ. ურთულესი გზა გავიარეთ. მაშინ ლტოლვილებს გვეძახდნენ, ბევრი ამრეზით გვიყურებდა. ამიტომ სულ ვცდილობდი ჩემი შვილისთვის ლტოლვილი არავის დაეძახა. ვცდილობდი ყველაფერი საუკეთესო მიმეცა. ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. ვერ დავიბრალებ, რომ ჩემი დამსახურება იყო ის, როგორიც იყო მამა ანდრია. შინაგანად იყო ასეთი, გაწონასწორებული, გონიერი, მშვიდი. ის იყო უფლისგან დაჯილდოებული. ვერ ვიტყვი, რომ მე ის გავზარდე, უფრო სწორი იქნება ვთქვა, რომ ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ. მეც ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ჩემი შვილისგან".

დედა თინათინის თქმით, შვილმა მას სიკვდილის წინ დაუბარა, რომ ღვთისმშობელისთვის მადლობა გადაეხადა.

"არ მინდოდა ჩემს შვილს ეთქვა, რა ტყუილად დავუბარე ამდენი რამე, მაინც არ შემისრულაო. არ მინდოდა, ჩემი ტკივილით ჩემი შვილის სული ამეფორიაქებინა, დამემძიმებინა. გარდაცვალებამდე ჩემმა შვილმა ზუსტად იცოდა, რომ იქ უკეთესი ცხოვრება ელოდებოდა. დღეს მე ამით ვიმშვიდებ თავს. ის ბერი იყო და მეტს ხედავდა. ბოლო დღეებში მისი მქედებებით, ქცევებით მე ვგრძნობდი, რომ ოთახში მხოლოდ მე და ის არ ვიყავით. იქ იყვნენ ანგელოზებიც. ბოლოს მამა ანდრიამ ისეთი მოძრაობები გააკეთა, რომელსაც თავად, დამოუკიდებლად ვერაფრით ვერ გააკეთებდა. მისი მდგომარეობის, ჯანმრთელობის გამო ეს შეუძლებელი იყო. დარწმუნებული ვარ, ამაში ანგელოზები ეხმარებოდნენ. როცა გადიოდა ამ ქვეყნიდან, აიღო ჯვარი, დაიჭირა ხელში და გულში ჩაიკრა. უკვე ყველგან ჰქონდა წარმონაქმნები, ხელის შეხებაზეც სასტიკად რეაგირებდა და გაუსაძლისი ტკივილი ეწყებოდა. ჯვარი კი უპრობლემოდ აიღო, ჩაუბღაუჭა და გულში მიიკრა. დამიჯერეთ, ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა... მანამდე დამიბარა, მე როცა გარდავიცვლები, დადექი მუხლებზე და ღვთისმშობელს მადლობა გადაუხადე, რომ შემეგება და წამიყვანაო. ეს თხოვნა შევუსრულე ჩემს შვილს.

იმდენად მშვიდად შევხვდი ამ ყველაფერს, ბევრს ეგონა, რომ ჭკუიდან გადავედი. არავის მივეცი ყვირილის, ტირილის, მოთქმის საშუალება. როგორც მას სურდა, მშვიდად, წყნარად, სწორედ ასე გავაცილე ჩემი ერთადერთი, 17 წლის შვილი იმ ქვეყნად. მე და ჩემი მეუღლე 40 დღე მონასტერში წავედით. ის მარტყოფში, იმ მონასტერში, სადაც მამა ანდრიაა დაკრძალული, მე დედათა მონასტერში", - ჰყვება დედა თინათინი.

წყარო: "მშობლები.ჯი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×