
ცოტა ხნის წინ, ძალიან თბილ, პოზიტიურ ადამიანს, გიორგი გილიგაშვილს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინა. მან ოპერაცია თურქეთში გაიკეთა. ამ ეტაპზე ყველაფერი უკვე უკან არის და გიორგი თავს კარგად გრძნობს.
როგორ შეხვდა ის ამ უმძიმეს დიაგნოზს, რა სირთულეები დაძლია, ამაზე გიორგის და ნუცა გილიგაშვილი საუბრობს.
„ამის გაგება ჩვენთვის ერთი მხრივ, შოკი იყო, მაგრამ ძალიან მალე, მოვედით გონს. თავად გიორგი ასეთ უმძიმეს ინფორმაციას ისე შეხვდა, გავოცდით. მართლა არ მინახავს, არ გამიგია, ადამიანი ასე დაიმუხტოს, ასე აენთოს და საბრძოლველად ასე განეწყოს. მოკლედ, თავად მოგვცა ძალა, ამ საშინელ ემოციას გავმკლავებოდით. როცა მკურნალობდა, ვიღიმოდით. ამის გამო, ჩვენ გარშემო, ამ ამბით დაძაბულ ადამიანებს ეუხერხულებოდათ კიდეც ეკითხათ - როგორ არის გიორგი? კი, ასე მსუბუქად მოგვაწოდა ეს ინფორმაცია და დღემდე ყველას ისე პასუხობს. ვერც იტყვით, რომ მსგავსი რამ გადაიტანა. ისეა, თავი სტკიოდა, წამალი დალია და გადაუარა. ნამდვილად გმირულად შეხვდა, თუმცა მისგან სხვანაირი საქციელი შეუძლებელი იყო.

აპრილში დავიწყეთ გამოკვლევები, თუმცა მანამდეც იყო თვითონ გამოკვლევაზე, ექიმებს რაღაც კითხვის ნიშნები გაუჩნდათ, მაგრამ საკუთარ თავზე რომ ვერ უშვებ, რაიმე ცუდი დაგემართება... მერე ცოტა ჩივილები დაეწყო, უძილობა, უმადობა, დაღლილობის შეგრძნებამ მოემატა. გიორგი საერთოდ ისეთია, თავს ერევა, მაგრამ როცა გტკივა, რატომ უნდა იყო მორევაზე? ფაქტობრივად, აპრილი და მაისი მკურნალობას დაეთმო. აღმოჩნდა ფარისებრი ჯირკვალზე კარცინომა. 12 კვანძი იყო, საიდანაც 8 ავთვისებიანი... თუმცა თავიდან ცუდად დაიწერა - თითქოს ყელში ჰქონდა სიმსივნე. ჯვარი სწერია, ეგ სულ სხვა რამ არის, ღმერთს მადლობა, რომ მსგავსი არაფერია. ოპერაცია პროფესიონალების მიერ თურქეთში ჩატარდა.
ამოიღეს ფარისებრი ჯირკვალი... ერთი კვანძი სახმო იოგზე იყო... თავიდან გიორგის სურვილი იყო, რომ ხალხს არ ენერვიულა, არ შეწუხებულიყვნენ და დიდად არ ვახმაურებდით. ჩვენ მის სურვილს პატივს ვცემთ. თან, ყველას ასე ზუსტად ვერ აუხსნი, რასთან გვქონდა საქმე. პირველმა ეტაპმა რომ ჩაიარა და ოპერაცია გაუკეთდა, მერე უკვე ვთქვით, დამალვას არც ვაპირებდით. თითოეულ ადამიანს უდიდესი მადლობა მინდა, ვუთხრა, ისეთი კომენტარები წავიკითხე და იმდენმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი, ვერ გადმოგცემთ. ყველა გვთხოვდა ანგარიშის ნომერს, უდიდესი მხარში დგომა ვიგრძენით. ყველა - ნაცნობი, უცნობი, გიორგის მეგობრები, ახლობლები წუხდნენ... თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა, რომ ადამიანები შეიცვალნენ, ასე არ ყოფილა. როგორც ჩანს, როცა ადამიანი გიყვარს, უპირობოდ გიყვარს და მორჩა! ეს უპირობო სიყვარული ვიგრძენი და ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი ძალიან მაგარი რამ!", - ამბობს ნუცა გილიგაშვილი „ambebi.ge"-სთან.
ნუცა ამბობს, რომ მისი ძმა ახლა კარგადაა და მდგომარეობა დღითიდღე უმჯიბესდება.
წყარო: ambebi.ge
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე