რეზონანსი
09.08.2022

ცოტა ხნის წინ დამსახურებული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი ჯანმრთელობის მძიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ბატონმა ჯამლეტმა მკურნალობის კურსი ისრაელში გაიარა, ახლა საქართველოში აგრძელებს და ცდილობს, ყველა პრობლემას გაუმკლავდეს.

„მარცხენა თვალზე შემექმნა პრობლემები. ივა ბერაძე, ჩემი თანაკლასელი და მეგობარი, დიდოსტატია ოფთალმოლოგიაში და მასთან მივედი, გამსინჯეს და ძალიან რთული დიაგნოზი დამისვეს – ეს არის ლიმფომა თვალის ფსკერზე, რაც უიშვიათესი შემთხვევაა. საქართველოში ამ დაავადების სტატისტიკა საერთოდ არ არსებობს. ამიტომ, ივამ მითხრა: ბატონო ჯამლეტ, სასწრაფოდ უნდა გაემგზავრო ისრაელში და იქ იმკურნალოთო. ჩემი სიძე ისრაელში მუშაობს, ჩემი გოგოც, ერთ საავადმყოფოში არიან. აღმოჩნდა, რომ თვალი რომ გადამერჩინა ამ სიმსივნისგან, სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი. ფაქტობრივად, მთელი წლის მკურნალობა ისრაელში გავიარე. თვალის ფსკერზე 25 ქიმია გამიკეთეს, ეს მთელი წლის კურსია. ამ 25-მა ქიმიამ, რომელიც ნემსით შემიყვანეს თვალში, თავისი საქმე გააკეთა. მერე ორი ათასი ფოტო გადაიღეს, ყველანაირი გამოკვლევა ჩამიტარეს და ნახეს, რომ სიმსივნური სივრცე შეკუმშული იყო. ანუ, ქიმიამ სიმსივნური სივრცე უკუაქცია. მაგრამ მერე მცირეოდენი გაუგებრობა წარმოიშვა და ისევ ქიმიაზე გადავიდნენ. ისევ მიხედეს და მოუარეს. ყველაფერი უმაღლესი რანგის ექიმებმა გამიკეთეს. ისრაელში უძლიერესი ექიმის პროტოკოლით ვმკურნალობდი, რომ პროცესი ბოლომდე მიმეყვანა. ახლა უკვე აქ, თბილისში ვაგრძელებ მკურნალობას.

მე მაინც ვიბრძვი. ქიმიას ვებრძვი, ბოტანიკასაც და ფიზიკასაც. თუმცა, ქიმია არ არის მარტივი და თავის კვალს ტოვებს. სისუსტეს ვგრძნობ, მაგრამ ყველანაირად უნდა გავუძლოთ. მთავარია, რომ საქართველოში დიდი სპეციალისტები გვყავს და მიხარია, რადგან კარგ ექიმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათი იმედი მაქვს. ქიმიების დროს ზოგადი სისუსტე არ არის გასაკვირი, ეს იქნება ვიცი და ამას შეგუება სჭირდება", - განუცხადა "თბილისელებს" ჯამლეტ ხუხაშვილმა.

"თბილისელები"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×