რეზონანსი
21.09.2022

სურვილი – დახმარებოდა ზრდასრულ ადამიანებს რთულ მდგომარეობებთან გამკლავებაში, ბავშვობიდან ჰქონდა. მერე, როცა საკუთარ თავზეც ბევრი გამოცადა და გარკვეულ გზებს მიაგნო, გადაწყვიტა, ეს გამოცდილება „ფხიზელი ტომის“ სახით, სხვებისთვისაც გაეზიარებინა.

ნელი აგირბა: ადამიანების დახმარების იმპულსი ბავშვობიდან მქონდა. ყოველთვის ინტენსიურ ძიებაში ვიყავი. თუმცა, ძიებამდე, სანამ ყველაფერი ცხადი იყო, ანუ გარდატეხის ასაკამდე, ვხედავდი, როგორ უჭირდათ უფროსებს. როცა ბავშვები ვართ, ამას კარგად ვხედავთ. უფროსებს უჭირთ ემოციების მართვა, ურთიერთობები, ტკივილს განიცდიან, გულწრფელები არ არიან, სიკეთისა და სინაზის ნაკლებობა აქვთ. ბავშვისთვის უცნაურია ეს მდგომარეობები. მინდოდა, დავხმარებოდი უფროსებს და ვფიქრობდი, რომ გავიზრდები, ადამიანების სულები მუსიკით უნდა განვკურნო -მეთქი. მას შემდეგ მუსიკას შევეშვი. მე თვითონ წავედი ამნეზიურ მდგომარეობაში – დამავიწყდა, ვინ ვიყავი, რა სურვილები მქონდა და დავიჯერე დიდური თამაშები, ანუ მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდი და უკვე მეც დამჭირდა შველა. მერე ნელ-ნელა ამოვყვინთე ამ მდგომარეობიდან. პიკი იყო ჩემი ქმრის გარდაცვალება. ამან ისე შემანჯღრია, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა აღარ დამიტოვა. 

ახლა ძალიან მადლობელი ვარ ჩელესი, რომ ამ ყველაფერში გამომატარა. ეს არის გამოცდილება საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნების. ჩემს ტანჯვას იწვევდა ის, რომ მე დავიწყებული მქონდა, რა ვართ. იმდენად მივეჯაჭვე ამ ბედნიერებას, ვერ წარმომედგინა, როგორ შევძლებდი აქ მარტო ცხოვრებას. საბოლოოდ საკუთარი თავის შეყვარებასთან მივედი. ნელ-ნელა დავიწყე ნელის მშობლობა, აღზრდა, მასზე ზრუნვა, რასაც მანამდე ვერ ვაკეთებდი. ამ ტრაგედიამ მიმიყვანა გარკვეული წესებისა და ვალდებულებებისგან გათავისუფლებასთან. მაგალითად, ისეთების, როგორიცაა „ასეთ სამსახურში უნდა იმუშავო“, „ამდენი ხელფასი უნდა გქონდეს“, „ორ წელიწადში კიდევ უფრო მეტი ხელფასი უნდა გამოიმუშავო“ და ასე შემდეგ. მივხვდი, რომ ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რომ შინაგან ხმას უნდა მოუსმინო, რომ თუ სიცოცხლეს მივენდობი, შიმშილით არ მოვკვდები. რაც უფრო ვენდობი სამყაროსა და საკუთარ თავს, მით უფრო საოცარ მოვლენებს ვხედავ და ახალ-ახალი შესაძლებლობები იხსნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×