რეზონანსი
08.07.2024

გუშინ ნუცუბიძის ქუჩაზე "გლოვოს" კურიერს თემო სიგუას თავს დაესხნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები რვანი იყვნენ. დაჭრილ თემო სიგუას გუშინვე ხეჩინაშვილის კლინიკაში რთული ოპერაცია ჩაუტარდა

ლენა ჩოგოვაძემ, დაზარალებულის დედამ განაცხადა:

"თემო ჩემი ერთადერთი შვილია. საბედნიეროდ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა წინა რეაბილიტაციის დიდი გზაა, რასაც, როგორც გვეუბნებიან, 5-6 თვე დასჭირდება. "გლოვომაც" უარი თქვა კომპენსაციაზე. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ. ჩემი შვილი არჩენდა ოჯახს. 32 წლის არის და დილის 8 საათზე რომ გადიოდა სახლიდან, საღამოს 12 საათამდე მუშაობდა. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, რომელსაც ასევე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მისთვის საჭირო თანხებსაც კურიერად მუშაობით შოულობდა. ახლა ისიც მაწუხებს, რა ეშველება მის ოჯახს.

რა დღეში ჩაგვაგდეს... რატომ გაწირეს ასე ჩემი შვილი?! 3 წელია, "გლოვოში" მუშაობს. ნაქირავებში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად. აფხაზეთიდან დევნილები ვართ და ამ დრომდე ბინაც არავინ მისცა. ომი რომ დაიწყო, თემო იმ დღეს დაიბადა - 1992 წლის 14 აგვისტოს. მე მედდა ვარ, ომის მონაწილე. ძუძუმწოვარა ბავშვს სახლში ვტოვებდი და დაჭრილებს ვეხმარებოდი. ჩემი ქმარი მთავარი ექიმი იყო, ქირურგი, ჰოსპიტლის უფროსი. ყველა დაჭრილს უპატრონა. სიკეთის მეტი არაფერი გაგვიკეთებია. ერთადერთი საიმედო შვილი მყავს და სასიკვდილოდ გაწირეს. თემო ამბობს, იმ თავდამსხმელებიდან მხოლოდ ერთი დამეხმარაო.

როგორც ჩანს, ჯერ წააქციეს და შემდეგ წაქცეულს ესროლეს ტყვიები. სამი ტყვია ფეხში მოხვდა. ერთ-ერთ თავდამსხმელს უთქვამს, სანამ უარესი არ მოხდა, წადიო და დაჭრილი დაუსვია მოტოციკლეტზე. როგორც გავარკვიე, ეს არ არის კურიერებზე თავდასხმის ერთადერთი შემთხვევა. ერთი კვირის წინ, სწორედ ნუცუბიძეზე, კურიერს შეკვეთის ფული - 13 ლარი არ გადაუხადეს. მას რომ უთქვამს, მე ხომ არ დავდებ ამ ფულსო, სცემეს. მაშინაც 4 კაცი იყო.

ვითხოვთ, გამოავლინონ დამნაშავეები და დასაჯონ. თემო საერთოდ არ არის კონფლიქტური ადამიანი, ძალიან მშვიდი, ბუნჩულა ბიჭია, ყველას ღიმილიან სალამს ეუბნება და რატომ გაგვწირეს ასე, არ ვიცი. სულ შრომობს. ჯერ კიდევ მეათე კლასის მოსწავლე იყო, ლოგინად ჩავარდნილ დედაჩემს რომ მოუარა. მაშინ საქართველოში არ ვიყავი და ზრუნვა არ დაუკლია.

წარმოუდგენელი იყო ისიც, რომ ბიჭს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და სახლში ოპერაციის გარეშე გვიშვებდნენ. ყველა ამბობს რომ პნევმატური იარაღი კანს დააზიანებდა და ასე ძვლებს ვერ დააზიანებდაო. ორ წელიწადში კიდევ დასჭირდება ოპერაცია და შეიძლება მყესი იყოს ამოსაღებიო. 3 წელიწადში შეიძლება პოსტტრავმული ართროზი განვითარდესო. წინ რეაბილიტაციის დიდი გზა გველოდება და არ ვიცი, ამას ფინანსურად როგორ გავუმკლავდებით.

როგორც ვიცი, "გლოვოც" უარს ამბობს დახმარებაზე. იმედი მაქვს ჩვენს მდგომარეობას გაითვალისწინებენ და კომპენსაციას გადაგვიხდიან, რომ თემომ მკურნალობა და ფეხზე წამოდგომა შეძლოს.

ჯერ არავინ არ არის დაკავებული. იმედი მაქვს, დამნაშავეებს დააკავებენ და საკადრისად დასჯიან, რომ სხვამ არ გაბედოს მშრომელ ბიჭებზე ასეთი სადისტური თავდასხმა." - ამბობს დაზარალებულის დედა.

"კვირის პალიტრა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×