რეზონანსი
29.10.2024

თამთა კოსტავამ რამდენიმე დღის წინ დაიწერა ჯვარი. მისი მეუღლე ბიძინა მესხია. თამთა პროფესიით მხატვარია. მოზარდობისას 18 წელი აშშ-ში გაატარა, განათლება მიიღო და სამშობლოში დაბრუნდა. მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში მუშაობს. "კვირის პალიტრა" თამთა კოსტავას მეუღლეს ესაუბრა:

„როგორც მერაბ კოსტავას ქალიშვილს, თამთას 1989 წლიდან ვიცნობ, მიტინგებიდან, პრესიდან, მედიიდან - შუქდებოდა ხოლმე. პირადად მე, ბატონი მერაბი გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ვნახე ახლოს და იმ მიტინგზე იყო თამთაც, ეს გახლდათ 1989 წლის 30 სექტემბერი, როდესაც მომიტინგეები კინოს სახლიდან მთავრობის სახლამდე ჩავედით, ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობასთან გავჩერდით. მახსოვს, თამთასთან ძალიან ახლოს ვიდექი და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ძალიან მომეწონა. მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ თამთას დავუკავშირებდი ცხოვრებას...

მერე გურამ შარაძის ხსოვნის საღამოზე შევხვდით და დავინახე თუ არა, მაშინვე ვიცანი. რუსუდან შარაძემ ერთმანეთი რომ გაგვაცნო - ეს მერაბ კოსტავას ქალიშვილიაო, მე ვუთხარი, ვიცი-მეთქი. ეს იყო და ეს. მერე, თამთამ რომ მითხრა, ბიძინა, მოდი, ვიმეგობროთო, ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო, ოღონდ წმინდა მეგობრული ურთიერთობა და არა ის, რასაც დღეს ეძახიან მეგობრობას. მე 30 წელია ტაძრის მრევლი ვარ და ვუთხარი, ცოდვას ჩვენს ურთიერთობაში არ შემოვუშვებ, წინასწარ არაფერი მოხდება, ჯვარდაუწერელი კავშირი ცოდვაა-მეთქი. თავიდან მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ჩემგან სხვა არაფერი გამოდნებოდა, თუ არა ეს... ერთხელ, ერთ ფაქტს შევესწარი, ტელეფონზე ლაპარაკობდა და ჩემზე ასეთი რამ თქვა: ბიძინა ძალიან წესიერი კაცია, იგი ორთოდოქსია, თავის ღმერთს ემსახურება, მე კი ნერვებს მიშლის, მაგრამ სწორად იქცევა, მიყვარსო. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ უკვე ურთიერთგაგება გვქონდა.

ზუსტად წელიწად-ნახევარში დავიწერეთ ჯვარი. როდესაც თამთამ მითხრა, მოდი, ოჯახი შევქმნათ, ოღონდ ერთი წელი მჭირდებაო, ჩვეულებრივად მივყვებოდით ცხოვრებისეულ დინებას. თამთას რომ დედიკო გარდაეცვალა, მას შემდეგ საერთოდ აღარ მოვშორებივარ გვერდიდან. სულ თავიდან, პატარ-პატარა გაუგებრობებიც იყო, ვიღაც-ვიღაცები ენას ატარტარებდნენ... ასეთებიც გავიარეთ, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი გადავლახეთ და დღეს ბედნიერი ვარ, რომ მყავს ცოლად სიყვარულის დედოფალი, თამთა კოსტავა", - განაცხადა ბიძნა მესხმა.

კვირის პალიტრა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×