
ცოტა ხნის წინ რეჟისორ დათა თავაძის სკანდალური სპექტაკლის "ლიბერტეს" გარშემო სერიოზული დისკუსია დაიწყო. მისი პრემიერა 2024 წლის ოქტომბერში "სამეფო უბნის თეატრში“ გაიმართა. სპექტაკლის ანონსში მითითებული გახლდათ, რომ სპექტაკლზე 18 წლამდე პირები არ დაიშვებოდნენ და აკრძალული იყო გადაღებაც. სკანდალმა თეატრის კედლებიდან მაინც გამოჟონა. სოციალურ ქსელში სპექტაკლიდან ფარულად გადაღებული ერთწუთიანი მონაკვეთი გავრცელდა, რომელსაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.
ახლა კი გაირკვა, რომ სპექტაკლის ჩვენება შეწყდა. ეს ინფორმაცია "ამბებს" დათა თავაძის მამამ, ნიკა თავაძემ დაუდასტურა.
"სპექტაკლი "LIBERTE” (თავისუფლება). პირველ რიგში ბოდიში! ბოდიში რომ ვერ დაგიცავით ტყუილისგან. ბოდიში იმისთვის რაც დაგვაბრალეს. ბოდიში იმისთვის, რომ თუ კი რამე გამეგება ამ პროფესიაში ეს სპექტაკლი ერთ-ერთ საუკეთესოა და ვერავინ გადამარწმუნებს ამაში. ბოდიში იმისთვის, რომ სპექტაკლიდან გამოსული მაყურებელი ბედნიერების ცრემლებს ვერ იკავებს. ბოდიში იმისთვის, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად გატკინეთ. ბოდიში იმისთვის, რომ ვეღარასდროს ნახავთ ამ სპექტაკლს და ვერასდროს იგრძნობთ რასაც ვგულისხმობ.
ბოდიში, რომ კოლეგები გვხვრეტენ! ბოდიში, რომ ქართული თეატრი დასრულდა. ბოდიში, რომ შვილებს ვერ ვიცავთ. ბოდიში, რომ უკეთესი მომავლისთვის ხმა ამოვიღეთ. ბოდიში, რომ უსამართლობას და უკანონობას ვერ ვეგუებით. ბოდიში - იდეალებისთვის, ხელოვნებისთვის, სიყვარულისთვის. ბოდიში იმისთვის რაც გვინდოდა, ახლაც გვინდა, ან ოდესმე მოგვინდება…
გიხდით ერთ…! დიდ… ! გაერთიანებულ…! და გენერალურ… ბოდიშს……!!!
ჩვენ ამ სპექტაკლით დავუპირისპირდით ფარისევლობას, ვაჩვენეთ ზღვარგადასული ქცევა, ვამხილეთ მატყუარები და სხვისი ძარცვით გამდიდრებულები, დავგმეთ სუსტის ჩაგვრა და ძლიერების კულტი. ეს გავაკეთეთ მაქსიმალური დაცულობით, დარბაზის მინიმალური ზომით, მაყურებლის მინიმალური რაოდენობით.
სადაც შეგვეძლო და არ შეგვეძლო ვამბობდით, რომ 18 წლამდე მაყურებელი არ დაიშვება, რომ ამის გადაღება და გავრცელება არ შეიძლება. მაგრამ, შემოგვიგზავნეს აგენტი და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. ორსაათნახევრიანი სპექტაკლიდან ამოგვიჭრეს 30 წამი და ესაა სპექტაკლიო ამბობენ…
ჩვენ ვერ გეტყვით რა განსხვავებაა პირად ცხოვრების კადრების გამოქვეყნებასა და ამ კადრების თქვენამდე მოტანას შორის. ჩვენ ვერ გეტყვით ვინ დგას თეატრსა და პროპაგანდას შორის.
ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია ობიექტური სურათი დაგანახოთ, ჩვენს ხელთ არსებული მინიმალური საშუალებით. ვთვლით, რომ თქვენ, იმსახურებთ სიმართლე იცოდეთ, თუნდაც მიუღებელი, მაგრამ სიმართლე", - დაწერა ნიკა თავაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე