რეზონანსი
(23.11.2026)

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა 23 ნოემბრის ღამეს რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე ნავთობის სატუმბ სადგურ „კალეიკინოს“ კვლავ შეუტიეს. ობიექტი ნავთობსადენ „დრუჟბის“ სისტემასთან არის დაკავშირებული. პარალელურად, დრონების შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მახლობლად.

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა The Moscow Times-ის ინფორმაციით, თათრეთში უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის შემდეგ განგაში გამოცხადდა, ხოლო ყაზანის, ნიჟნეკამსკისა და ბუგულმის აეროპორტებში ფრენები დროებით შეიზღუდა.

ადგილობრივი მოსახლეობა ალმეტიევსკის მახლობლად ძლიერი აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ იუწყებოდა.

გამოცემა Astra-მ თვითმხილველების მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების შესწავლის საფუძველზე დაადგინა, რომ ხანძარი ნავთობის სატუმბ სადგურ „კალეიკინოს“ ტერიტორიაზე გაჩნდა.

თათრეთის ხელმძღვანელობის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ თავდასხმის სამიზნე ალმეტიევსკის მახლობლად მდებარე ნავთობის შესანახი რეზერვუარები გახდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხანგრძლივი შეტევის შედეგად რამდენიმე ობიექტი დაზიანდა, თუმცა დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.

ერთი კვირის განმავლობაში მეორე თავდასხმა

„კალეიკინო“ ბოლო ხუთ დღეში მეორედ გახდა დრონების სამიზნე.

წინა შეტევა 19 ნოემბერს განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მაშინ დაზიანდა სამი ნავთობის რეზერვუარი, რომელთაგან თითოეულის ტევადობა 50 ათასი კუბური მეტრია.

უკრაინული მხარის ცნობით, ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო დანარჩენი ორი დაზიანდა.

რუსეთის ხელისუფლება თავდასხმას ადასტურებდა, თუმცა აცხადებდა, რომ მასშტაბური ხანძრის თავიდან აცილება მოხერხდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი „კალეიკინოს“ სადგური?

„კალეიკინო“ რუსეთის ნავთობსადენების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია. სადგური იღებს, ინახავს და ამუშავებს სხვადასხვა საბადოდან მიწოდებულ ნავთობს, რის შემდეგაც მას შემდგომი ტრანსპორტირებისთვის ანაწილებს.

ობიექტზე ნავთობი დასავლეთ ციმბირიდან, თათრეთიდან, ბაშკირეთიდან და უდმურტეთიდან მიეწოდება.

სადგური დაკავშირებულია როგორც რუსეთის შიდა ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებთან, ისე საექსპორტო მარშრუტებთან, მათ შორის ნავთობსადენ „დრუჟბასთან“, რომლის მეშვეობითაც რუსული ნავთობი ევროპული მიმართულებით გადაიზიდება.

ამიტომ სადგურის მუშაობის შესაძლო შეფერხებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნავთობის ტრანსპორტირების პროცესზე.

თუმცა ამ დროისთვის უცნობია, რამდენად სერიოზულად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და გამოიწვია თუ არა ბოლო თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეწყვეტა ან შემცირება.

ხანძარი როსტოვის ოლქშიც

23 ნოემბრის ღამეს დრონების შეტევა განხორციელდა რუსეთის როსტოვის ოლქშიც.

ადგილობრივი მოსახლეობა ნოვოშახტინსკში აფეთქებებისა და ძლიერი ხანძრის შესახებ იუწყებოდა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს შავი კვამლი, რომელიც ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მიმდებარე ტერიტორიიდან ამოდის.

გამოცემა Astra-ს ინფორმაციით, ხანძარი შესაძლოა გაჩენილიყო როგორც ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხნის, ისე მის მახლობლად მდებარე საწვავის შენახვისა და ლოგისტიკის კომპანია „ტატა-გაზის“ ტერიტორიაზე.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა განაცხადა, რომ რეგიონში ღამის განმავლობაში 80-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.

მისი ინფორმაციით, კრასნოსულინსკის რაიონში დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. გუბერნატორს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი საწარმო დაზიანდა.

ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანა რუსეთის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა. ის წარსულშიც არაერთხელ გამხდარა უპილოტო აპარატებით თავდასხმის სამიზნე.

შეტევა პერმის მხარეშიც

ამავე ღამეს დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რუსეთის პერმის მხარეშიც.

რეგიონის გუბერნატორმა დმიტრი მახონინმა სამრეწველო ობიექტის დაზიანება დაადასტურა, თუმცა საწარმო არ დაუსახელებია.

უკრაინული მონიტორინგის არხების ცნობით, თავდასხმის სავარაუდო სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზი“ იყო. ამ კონკრეტულ საწარმოზე დარტყმის ფაქტი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე