ელზა პაპოშვილი
(08.07.2022)

შესაძლოა პუტინი კიევზე ახალი თავდასხმისთვის  ემზადება და ის 24 თებერვალს ომის  პირველი ფაზის  ჩავარდნილი გეგმის გამეორებას აპირებს, რომლის დროსაც კიევის აღება და მისი ხელისუფლების დამხობა ჰქონდა ჩაფიქრებული. ამას კი ბელარუსთან ერთად დაიწყებს და საერთო ძალებით კიევს ჩრდილოეთიდან შეუტევენ. ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ საფრთხე უფრი  დიდი იქნება და უკრაინას საკმაოდ მძიმე ბრძოლაში ჩართვა მოუწევს. მას პუტინის მუქარა საკამოდ რეალისტურად ეჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ „რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია“. მაისაია ვარაუდობს, რომ როგორც ჩანს მას კიევის აღებაზე ხელი არ ჩაუქნევია. 

„კოლექტიურ დასავლეთს ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება უნდა. დასავლეთს უნდა ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და დაამატა, რომ დასავლეთის ეს მცდელობები მარცხისთვისაა განწირული.

„დღეს ჩვენ გვესმის, რომ მათ ჩვენი ბრძოლის ველზე დამარცხება უნდათ. ნუ, რა უნდა ვთქვა? დაე, სცადონ. ჩვენ გამუდმებით გვესმის, რომ დასავლეთს იქამდე უნდა ჩვენთან ომი, სანამ ბრძოლის ველზე უკანასკნელი უკრაინელი არ დარჩება. ეს ტრაგედიაა უკრაინელი ხალხისთვის, თუმცა, ეტყობა, ყველაფერი ამისკენ მიდის. მაგრამ, მინდა ყველას ესმოდეს, რომ ჩვენ იქ დიდწილად სერიოზულად ჯერ არაფერი დაგვიწყია. ამასთან ერთად, ჩვენ არ ვამბობთ უარს მშვიდობიან მოლაპარაკებებზე და ვინც უარს ამბობს, უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო გაიწელება, მით უფრო რთული იქნება ჩვენთან მოლაპარაკება,“ – თქვა პუტინმა.

მისი განცხადებით, დასავლეთს გამოუვიდა რუსეთთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლა, თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესი აშშ-ს მიერ დამკვიდრებული მსოფლიო წესრიგის რღვევას იწვევს. „თუ დასავლეთს სურდა კონფლიქტის პროვიცირება, რათა რუსეთთან ბრძოლა ახალ ეტაპზე გადასულიყო, მათ ეს გამოუვიდათ, თუმცა, ჯამში, ისინი მაინც დამარცხდნენ, რადგან უკრაინის წინააღმდეგ სპეცოპერაციის დაწყება ნიშნავდა ასევე აშშ-ს მსოფლიო წესრიგის კარდინალურ გარდატეხას,“ – აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, დასავლეთმა იგნორირება გაუკეთა მნიშვნელოვან თემებზე დიალოგის დაწყების ყველა მცდელობას.

„ჩვენ უარი გვითხრეს ევროპაში თანაბარი უსაფრთხოების სისტემის შექმნის შეთავაზებაზე, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პრობლემაზე ერთობლივი მუშაობის ინიციატივები ასევე უარყოფილია. გაფრთხილებები ნატო-ს გაფართოების მიუღებლობის შესახებ, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე, უგულებელყოფილია,“ – თქვა პუტინმა.  

სავარაუდოდ, ის იმედს ბელარუსიაზე ამყარებს და არაა გამორიცხული უკრაინაზე ახალი შეტევის დასაწყებად მოქმედება ბელარუსიის ჯართან ერთად დაიწყოს. ამ ეჭვს კი ბელარუსის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილის განაცხადება აჩენს. ის პირდაპირ იმუქრება, რომ კონფლიქტის შემთხვევაში, თავდასხმის მთავარი სამიზნე პოლონეთის ტერიტორია და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა გახდება. ბელარუსი გენერლის თქმით, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ხდება საცდელი ადგილი, სადაც აშშ გეგმავს ევროპაში მორიგი სისხლიანი კონფლიქტის გაჩაღებას რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. პოლონეთის მილიტარისტული მისწრაფებები და დასავლეთის სამხედრო მზადების მთელი კომპლექსი, მათ შორის პოლონეთის ტერიტორიაზე, არის მზადება აღმოსავლეთის მიმართულებით სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად.

უკრაინაში კი მძიმე ბრძოლები გრძელდება. ომის 135 - ე დღეს  ბრძოლები დონეცკის მიმართულებით მმდინარეობს. რუსული ჯარი ქალაქ კრამატორსკის ცენტრს „ისკანდერის“ რაკეტებით დაესხნენ თავს, დაღუპულია 1 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 6. საჰაერო დაბომბვები განხორციელდა ქალაქ სლავიანსკში. მოსახლეობას ტერიტორიიდან ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. გასული დღე - ღამის განმავლობაში უწყვეტად იბომბებოდა ქალაქი ავდიივკა, დაღუპულია 2 ადამიანი. 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ძალების თავდასხმას ხარკოვში, დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. დაიბომბა დნიპროც. რის შედეგადაც განადგურებულია 20 ჰა ხორბლის ყანა. რუსებმა ცეცხლი გახსნეს სუმის ოლქის სოფლების მიმართულებითაც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.    

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ  მაისაია მიიჩნევს, რომ პუტინის განცხადება ძალიან საყურადღებო და საშიშია, და მას ბელარუსიის გენშტაბის უფროსის მოადგილის განცხადება დროში ემთხვევა. რუსეთი როგორც ჩანს ახალ გეგმაზე გადავა. ეს გგემა კი ბელარუსიიდან გაერთიანებული ძალებით კიევზე განახლებული შეტევა შეიძლება იყოს. 

„როგორც ჩანს რაღაც გეგმა უკვე არსებობს, რომელიც ბელარუსიის უკრაინის ომში ჩართვას გულისმხობს. ბელარუსიას ენიჭება ის როლი, რომ მან ჩრდილოეთიდან დარტყმა უკრაინაზე განახორციელოს და ის საკომუნიკაციო ხაზი გადაჭრას, რომელიც უკრაინის ცენტრალურ რაიონებს დასავლეთის სახელმწიფოებთან აკავშირებს. იგივე მათ შორის შეიარაღების მიწოდების კუთხით. ბელარუსია-რუსეთის არმია აპირებს უკრაინის დასავლეთის საზღვრებთან გავიდეს და იქაც მორიგი პლაცდარმი შექმნას, რომელიც სამხედრო რისკის მომასწავლებელი იქნება. თუნდაც ეს სარეკეტო კომპლექსების წვდომის  მიმართულებით იყოს. როგორც ჩანს, ეს გეგმა რუსეთის და გენერალური შტაბების მიერ არის შემუშავებული. სამწუხაროდ ლუგანსკის ოლქის აღების შემდეგ ჯერი უკვე დონეცკის ოლქზეა მისული. როგორც ჩანს დონეცკის აღებას იმ კონტინგენტით აპირებს, რომელიც ამ ჯერად უკრაინაში ჰყავთ და მერე როგორც ჩანს, თუ მთლიანი დონბასი დაიკავეს, მერე მიზანში კიევს ამოიღებს. მისი მიზანი ჯერ ხარკოვის, ზაპროჟიეს, დნეპრის და განსაკუთრებით ოდესა-ნიკოლაევის აღებაა“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“. 

ფიქრობს, რომ ბელარუსის ჩართვა უკრაინას სამხედრო პრობემებს შეუქმნის. 

„ ამ ეტაპზე ბრძოლის ველზე რუსეთ-უკრაინას შორის სამხედრო ძალთა თანაფარდობაა და ეს გათანაბრება დასავლეთიდან წამოსულმა სამხედრო დახმარებამ განაპირობა. უკრაინამ მიიღო გარკვეული სახის ირაღი, რომლის მეშვეობითაც ოდესა-ნიკოლაევის მიმართულებით წარმატებები  აქვს. სწორედ ეს არის ალბათ მიზეზი რის გამოც პუტინი გაღიზიანებულია. რუსებს გარკვეულ წილად ხერსონის მიმართულებითაც თავდაცვით ბრძოლაზე გადასვლა მოუწიათ. ხარკოვის მიმართულებითაც საკმაოდ ცუდი სიტუაცია აქვთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც რუსეთი დასავლეთს დაემუქრა, რომ სრულმასშტაბიან სამხედრო ძალას აამოქმედებს და ეს ძალა ბელარუსიიდან იქნება დახმარებული“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, მუქარა ძალიან ღია და მკაფიოა, რომ ბელარუსია და რუსეთი ნატოს ღიად ემუქრებიან. პოლონეთზე თავდასხმა ავტომატურად მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს. მაისაია ამ რისკებს ხედავს და ფიქრობს, რომ ჰიბრიდული ომის შემდეგ სულ რაღაც ერთი ნაბიჯია დარჩენილი, რომ ნატოსა და რუსეთს შორის კონვენციური ომი დაიწყოს. ამიტომ ბელორუსია, როგორც ჩანს ამისთვის მზად არის და თუკი პოლონეთის წინააღმდეგ ასე იმუქრება, გარანტია არაა, რომ ის უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში არ ჩაებმება. 

„სამწუხაროდ თუ ბელარუსია ომში ჩაერთო, პუტინის გეგმა იქნება, რომ კიევს ჩრდილოეთიდან დაარტყას. ეს უკვე საკმაოდ სახიფათო ელემენტებს მოიცავს. თუ ომის პირველი კამპანიის დროს რუსეთმა კიევის აღება ვერ შეძლეს, ახლა ბელარუსიასთან ერთად ეს შანსი, სამწუხაროდ, იზრდება. თუკი მაშინ უკრაინის სამხედრო ძალას დედაქალაქთან სერიოზული ძალების  მობილიზების საშუალება ჰქონდა, ახლა ამის რესურსი  აღარ აქვს. ჯარი ძალიან გადაღლილი და სხვადასხვა ფრონტებზე  3000 კილომეტრის მანძილზეს, ზიგზაგურად არის გაშლილი. პუტინმა ეს იცის და მისი ჩანაფიქრი ვერაგულია. ის კიევზე ხელის აღებას არ აპირებს და სამწუხაროდ მგონია, რომ ამისთვის  ემზადება“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე