თეონა ვეშაგური
(10.07.2022)

ინდონეზიაში "დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას დიპლომატებმა სერგეი ლავროთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს, რამაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გაანაწყენა.

ლავროვის თქმით, ამ ქვეყნის ლიდერებს ასე ესმით ეტიკეტი. როგორც ცნობილია, შეხვედრის ზოგიერთმა მონაწილემ არ ისურვა ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღებაც, რის გამოც ერთობლივი ფოტოს გადაღების ტრადიციული ცერემონია გაუქმდა.

ინციდენტის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ "დიდი ოცეულის" შეხვედრაზე რუსეთი მარტო და იზოლირებული დარჩა, რადგან მონაწილეთა უმეტესობამ უკრაინის ომის მიმართ წინააღმდეგობა გამოხატა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე იყო ძლეირი კონსესუნსი, რის გამოც რუსეთი დარჩა იზოლირებული.

მანვე განმარტა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შეხვედრა დროზე ადრე შესაძლოა იმიტომ დატოვა, რომ არ მოსწონდა ის, რასაც მისი კოლეგებისგან ისმენდა.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მან ხმამაღლა და ნათლად მოისმინა მთელი მსოფლიოდან რუსეთის აგრესიის დაგმობა," - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის ვერ ხედავენ იმის ნიშანს, რომ რუსეთი მზად არის ჩაერთოს დიპლომატიაში.

„უახლოეს დღეებში ვნახავთ, მიიღებს თუ არა რუსეთი „დიდი ოცეულიდან" გზავნილს", - აღნიშნა ბლინკენმა.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დახურულ ნაწილში რუსეთის დელეგაციას უკრაინის საზღვაო პორტებიდან სურსათის ექსპორტის განბლოკვისკენ მოუწოდა.

„ჩვენს რუს კოლეგებს მინდა ვუთხრა: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული თქვენი მარცვლეული არ არის. რატომ ბლოკავთ პორტებს?"- განაცხადა მან.

ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სერგეი ლავროვის იზოლირებასთან დაკავშირებით ზღაპრებს თხზავს.

„ბატონო ბლინკენ, ეს თქვენ ჩაიგდეთ საკუთარი თავი თვითიზოლაციაში, ფორუმის რამდენიმე ღონისძიების გამოტოვებით. ახლა კი, საკუთარი წარუმატებლობის გასამართლებლად, ზღაპრებს თხზავთ. გვითხრეს, როგორ სთხოვთ ყველას რუსეთის „იზოლირებას" და ყველა, ვისაც სთხოვთ, თქვენს ზურგს უკან იცინიან, რადგან იციან, რომ დღევანდელი ადმინისტრაცია განწირულია სამარცხვინო დასასრულისთვის", - აღნიშნა ზახაროვამ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მნიშვნელოვანი განაცხადი იყო დასავლელი დიპლომატების ქმედება ლავროვთან მიმართებით, თუმცა, უკეთესი იქნება თუ რუსეთი საერთოდ არ მიიღებს მიწვევას ამ შეხვედრიდან. მისივე თქმით „დიდი ოცეულის" შეხვედრაზე აქცენტები იმ ეკონომიკურ კრიზისზე იყო გაკეთებული რომლის წინაშეც დგას მსოფლიო უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.

„ამ ინციდენტის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბება ვითარება, კიდევ ერთი მინიშნება იყო რუსეთის მიმართულებით, რომ თავისი აგრესიული პოლიტიკის გამო უნდა იყოს იზოლირებული. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ არც უნდა მიიწვიონ ამ შეხვედრებზე რუსეთის დელეგაცია, ეს იქნება მთავარი იგნორი. როგორც „დიდი შვიდეულის" შეხვედრებში არ მონაწილეობს რუსეთი ანალოგიურად უნდა ხდებოდეს ამ შეხვედრის დროსაც.

„რაც შეეხება იმ საკითხებს რომლებზეც ყურადღება იქნა გამახვილებული აღნიშნულ შეხვედრაზე. ეს არის პირველ რიგში, მიმდინარე ომი უკრაინაში და მისი ასახვა მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე.

„ჩვენ ვიცით, რომ მოსალოდნელია ეკონომიკური პრობლემები, შესაძლოა მსოფლიომ დაკარგოს 5 დან 10 მილიარდ დოლარამდე. ამასთან მსოფლიოს ბაზრის დაახლოებით 30% შეადგენს რუსეთისა და უკრაინის მარცვლეულს. ამიტონ ყველა ეს საკითხები, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება, აუცილებლად იქნებოდა განხილული", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ბლინკენი 6 ივლისს ჩავიდა აზიაში, სადაც 8 ივლისს შეხვდა "დიდი ოცეულის" სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ვიზიტის დროს მან შეხვედრა გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან კი ბლინკენის შეხვედრა დაგეგმილი არ იყო.

შეხვედრების დაწყებამდე, ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რამინ ტულუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბლინკენი წამოჭრის ენერგეტიკის უსაფრთხოების საკითხს და ილაპარაკებს აშშ-ის ინიციატივაზე უკრაინის და რუსეთის საკვები პროდუქტების და სასუქების გლობალურ ბაზრებზე დასაბრუნებლად. უკრაინა, მოსკოვის მხრიდან ქვეყანაში შეჭრის ფონზე, რუსეთს ბრალს სდებს მისი მარცვლეულის მოპარვაში და პორტების ბლოკირებაში, რაც შეუძლებელს ხდის მარცვლეულის ექსპორტს და აძლიერებს საკვების გლობალურ დეფიციტს.

მიმდინარე კვირაში უკრაინამ გამოაცხადა, რომ თურქეთთან და გაეროსთან მართავს მოლაპარაკებებს მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად. მოსკოვი უარყოფს უკრაინის მარცვლეულის მისაკუთრებას, მაგრამ სატელიტური სურათები და GPS-ის მონაცემები აძლიერებს ბრალდებებს, რომ რუსეთი უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს ყირიმის სევასტოპოლის პორტის მეშვეობით ახორციელებს. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსირება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე