თეონა ვეშაგური
(27.07.2022)

უკრაინის არმიამ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევები გააძლიერა. თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ კონტროლირებად დონბასის ტერიტორიაზე მიიტანეს იერიში, სამიზნეში მოექცა სანავთობო ბაზა. თავის მხრივ, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ხარკოვის ოლქზე განახორციელეს - ერთი რაკეტა ქალაქ ჩუგუევში ერთ-ერთ შენობას მოხვდა. დაიღუპა 3 ადამიანი, მაშველებმა 4 მოქალაქის გადარჩენა და შენობის ნანგრევებიდან ამოყვანა მოახერხეს. ასეთია ომის 154-ე დღე უკრაინაში.

ღამით მასობრივი შეტევა იყო სუმის ოლქზეც. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსებმა იერიში ტერიტორიაზე „გრადის" ტიპის რაკეტებით მიიტანეს. არიან დაშავებულები.

დაბომბვის შესახებ იუწყება ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვიც. მისი განცხადებით, ქალაქზე მტრის მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა. მერის თქმით, თავდასხმის სამიზნე ქალაქის ინდუსტრიული ობიექტები იყო.

იგორ ტერეხოვმა „ტელეგრამის" არხზე ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმას მსხვერპლი და ხანძარი არ მოჰყოლია, სამედიცინო პერსონალი კი დაშავებულების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

ამასთან, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე რუსმა დამპყრობლებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე მოხდა. თავდასხმის შედეგად განადგურდა 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი გადარჩენილის ამოყვანა შეძლეს, ერთი პირი კი დაიღუპა.

როგორც უცხოური გამოცემა „უნიანი" იტყობინება, უკრაინელმა სამხედროებმა მტკიცედ მოიგერიეს რუსი დამპყრობლების თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ, მტერი წარუმატებლად შეიჭრა ვერხნეკამენსკში და უკან დაიხია. სემიგორიასა და კოდემის რაიონებში, ბახმუტის მიმართულებით, საომარი მოქმედებები გრძელდება.

გრძელდება სლავიანსკის მიმართულებით დაბომბვაც. აფეთქების ხმა ისმოდა დროებით ოკუპირებულ ხერსონში. უკრაინული მედიის ცნობით, შეტევა შესაძლოა, უკრაინელებმა სტრატეგიული მნიშვნელობის ანტონოვსკის ხიდზე მიიტანეს, რომელიც რუსეთის ჯარისთვის მომარაგების უმნიშვნელოვანეს არტერიას წარმოადგენს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერში" დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში საკვანძო ხიდზე დარტყმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. იგი ოკუპანტებს მიმართავს:

„თქვენ შეგიძლიათ უწოდოთ ანტონივსკის ხიდს რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალება, რომელიც ანადგურებს ყველა უკრაინულ რაკეტას, მაგრამ რეალობას ვერ გაექცევით - ოკუპანტებმა მდინარე დნეპრში ცურვა უნდა ისწავლონ ან მათ უნდა დატოვონ ხერსონი, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. შეიძლება, მესამედ გაფრთხილება აღარ იყოს," - წერს პოდოლიაკი.

მიმდინარე პროცესების ფონზე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა", სავარაუდოდ, ტაქტიკური წინსვლა მოახერხა დონბასში ვუჰლეჰირსკის ელექტროსადგურისა და სოფელ ნოვოლუჰანსკეს მიმდებარედ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე