ნატალია ჯვარიძე
(30.01.2026)

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების თაობაზე სტუდენტებისა და პროფესორების უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო აქცია გაიმართა ლოზუნგით - „დაიცავი განათლება". საპროტესტო გამოსვლები დაანონსებულია მომდევნო დღეებშიც.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით კი „არავისთვის მთავარი ამოცანა შენობების გაყიდვა ან გასხვისება არ არის, არამედ მთავარი არსი არის ხარისხიანი განათლება".

29 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან თსუ-სა და სტუ-ს სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილები.

აქციის მონაწილეები განათლების მინისტრ გივი მიქანაძის განცხადებას აპროტესტებდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე.

სტუდენტები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება დაანონსებული განათლების რეფორმით განათლების სისტემას აზიანებს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, „სტუდენტებისთვის არაფერი იცვლება იმ მხრივ, რომ იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები და ეს ყველასთვის იქნება განსაკუთრებით ხაზგასასმელი".

  • „ვინც კეთილსინდისიერად დაფიქრდება, ყველა მიხვდება, რომ ეს მხოლოდ სასარგებლო არის ორივე უნივერსიტეტისთვის იმიტომ, რომ ჩვენ ამით გვექნება უმაღლესი დონის განათლება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ამასთან, მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მთავრობის ინიციატივას აფასებს და ამბობს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები ბევრ ეჭვს აჩენს.

„უპირველეს ყოვლისა მინდა ავღნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება გაერთიანებას კი არა, ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებას და თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამრავალფეროვნებას გულისხმობს, ოღონდ ტექნიკურის ხარჯზე. მე მივყვები იმ ლოგიკას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები, რაც საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა, გადასახედი და შესაცვლელია. ანუ ნებისმიერ იდეას შეიძლება გავყვე, რომელიც ინტეგრირების პროცესს გვაჩვენებს. თუმცა ერთ-ერთი სამწუხარო ფორმა არის ის, რომ ადამიანების ჩართულობა არ არის, ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებს და მომხმარებლებს, განათლების მიმღებს არ ეკითხებიან. არც იმათ ეკითხებიან, ვინც ამ ყველაფერს ქმნის - ლექტორებს, ადმინისტრაციებს და ა.შ. მხოლოდ რექტორთან კონსულტაციები იყო და როგორც გაირკვა, მისთვისაც მოულოდნელი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება.

ზოგადად, თანამედროვე ეპოქაში ხელისუფლება გადაწყვეტილებას შეთანხმებულად უნდა იღებდეს. აქედან გამომდინარე, ასეთი რაღაცები იძლევა ეჭვს- იქნებ ამ ყველაფრის მიზეზი არა განათლების გაუმჯობესებაა, არამედ პერსონალური ინტერესებია. სხვა შემთხვევაში შესაძლებელი იყო ეს საკითხი მსჯელობის საკითხი ყოფილიყოს. ტექნიკური უნივერსიტეტი ძალიან კარგ ტექნოლოგიურ სივრცეს ქმნიდა. ძალიან ბევრი კითხვაა და პასუხი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ უნდა გაერთიანდეს.

ჩვენ უკვე იმ რეჟმში ვცხოვრობთ, რომ ხელისუფლებას ხალხის ინტერესები და ნება არ აინტერესებს. არის ხომ შემთხვევები, როცა მთავრობა კომპრომისზე უნდა წავიდეს, რაღაცებზე შეიძლება არც წავიდეს. თუმცა ბოლო 2 წელიწადი მივყვებით პროცესებს, როცა არ გვახსოვს რაიმე კორექტირება შეეტანა, არათუ გადაწყვეტილების გადახედვა. 

  • მე ამ პროტესტებს ბუნებრივ მოვლენად ვთვლი, მაგრამ აღნიშნული რეალობიდან გამომდინარე, დიდ იმედებს არ ქმნის.

უბრალოდ როგორ გინდა ამ ყველაფერს მიჰყვე, თორე მთავრობა ჩვენთან წმინდა ავტორიტარულ მეთოდს ავლენს. აქედან გამომდინარე, რაღაც დადებით მათგან არ ველი", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე