ნატალია ჯვარიძე
(30.01.2026)

სტუ-ს პროფესორ, პოლიტოლოგ იგორ კვესელავას ეჭვი ეპარება, რომ ხელისუფლებამ აზრი შეიცვალოს მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი მიდის. ფიქრობს, ეს რაღაც პიროვნულ გადაწყვეტილებასთან არის დაკავშირებული და არა საერთო ინტერესთან. ასე ეხმაურება პოლიტოლოგი თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებას.

იგორ კვესელავა: როცა ასეთ რეორგანიზაციას აპირებ, უმღლესი სასწავლებლის მოღვაწეებს უნდა დაუძახო და დაელაპარაკო. შევარდნაძეც კი მოდიოდა ტექნიკურ უნივერსიტეტში და გვეკითხებოდა, თუ რა პრობლემები გვქონდა. ახლა რამდენი წელია არავინ მოსულა და არაფრით დაინტერესებულან. მინისტრებს კი ცვლიან წარამარა. მე სულ ვიძახი, არ შეიძლება სამართლის მცოდნე ერთდროულად იყოს სხვადასხვა სფეროს მინისტრი. გეპეი ყველაზე ძველი უნივერსიტეტია და უზარმაზარი კადრები აღზარდა. როგორ შეიძლება ამის გაუქმება? ეს ნიშნავს მთლიანად საქართველოს მრეწველობის გაუქმებას და პროფესორების გაშვებას. მე სულ ვამბობ, ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, საზოგადოება კი რჩება.

ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებამ აზრი შეიცვალოს მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი მიდის.

  • ეს რაღაც პიროვნულ გადაწყვეტილებასთან არის დაკავშირებული და არა საერთო ინტერესთან.

რაც ამათ დროს ხდება, არ მომხდარა არასდროს. მე კიდევ ერთხელ უნდა დავადასტურო, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ყოველთვის ხელისუფლების გვერდით იდგა. ამიტომ როცა ასეთ სიტუაციაში ხარ, რაღაცას მაინც უნდა გაუწიო ანგარიში. ოპოზიციური ეს უნივერსიტეტი არ ყოფილა. შე ოჯახაშენებულო, როცა პირდაპირ გაუქმებაზე მიდიხარ, ათასობით კაცი შიმშილის ზღვარზე უნდა დააყენო? ეს მიუღებელი და ანტიქართულია.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიის შექმნის გადაწყვეტილებას?

ი.კ: ხანდახან მიკვირს, ამ მთავრობას ყურები გამოსაწმენდი ხომ არ აქვს? როცა რაღაცას გეუბნებიან, ყოველთვის მართალი როგორ ხარ? უნდა მოუსმინო და იმსჯელო. ქვეყანა დამოუკიდებლობასა და საერთაშორისო მხარდაჭერას კარგავს. საზოგადოების დიდი ნაწილი ქვეყნიდან გარბის და თქვენ ვერაფერს ხედავთ? ან კადრების ასე სწრაფად შეცვლა რა არის? მინისტრები კი არ უნდა ცვალოთ, სისტემაზე უნდა იმუშაოთ, თუ როგორ გააუმჯობესოთ.

რაც შეეხება ევროპას, როცა იტყვი რაღაცას, წინასწარ უნდა დაფიქრდე. როცა ევროპის ვიღაც ძლიერი ხელმძღვანელი გამოდის, ცოტა მოზომილად უნდა უპასუხო, რადგან პატარა ქვეყანა ხარ. კავკასიაში სატრანზიტო ხაზი გაქვს მარტო და იმასაც კარგავ. მეტი არაფერი გაქვს. ხელისუფლებას ხალხი საითკენ მიჰყავს კაცო? ხალხი შეიძლება ერთხელ მოატყუო, მეორეჯერ ნაწილი შეაცდინო, მაგრამ სამუდამოდ ვერ იზამ. ახლა საზოგადოება ითმენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე