
პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივას მედიასივრცეში პოლიტიკური დებატების დაბრუნების შესახებ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე განხორციელება არ უწერია. შეთავაზებიდან თითქმის 10 დღე გავიდა. ოპოზიციის ნაწილი დებატებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ხოლო „ქართული ოცნების" წარმომადგენლები იმაზე საუბრობენ, თუ რომელ ოპოზიციურ ძალებთანაა მისაღები დებატები და რომელთან არა. ჩაიშალა თუ არა დებატები საბოლოოდ და რა მიზეზებმა განაპირობა პროცესის ჩიხში შესვლა?
ინიციატივა დებატების ჩატარების შესახებ პრემიერმა სოციალურ ქსელში 22 იანვარს გამოაქვეყნა.
„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ" აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს", - წერდა ირაკლი კობახიძე.
ოპოზიციის ნაწილი ამ შეთავაზებას თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა კი იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ მედია სივრცეში პოლიტიკური დებატების დაბრუნების იდეა მხოლოდ ოპოზიციის ნაწილს ეხებოდა.
მომხრეები და მოწინააღმდეგეები ოპოზიციაში
„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია დარწმუნებით აცხადებდა, რომ დებატები არ იქნებოდა:
„მაინც მოკლედ ვიტყვი დებატებზე, რომელიც, ცხადია, არ იქნება და არ იქნება „ოცნების" გადაწყვეტილებით: დებატებზე უარი (ჯერ კიდევ წლების წინ) „ოცნების" სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო და არა ტაქტიკური. ამ გზით მათ ერთობლივად რამდენიმე ამოცანა შეასრულეს:
„თავი აარიდეს საზოგადოების წინაშე ტოტალური მარცხების სერიას (ამიტომაც არ დადიოდნენ ოპოზიციურ არხებზე);
„დაცალეს ტვ-სივრცე პროპაგანდისტულის გარდა ყველა სხვა ნარატივისგან (ამიტომაც არ უშვებდნენ ოპოზიციას საკუთარ ტვ-ებში), რაც პირდაპირ ეთერში კრიტიკულად განწყობილ ადამიანს გამორიცხავს."
დებატების ჩატარების წინააღმდეგია „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაც.
„ნაცმოძრაობის" ლიდერები დებატების იდეას, თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა რამდენიმე დღის წინ, სასმართლო პროცესიდან ლევან ხაბეიშვილის განცხადებამ, რომ პოლიტიკოსებმა ამ საკითხზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, თანაგუნდელების მხრიდანაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
„სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე, „გირჩი - მეტი თავიუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, პარტია „გახარია საქართველოსთვის" და „გირჩი" კი დებატებზე თავიდანვე თანხმობას აცხადებდნენ.
„ოცნების" პოზიცია
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ დებატები მასთან იქნება, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს იცავს.
„თავის დროზე, რადიკალებმა გარედან დავალებით ყოველგვარი დისკუსია ჩაკეტეს და ეს სხვადასხვა დროს ფაქტებითაც დამტკიცდა. მათი მიზანია არანაირი დისკუსია არ იყოს, სლოგანების ყვირილი იყოს. ჩვენი მიზანია საგნობრივი დისკუსია იყოს. ალბათ თქვენ ხვდებით, ვის აქვს უნარი და ცოდნა საგნობრივი დისკუსიისთვის. რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას და „ნაცმოძრაობას" საგნობრივი დისკუსიისთვის პოლიტიკური მზაობა არ აქვთ. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაცმოძრაობა" ჩვენთან დებატებში მოვა, განათლების რეფორმას განიხილავს და იტყვის, პარლამენტმა კანონი ასე უნდა შეცვალოსო, როცა ამბობენ, რომ არალეგიტიმური ხართო და კრემლისგან იმართებითო?
„როგორ უნდა დაჯდე, მაშინ საჩხუბრად უნდა მოვიდნენ. რომც უნდოდეთ, ვერ შეძლებენ, თავადვე ჩიხში არიან. ეს ადამიანები კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებენ და ამ პროცესს ლეგიტიმაცია არ უნდა მივცეთ. ჩვენთან მოსასვლელად და სადისკუსიოდ არანაირი პირი არ აქვთ. ტრანსპარანტებით თუ მოვლენ. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაცმოძრაობა" მოვა და ფასებზე რას იტყვის, მთავრობამ გადასახადი ასე დაწიოს, კანონი ასე შეცვალოსო? დებატები მასთან იქნება, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს იცავს და მზაობას გამოთქვამს", - განაცხადა შალვა პაპუშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა კი განაცხადა, რომ ოპოზციის მხრიდან დებატებზე უარი გასაკვირი არ არის.
„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. აქამდე სტრასბურგის სასამართლოში ვინც შეიტანა სარჩელი, ყველგან საქართველოს მართლმსაჯულება გამართლდა და ითქვა, რომ გადაწყვეტილებები სწორი იყო. ვიღაც რომ პატიმარს საფუძვლების გარეშე პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტპატიმრები არიან. ის მაინც ეთქვათ, ისინი პოლიტპატიმრები არიან და თქვენთან დებატებზე ამაზე მოვდივართო, მაგრამ დებატებს სრულიად გამორიცხავენ.
„თავიანთ ნებას არ ახორციელებენ, როგორც ეტყვიან, ისე აკეთებენ. როგორც ჩანს, უთხრეს, რომ ამ ეტაპზე, ხელისუფლებასთან არავითარი კონტაქტი არ უნდა იყოს. ჩვენ ამას მივეჩვიეთ, რადგან უარესიც გააკეთეს - პარლამენტში 61 მანდატი ჰქონდათ და არ გამოიყენეს. ტელევიზიაში რომ დებატებზე არ მოვიდნენ, რა გასაკვირია", - განაცხადა შარმანაშვილმა.
ვისი მიზეზით ჩაიშალა დებატები
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ დებატების იდეა თავიდანვე კრახისთვის იყო განწირული, ახლა კი სიტუაცია იმ ფაზაშია, როცა თავად ინიციატორი ცდილობს დაამტკიცოს, რომ დებატების ჩატარება არა მის გამო, არამედ ოპოზიციის გამოა შეუძლებელი.
„ვფიქრობ, ეს თავისი არსით რიტუალური შეტყობინება უფრო იყო. რომელ დებატებზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როცა ხელისუფლებისადმი ლოიალურ არხებზე არათუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დებატები, არამედ, ვთქვათ, სავსებით მიუკერძოებელი სპეციალისტები არიან დაბლოკილი, მრავალთა შორის მეც. ვლაპარაკობთ დებატებზე მაშინ, როცა ამ არხებს ელემენტარული დაბალანსების პოლიტიკაც კი გააჩნია...
„ალბათ ელოდებოდნენ, რომ ოპოზიცია იტყოდა უარს. დებატები კომუნიკაციის ფორმაა, ამიტომ ოპოზიციის მხრიდან ამ წინააღმდეგობას ასეთ დონეზე არ გადააწყდნენ. შემდეგ დაიწყო პირობების დაყენება.
- „მაყურებელს აინტერესებს „ხალხის ძალასა" და „ნეიტრალურ საქართველოს" შორის დებატი? - არა, აინტერესებთ მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დებატი".
„ახლა მიდის ეს პროცესი, რომ ეს დაამტკიცოს იდეის ავტორმა, რომ ეს შეუძლებელია, ოღონდ მის გამო კი არა, არამედ ოპოზიციის გამოა შეუძლებელია. ასე ვვარაუდობ", - განაცხადა გამზარდიამ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ დებატები იმ ხალხთან უნდა ჩატარდეს, რომლებიც უცხოეთიდან არ ფინანსდებიან:
„დებატები უნდა ჩატარდეს იმ ხალხთან, რომელსაც ეს კულტურა გააჩნია, ქვეყანა უყვარს და გარედან დაფინანსებული არ არის, ანუ სამშობლოს მოღალატე არ არის. ასეთები კი დღევანდელ ოპოზიციაში, სამწუხაროდ, არ არსებობენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი სათუოდ დგას, თუმცა არის საქართველოში ძალები, რომლებიც არიან საზოგადოებრივი წარმოამდგენლები და მათთან ამ დებატების გამართვა შეიძლება."
გვენეტაძეს თქმით, ასე იმიტომ მოხდა, რომ თავად ოპოზიციონერებს არ სურთ დებატებში მონაწილეობა.
- „იმიტომ გაჟღერდა ეს მმართველი გუნდიდან, რომ შემდეგ ვინმეს სალაპარაკო არ ჰქონდეს, რომ ხელისუსფლება მხოლოდ საკუთარი თავისთვის იბრძის და საკუთარს აჟღერებს.
„აგერ ფაქტი - თავად ოპოზიციონერები აცხადებენ, არ მივიღებთ მონაწილეობასო. მე რომ მკითხო, იმ ხალხთან, რომლებიც სამშობლოს ღალატში არიან შემჩნეული, დებატები არც უნდა ჩაატარო", - განაცხადა გვენეტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



