რეზონანსი
(01.02.2026)

უცხოური დაფინანსების შეზღუდვის მიზნით ინიციირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვას, პარლამენტი მომავალი კვირიდან იწყებს. ცვლილებებს, რომელიც ერთდროულად 7 კანონში შევა, ხვალ იურიდიული კომიტეტი განიხილავს. საკითხს პირველი მოსმენით კენჭს სავარაუდოდ მომდევნო კვირასვე უყრიან. სიახლის თანახმად, ზუსტდება გრანტების განმარტება, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ასევე სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.

შეზღუდვები წესდება პარტიის წევრობაზეც. 8 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიის წევრი ვერ გახდება იმ ორგანიზაციაში დასაქმებული პირი, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. კანონით დგინდება სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნებაც, რომლის საქმიანობა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს. ასეთ სუბიექტს გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა დაჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. იურიდიული სამეწარმეო საქმიანობის საკითხს კი ადმინისტრაციული კოდექსი დაარეგულირებს.

კანონის გამკაცრების მიზანი, უმრავლესობით თქმით, იმ ე.წ. შავი ხვრელების ამოვსებაა, რომელიც საქართველოში უცხოური ფულის შემოსატანად და რევოლუციური პროცესის დასაფინანსებლად გამოიყენებოდა.

"თუ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" აცხადებს, რომ გარედან მიღებული თანხებით პარტიული საქმიანობა უნდა დაფინანსდეს, გავუმხელთ ერთ სიმართლეს, რომ პარტიის დაფინანსება უცხოეთიდან დაახლოებით 30 წელია აკრძალულია. შესაბამისად, ისინი თუ ამ თანხებს იღებდნენ სხვადასხვა შემოვლითი გზებით, ისინი კანონს არღვევენ უკვე წლების განმავლობაში.

ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი მარტივია, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა დაფინანსებული იყოს ქართული სუბიექტების მიერ და ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქის ინტერესების გატარებას და არა იმ კოლექტიური ძალების ინტერესების, რომლებისთვისაც მიზანი არის, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოხდეს და მათ დაკრულზე მოცეკვავე ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე