
ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებაზე ტექნიკურ უნივერსიტეტში სერიოზული პროტესტი გამოიწვია. ლექტორები და სტუდენტები მთავრობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ღია წერილით „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავენ. ასევე ჩანიშნულია სტუ-ს აკადემიური საბჭოს საგანგებო შეკრება, სადაც საკითხს განიხილავენ, რომელიც, ორშაბათს ან სამშაბათს გაიმართება. სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ კი განაცხადა, რომ მომავალ კვირას განათლების მინისტრთან კონსულტაციები ექნება.
„მინდა, საზოგადოებას მოვახსენო, რომ პირველივე დღიდან შევხვდი როგორც აკადემიური საბჭოს წევრებს, წარმომადგენლობით საბჭოს წევრებს, დეკანებს, პროფესორებს, ახალგაზრდებს ვხვდები დღეში ორჯერ. ჩვენი გადაწყვეტილება ასეთია, რომ ბატონი მინისტრის განცხადების შემდგომ ჩვენ ფაკულტეტებზე, ინსტიტუტებში, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში და მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოებაში განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს", - განაცხადა რექტორმა შაბათს სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსთან გამართულ აქციაზე.
გარდა ამისა, დავით გურგენიძემ თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს და გეგმავს, აკადემიური საბჭო შეკრიბოს და ღია მსჯელობა გამართოს.
„ამის პოლიტიკისკენ წაყვანის უფლებას არავის მივცემთ. აქ ადამიანების დათვლის უფლება არ აქვს.
- პროფესორები თავებით არ ითვლებიან. მე არსად გადადგომას არ ვაპირებ. სანამ მაქვს ეს უფლება სახელმწიფოსგან, ვარ თქვენი არჩეული და ლეგიტიმაცია მაქვს, თქვენთან ერთად ვარ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული.
ამიტომ თითოეული სტუდენტის და ლექტორის აზრი მაინტერესებს, ამიტომ ვიმსჯელოთ.
„თქვენთან შეთანხმებით ორშაბათს ან სამშაბათს აკადემიურ საბჭოს შევკრებ და იქნება ღია შეხვედრა და იქნება მსჯელობა. ვაცნობებ განათლების მინისტრს, ის საქართველოში არ არის, თუმცა მასთან კონტაქტი მაქვს", - განაცხადა რექტორმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ჰუმანიტარული მიმართულებებისა და დუბლირებული ფაკულტეტების დათმობის შეთავაზება, გურგენიძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ერთი წელია მიმდინარეობდა და ფაქტობრივად შეჯერებული იყვნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება პირდაპირ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, იშუამდგომლოს განათლების რეფორმის შემმუშავებელ კომისიასთან, რათა აკადემიურ საზოგადოებას მიეწოდოს „სრული და ამომწურავი ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შინაარსის, მიზნების, განხორციელების მექანიზმებისა და ვადების შესახებ".
როგორც სტუ-ს წერილშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების მოთხოვნაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე, პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მოხდეს საჯარო განხილვა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვერ განიხილება როგორც რომელიმე სხვა ინსტიტუციის სტრუქტურული დანაყოფი ან „სკოლა". ჩვენი თითოეული საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი წარმოადგენს დამოუკიდებელ სამეცნიერო-აკადემიურ სკოლას, რომელმაც ჩამოაყალიბა და განავითარა საინჟინრო აზროვნება და პრაქტიკა საქართველოში. ჩვენი ქვეყნის განვითარება იყო, არის და, რწმენა გვაქვს, იქნება დაფუძნებული ქართველი ინჟინრების ცოდნასა პროფესიულ პასუხისმგებლობაზე. ეს არ არის მხოლოდ ემოციური სიტყვები, ეს არის ტრადიცია, წარსულის მემკვიდრეობა და მომავლის განვითარების საფუძველი.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების მოთხოვნაა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე, პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მოხდეს საჯარო განხილვა ჩვენს საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან. ან მოხდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების დასწრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვაზე", - ნათქვამია გნცხადებაში.
ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 31 იანვარს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია გაიმართა. აკადემიური და სამეცნიერო წრეები, ასევე სტუდენტები, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. ისინი მზად არიან შეხვდნენ მინისტრსა და პარლამენტის განათლების კომიტეტის წარმომადგენლებს და არგუმენტირებულად დაუსაბუთონ, რა მიზეზით არის გაუმართლებელი ორი უნივერსიტეტის გაერთიანება.
მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ საპროტესტო ბანერები წარწერით: „ჩვენ არ დავთმობთ სტუ-ს"; „სტუ-ს ისტორია არ წაიშლება"; „ნუ კლავთ ტექნიკურ განათლებას".
როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა მაია ბენიამ განაცხადა, ორი უნივერსიტეტი გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება თავად უნივერსიტეტთან შეთანხმებული არ ყოფილა, რაც მათი ლეგიტიმაციისა და იურიდიული უფლებების დარღვევაა.
„მთავრობის გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი იყო, გვაქვს უსამართლობის განცდა. დაირღვა ჩვენი ლეგიტიმაცია, ჩვენი იურიდიული უფლებები, რადგან უნივერსიტეტი არის ავტონომიური ორგანო, არავითარი შეთავაზება და განხილვა არ ყოფილა.
- „16 იანვარს უნივერსიტეტის იუბილე გვქონდა, ღონისძიებაზე მოვიდა მინისტრი, მთავრობა, გვაქეს, გვადიდეს, ბოლოს კი ამით დასრულდა ყოველივე. არ ვიცი, ეს რა ფარისევლობაა.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ იმ ადამიანებმაც არ იცოდნენ, რომ ეს მზადდებოდა, როცა აქ მოვიდნენ. სად მიიღეს ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილება და რატომ არის პანაცეა თსუ-ის და სტუ-ის შერწყმა, იქნებ აგვიხსნან ჩვენ, უვიცებს, რომლებმაც არაფერი ვიცით თურმე და ჩვენთან თურმე განხილვას არ აქვს აზრი.
„თუ „გეპეი" და თსუ ჰარვარდი და ოქსფორდი არ არის, როგორც ქვეყანა ვითარდება, ისე ვართ ჩვენც.
„ეს არის ჩვენი დედა უნივერსიტეტი და დავუშვათ, შენი დედა რომ მოხუცდეს, ავად გახდეს და დახმარება სჭირდებოდეს, ამ დედას გადააგდებ და ახალს მოიყვან?
„ჩვენ იმ დედას უნდა ვუმკურნალოთ, ვუწამლოთ, სისხლი გადავუსხათ. ამის ნაცვლად ავდგეთ და ვიღაცას შევერწყათ? ოჯახში რომ სატკივარი გქონდეს, სხვის ოჯახს შეერწყმები თუ რას იზამს? ან რა გაუმჯობესებაზეა საუბარი - თსუ-მ რა უნდა გაგვიუმჯობესოს, იმათ სხვა ნიშა აქვთ საერთოდ, ის არის ჰუმანიტარული სპეციალობების, ჩვენ - ტექნოლოგიური", - განაცხადა მაია ბენიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



