
უცხოური დაფინანსების შეზღუდვის მიზნით ინიციირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან იწყებს. ცვლილებებს, რომელიც ერთდროულად 7 კანონში შევა, ხვალ იურიდიული კომიტეტი განიხილავს. საკითხს 1 მოსმენით კენჭს სავარაუდოდ მომდევნო კვირასვე უყრიან.
სიახლის თანახმად - ზუსტდება გრანტების განმარტება, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ასევე სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. შეზღუდვები წესდება პარტიის წევრობაზეც. 8 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიის წევრი ვერ გახდება იმ ორგანიზაციაში ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური ძალისგან ფინანსდება. კანონით დგინდება სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნებაც, რომლის საქმიანობა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს. ასეთ სუბიექტს გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა დაჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. იურიდიული სამეწარმეო საქმიანობის საკითხს კი ადმინისტრაციული კოდექსი დაარეგულირებს. კანონის გამკაცრების მიზანი, უმრავლესობით თქმით, იმ ე.წ შავი ხვრელების ამოვსებაა, რომელიც, საქართველოში უცხოური ფულის შემოსატანად და რევოლუციური პროცესის დასაფინანსებლად გამოიყენებოდა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და სუვერენიტეტის დასაცავად. ისტერიკაში არიან ისინი, ვისაც დასამალი აქვთ, როგორც ეს იყო ე.წ. რუსული კანონის დროს და ეს აქტორები, ვინც ისტერიკაში არიან, ვატყობთ, რომ დარეგისტრირდნენ საერთოდ სხვა ქვეყნებში, რომ საერთოდ თავი აერიდებინათ ამ კანონისთვის და რიგი ევრობიუროკრატებისა და უმაღლესი წარმომადგენლები იმუქრებიან, რომ შავ ხვრელებს გამონახავენ, რომ კანონს გვერდი აუარონ და გაორმაგებული დაფინანსება შემოუვიდეს ლომჯარიას და გიგაურს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ნებისმიერი ასეთი პოტენციური შავი ხვრელი ამოვავსოთ.
რაც შეეხება იმ დეზინფორმაციას, რასაც ავრცელებს მაგალითად ქალბატონი გიგაურის ენჯეო და ა.შ. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და ძალიან მარტივი არის იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც ერთ დღიანი ტყუილები არის. პირიქით, სჯობს, რომ ასეთი ტყუილებით შემოიფარგლონ იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება კიდევ უფრო კარგავს მათში ნდობას, ისედაც მათი ნდობის ხარისხი ალბათ ნულამდე იყო დასული, ახლა საერთოდ მინუსში გავა", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



