რეზონანსი
(01.02.2026)

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის მტკიცებით, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგ ყველა პროგრამას დეტალურად შეისწავლიან და შეეცდებიან ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილებას, რათა "არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა".

"კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოხდეს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება. ეს განსაკუთრებით ეხება ორ ჰაბს, რომელიც კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება, ეს არის თბილისი და ქუთაისი, სადაც მოხდება "ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში" პრინციპის დაცვა. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე უნდა მოხდეს კონკრეტული სახელმწიფო უნივერსიტეტების ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაერთიანება იმისთვის, რომ მოხდეს პროგრამების დადარება, საკადრო უზრუნველყოფა და ხარისხის გაუმჯობესება.

ამ პრინციპს ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ორი ყველაზე დიდი, ფლაგმანი უნივერსიტეტი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს რეორგანიზაციის საფუძველზე. ამ მიზნით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ პროცესები, რომელიც კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ წარიმართება, უზრუნველყოფდეს დეტალურად ყველა პროგრამის შესწავლას და იქ, სადაც ამ უნივერსიტეტებს შორის მსგავსი პროგრამები გვაქვს, მოხდეს დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, გადანაწილდნენ გარკვეულ ადმინისტრაციულ პოზიციებზე და ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენთვის ღირებული იყო - ღირებულია მათი ცოდნა, გამოცდილება და ის დამსახურებები, რომელიც თითოეული უნივერსიტეტის მიმართ მიუძღვის". - თქვა მიქანაძემ.

ამასთან ერთად, ოცნებას წამყვანი პროფესორის პროფესია შემოაქვს, რომელიც, მიქანაძის ცნობით, არ ჩაანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას და "კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს".

"ამასთანავე, ჩვენ შემოგვაქვს ახალი - წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც არის დამატებითი პოზიცია და არ ჩაანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას. წამყვანი პროფესორის პოზიცია შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით, ღია საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს". - განმარტა მიქანაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება - ამის შესახებ ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ გამართულ ბრიფინგზე 29 იავარს განაცხადა. 

მიქანაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იქნება საწინდარი იმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება "რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს საერთაშორისო რეიტინგებს". 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე