რეზონანსი
08.05.2024

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო წამების იმ ფაქტს, რომელიც ხორციელდებოდა ჩემ მიმართ გლდანის ციხეში 2009 წლის მაისიდან, ივლისის ჩათვლით, განსაკუთრებით დაეყრდნო 2010 წლის შემთხვევას, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.

მაისაიას თქმით, წამების ფაქტზე არსებობს პატიმრის ჩვენება, რომელსაც დაავალეს მისი ლიკვიდაცია, უარის შემდეგ კი, მორგში დააბეს. მაისაიამ აღნიშნა, რომ სწორედ მოწმის ჩვენების საფუძველზე მიიღო სტრასბურგმა აღნიშნული გადაწყვეტილება.

„ბუნებრივია, ეს განაჩენი დაეყრდნო იმ სარჩელს, რომელიც შეიტანა ჩემი სახელით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა" და ადვოკატმა, თამარ ავალიანმა. შესაბამისად, განაჩენი დაეყრდნო წამების იმ ფაქტს, რომელიც ხორციელდებოდა გლდანის ციხეში - დაწყებული 2009 წლის მაისიდან, ივლისის ჩათვლით. განსაკუთრებით დაეყრდნო 2010 წლის შემთხვევას. პოლიტიკური შიმშილობის აქციის პერიოდში, როდესაც მე ვითხოვდი იმდროინდელ პირობებში პატიმრების წამების შეწყვეტას, ადამიანის უფლებების დაცვას, ამ პირობებში მოხდა ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება სპეცდანიშნულების რაზმების მებრძოლების მიერ, მაშინდელი ხელმძღვანელის, „ქილერას", ანუ ციხის დირექტორისა და ყაჭეიშვილის უშიშროების სამსახურის უშუალო მონაწილეობით და კონტრდაზვერვის სამსახურის ჩართულობით მოხდა ჩემზე ფიზიკური ზეწოლა. როგორც მე მითხრეს მოგვიანებით, მორგშიც კი ვყავდი და იქიდან ამომიყვანეს, გამაცოცხლეს, როცა ბრძანება მიიღო „ქილერამ", ჯალათმა და შესაბამისად, ამ ეპიზოდზეა საუბარი.

მაშინ ეს „ქილერაც" კი შემოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მე ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. ანუ ეს ერთხელ გადავრჩი, მაგრამ მეორე ჯერზე ცოცხალი ვეღარ გადავურჩებოდი. პირდაპირი მუქარა იყო. ოთხჯერ ჩამიყვანეს კარცერში, 40 დღე გავატარე და ეს დაფიქსირებულია ამ ჯალათების მიერაც. ეს რეპრესიული ზომების განხორციელებას მოიცავდა და ამ თემას ეხება აღნიშნული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება ეყრდნობა ჯერ კიდევ 2010 წელს გაერო-ს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სპეციალურ განცხადებასა და იმ ქეისს, რომელმაც აღიარა ჩემი წამების ფაქტი იმ პერიოდში. ეს იყო უჩა ნანუაშვილისა და ნათია კორკოტაძის დიდი დამსახურება, მათ შორის მასმედიის წარმომადგენლების სამოქალაქო გმირობა ყველას კარგად გვახსოვს. აქედან გამომდინარე, ამ ქეისს ეყრდნობა გადაწყვეტილება. ეს არის მესამე მუხლის სრულად დარღვევა, რაც ნიშნავს, რომ აქ ჯაშუშობის განაჩენიც კი უკვე საკმაოდ სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას.

მე რომ ვიყავი ნაცემი, მაშინ ეს დადასტურა ჩემმა ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ, რომელმაც ამაზე შესაბამისი რეაგირება გააკეთა. მაშინ ბრიფინგი გამართა ეკა ბესელიამაც და ბატონმა ლორთქიფანიძემაც გააკეთა ამაზე განცხადება, პარლამენტში გახმაურდა ეს ფაქტი. მინდა გითხრათ, რომ მაშინდელ პირობებშიც იყვნენ პატიოსანი ადამიანები. მინდა, აღვნიშნო გამომძიებლის, ზვიად ლასარეიშვილის გმირობა, რომელმაც დააფიქსირა ეს ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ მასზე სერიოზული ზეწოლაც იყო და როგორც ვიცი, მას მოუწია სამსახურის დატოვება. მან დააფიქსირა ფაქტი, ფოტოები სამედიცინო ექსპერტის სახით და შესაბამისად, გამოძიებაც დაიწყო. საუბარია 2010 წლის წამების ფაქტზე. არსებობს მოწმეების ჩვენებები, მათ შორის ერთი მოწმის, რომელსაც ჩემი ლიკვიდაცია დაავაალეს. ეს არის ზაზა აზარიაშვილი, რომელსაც ლიკვიდაცია დაავალეს „ქილერამ" და კონტრდაზერვევის თანამშრომლებმა. იყო პატიმარი და მან უარი განაცხადა. ამის გამო ის ჩაიყვანეს მორგში, დააბეს მკვდართან, ცემეს და ეს ადამიანი დღეს არის შშმ პირი, ორივე ფეხი მოჭრილი აქვს იმ წამების გამო. ამ ადამიანმა გამოიჩინა გმირობა და მისი ჩვენებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, სტრასბურგმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტრასბურგის სასამართლომ ვახტანგ მაისაიას საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „2012 წლამდე პენიტენციურ დაწესებულებებში წამება სისტემური, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×