თამთა ჩაჩანიძე
08.05.2024

პერმანენტული აქციების ფონზე, ბოლო დროს თვალში საცემად იზრდება შიდა დაპირისპირება საზოგადოებაში. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ინციდენტებში, რომელიც მედიით შუქდება. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ეს სახიფათო ტენდენცია ახლო მომავალში, სავარაუდოდ, გაგრძელდება და პოლარიზაციის ხარისხი უფრო მოიმატებს. ამასთან, მათივე შეფასებით, „გახლეჩილობა ჩვეულებრივი პროცესია იმ საზოგადოებაში, რაც ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს, რომელიც გარდამავალი დემოკრატიის პირობებში იმყოფება".

ანალიტიკოსები რამდენიმე სცენარზე საუბრობენ, თუ რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესს.

ბოლო რამდენიმე დღეში პოლიტიკური შეხედულებების გამო მომხდარი რამდენიმე ერთი შეხედვით სპონტანური კონფლიქტი და თავდასხმა დაფიქსირდა.

5 მაისს პედაგოგ ლადო აფხაზავას საკუთარ სადარბაზოში უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აფხაზავას შვილსაც. შემთხვევა ლანჩხუთში მოხდა.

7 მაისს უცნობი პირები ქუჩაში თავს დაესხნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და ტელეკომპანია „ფორმულას" გადამღებ ჯგუფს. შემთხვევა შვედეთის საელჩოსთან მოხდა.

2 მაისს სოფელ ხიდისყურში „ქართული ოცნების" აქტივისტს დაესხნენ თავს. ინფორმაციას ბოლნისის მერი ავრცელებს. დავით შერაზადიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრი და მისი ოჯახის წევრები მმართველი გუნდის აქტივისტს, „ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გარდა ამისა, ბოლო დროს განსაკუთრებით იმატა განსხვავებულ პოლიტიკური შეხედულებების ნიადაგზე დაპირისპირებამ და აგრესიამ სოციალურ ქსელებში.

როდის იქნება დაძაბულობის პიკი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საზოგადოების გახლეჩილობა ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიის ახალ ეტაპზე გადადის, ჩვეულებრივი პროცესია და მთავარია ეს სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. მისი თქმით, ამ პროცესის პიკი ჯერ არ გაგვივლია და მოქალაქეებს განსაკუთრებით სიფრთხილე მართებთ.

„ჩემი აზრით, დაძაბულობა და გახლეჩილობა ჩვეულებრივი პროცესია იმ საზოგადოებაში, რაც ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს, რომელიც გარდამავალი დემოკრატიის პირობებში იმყოფება. მყარად ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული ის ფუნდამენტალური ფასეულობები, რაზეც დღეს მთელი საზოგადოება შეთანხმდებოდა.

„ამ პროცესს იმ კუთხით ვუყურებ, რომ ეს ჩვენი დემოკრატიის განვითარების ის მტანჯველი ეტაპია, რომელიც ალბათ უნდა გაიაროს, რომ შემდეგ დემოკრატიის უფრო ახალ, მაღალ ეტაპზე გადავიდეს, რომელიც უკვე განვითარებულ დემოკრატიებს ახასიათებთ. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ვერ წაშლის საზოგადოებაში ფასეულობათა დაპირისპირებას, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოება ფუნდამენტალურ ღირებულებებზე მაინც შეთანხმებული იქნება და ეს პოლარიზაცია, რომელიც დემოკრატიული საზოგადოებისთვის ნორმალურია, არ იქნება სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველი.

„სამწუხაროდ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ეს (დაპირისპირების) პიკი გადავიარეთ. ახლა საკმაოდ მძიმე და სახიფათო ეტაპზე ვართ და ძალიან დიდი ძალისხმევა მართებს ჩვენს საზოგადოებას, რათა ეს ბეწვის ხიდი როგორმე ისე გაიაროს, რომ ამით ჩვენს ჯერ კიდევ მყიფე სახელმწიფოს და დამოუკიდებლობას ზიანი არ მიადგეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი არაკეთილოსურნეები სწორედ იმას ელიან, როდის იფეთქებს საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება, რომ მერე „გათიშე და იბატონე"-ს პრინციპის მიხედვით დაამყარონ საკუთარი გავლენები", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში შიდა დაპირისპირება თანდათან ძლიერდება და პიკში ახლა შევდივართ, თუმცა პოლარიზაციის ხარისხი ჯერჯერობით არც ისე მაღალია.

„მემგონი (დაპირისპირების) პიკში შევდივართ. რასაც „ფეისბუქზე" ვუყურებ, მხარეებს შორის დაპირისპირება უფრო და უფრო ძლიერდება, არ მსუბუქდება. პიკს ალბათ უფრო მაშინ მიაღწვეს, როცა არჩევნებს მივუახლოვდებით.

„მსოფლიოს ესა თუ ის ქვეყანა ძალიან ხშირადაა ასეთი პოლიტიკური ვნებების ასპარეზი. ასეთი დაპირისპირება შეიძლება სპორტშიც მოხდეს - გვინახავს როგორ დაუნდობელი ბრძოლაა ხოლმე გულშემატკივრებს შორის. რაშიც ადამიანი ემოციურადაა ჩართული, ყველაფერი ასეთ მწვავე რეაქციას იწვევს.

„თუკი შევხედავთ სხვა ქვეყნებში რა მდგომარეობაა, არ ვიტყოდი, რომ ჩვენთან პოლარიზაციის ხარისხი მაღალია. მაგალითად, ამერიკა რომ ავიღოთ, მცირე დაძაბულობები არც იქაა, რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის ძალიან მწვავე ურთიერთობაა და რითი დამთავრდება ეს, ჯერ კიდევ არ ვიცით", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში უფრო მწვავე დაპირისპირებებია მოსლოდნელი, ვიდრე დღესაა.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს შესავალია და პროცესი დამთავრებული არაა. ეს „ჟურნალია" და „კინო", რა თქმა უნდა, მერე იქნება", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სავარაუდო სცენარები

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" იმ სცენარებზე საუბრობს, რომელიც შეიძლება განვითარდეს პოლარიზაციის ფონზე.

„თუ რადიკალურმა ძალებმა იმძლავრეს, რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდობიანად არ მივიდეს და მანამდე მოახდინონ ხელისუფლების დემონტაჟი, თუ მათ თავიანთი მიზნების რეალიზაცია მოახერხეს, მაშინ ძალიან ცუდ სცენარს მივიღებთ.

„მეორე ვარიანტია, რომ ჩვენ მაინც მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და შემდეგ არჩევნების მეშვეობით გადაწყდეს, თუ რა არჩევანს გააკეთებს საზოგადოება. მაგრამ აქაც, ჩემი აზრით, ბევრი ხიფათი გველოდება - დიდია ალბათობა, რომ ოპოზიცია, რომელიც, ჩემი გადმოსახედიდან, დიდი ალბათობით, არჩევნებში მიზანს ვერ მიაღწევს, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

„აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკვე ძლიან ბევრი რამ საუბრობს იმაზე, რომ გარეშე ძალები - და ეს მხოლოდ რუსეთი არაა - დაინტერესებულები არიან იმით, რომ საქართველოში საკუთარი ინტერესების რეალიზება მოახდონონ. ერთ-ერთი ასეთი ინტერესია არსებული ხელისუფლების ჩანაცვლება", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არჩევნებიც არ დაასრულებს დაპირისპირებას - თუ „ოცნებამ" გაიმარჯვა, ოპოზიცია გამოსვლებს დაიწყებს, ხოლო თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, ის ადამიანები გამოვლენ ქუჩაში, ვისთვისაც ენმ მიუღებელია.

„რა სცენარით შეიძლება დასრულდეს ეს გახლეჩილობა, ვარიანტი ბევრი არაა. სავარაუდოა, რომ დაპირისპირების პიკი არჩევნების შემდეგ იქნება. ადამიანები გამოეფინებიან, საპოტესტო პროცესში ჩაერთვებიან იმ ლოზუნგით, რომ „გაყალბდა არჩევნები" და ამის ფონზე მოითხოვენ ან ხელახალ არჩევნებს, ან ხელისუფლების გადადგომას.

„თუკი ხელისუფლების შეცვლა მოისურვეს, მაშინ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა" მოვა, როგორც ყველაზე ძლიერი პარტია. ოღონდ თუკი ენმ მოვა, ამას შესაძლოა სამოქალაქო ომი მოჰყვეს, ეს გახლეჩილობე მერე უფრო გამძაფრდება. გავიხსენოთ 2012 წელი -ადამიანებისთვის მიუღებელი იყო ენმ-ის მოსვლა ხელისუფლებაში. ეს ადამიანები შემოდგომაზეც უკმაყოფილო იქნებიან და პროტესტს გამოხატავენ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×