ელზა პაპოშვილი
08.05.2024

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ აფრთხილებს. შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიცია საპროტესტო აქციაზე პროტესტის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთისას „მკაცრ ზომებს“ გამოიყენებს. ინტრენეტში კი გავრცელდა ოპოზიციის წარმომადგენელთა საუბრის ფარული ჩანაწერები. რას ნიშნავს ეს ყველაფერი და საით მიდის პროცესები?

სუს-ის მიერ  გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარკვეული ჯგუფები უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, აქციებზე პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ, რომლის მიზანიც, დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებაა. 

მათივე ინფორმაციით, პროცესები პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ იმართება. გეგმებში კი ჩართული არიან ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი.

ამ განცხადების პარალელურად, ოთხშაბათს შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გამართა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თემურ კუპატაძემ. ბრიფინგის დროს ნაჩვენები იყო სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა.

„განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს...

„ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული",- განაცხადა კუპატაძემ.

ფარული ჩანაწერები

ამ ყველაფრის გარდა, ოთხშაბათს სააგენტო ფორ.ჯი-მ ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერებში ისმის რამდენიმე უცნობის საუბარი, რომელთაგან ერთ-ერთიც, წინასწარი ინფორმაციით, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეა.

ზურაბ ჯაფარიძე: „ჩვენ ისე მოვბილიზდეთ (არ ისმის), რომ ყველა თავის ფეხით მოვა, დაინახავენ, რომ აქეთკენ პროცესი არის... ვერ დაგიჭერენ, 30 000 კაცი ნიშნავს, რომ შეგვიძლია 10 000 კაცი (არ ისმის). 10 000 პარლამენტთან რომ დააყენო, რაც აქვს სახელმწიფოს რესურსი, მაგ ორ ადგილას მოუწევს მობილიზება. 10 000 კაცით წახვალ და სადმე სხვაგან შეხვალ. 30-ზე ბევრად მეტი იყო, მაგრამ რისთვის იყო გამოსული, არავინ არ იცოდა. ეს ხალხი გამოსული იყო იმის გამო გაბრაზდნენ, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრა - ეგ გასაგები იყო, მაგრამ ამის იქით რაზე იყო წამსვლელი, არავინ არ იცოდა.

„თქვენ ახლა, ვინც ხართ აქ ხალხი, გამოსული ხართ ისინი, ვინც მე მომისმინეთ, რომ ვთქვი, რომ ქუჩაში და პროტესტი და პარალიზება არის გზა და მაგიტომ ხართ მოსული. ჩვენ თუ ასე გავიზრდებით, გვეცოდინება ყველას, რომ ეს ხალხი ვართ, რომ ამაზე მზად ვართ, რომ წავიდეთ... 20 ივნისს ამ ლიდერშიფს წარმოდგენა არ ჰქონდათ, ეს ხალხი რაზე იყო წამსვლელი. ჩვენ თუ გავიზრდებით ასე, გვეცოდინება რა ხალხი ვართ, რისი გაკეთება გვინდა, მიზანი რა გვაქვს, რაზე ვართ მზად, არავინ ჩვენი გამჩერებელი არ იქნება, შანსი არ არის“, - ამბობს გავრცელებულ ჩანაწერში ჯაფარიძე.

ასევე  ფორ.ჯი-მ გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის იმის გამო, რომ, ნაკრების ზოგიერთი სხვა ფეხბურთელის მსგავსად, ის ღიად და საჯაროდ არ დაუპირისპირდა სადავო კანონის მიღებას.

ასევე, ერთ-ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების, კერძოდ კი ნიკა გვარამიას მიერ, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება. 

კიდევ ერთ გავრცელებულ ჩანაწერებში აქტივისტების - სავარაუდოდ ნატა ფერაძისა და ლაშა ფირცხალაიშვილის საუბარი ისმის, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.  იისნი კონკრეტული ქუჩების გადაკეტვასა და პიკეტირებას გეგმავენ. 

პოლიტიკური  შეფასებები    

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სუს-ის განცხადებაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე აქციების მიზანი ძალადობრივი სცენარის განვითარება და საქართველოში „მაიდანის“ მსგავსი პროექტის განხორციელებაა.

„მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ, როდესაც „კანვასის“ ტრენინგების მიმართ დაიწყო გამოძიება, როგორი იყო სცენარები და რას ასწავლიდნენ. ვხედავთ ამ სცენარების ასრულებას. ვხედავთ პირდაპირ პარალელებს „მაიდანთან“: მექორწილე წყვილი, ადამიანი, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და სხვა - იგივე ვიზუალისა და რიტუალების ჩატარება და დადგმა. 

„ასეთი ვიზუალები, რომლებსაც ისინი ქმნიან, არის გარკვეული შეფუთვა იმ ძალადობრივი აქციებისა, რომელიც ხდება. ჩვენ ვატყობთ, რომ ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადი არის. ვხედავთ მათ წამოცდენას, როდესაც მსხვერპლზე საუბრობენ. ამ ყველაფრის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მფარველებითა და დამფინანსებლებით ქვეყნის გარედან და მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

სუს-ის განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციური სპექტრშიც. მათი თქმით, მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, 

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სუს-ის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და დემონსტრანტები სადავო კანონპროექტს მშვიდობიანად გააპროტესტებენ.

„ეს არის სრული ცინიზმი. ჩვენ, იქ მყოფი ადამიანები, ყველანი ერთად, პარტიული კუთვნილების გარეშე, „რუსულ კანონს“ მშვიდობიანი, არაძალადობრივი მეთოდებით ვაპროტესტებთ. ეს აქციები სწორედ ასე გაგრძელდება, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში. ჩვენ ვართ ცივილიზებული ხალხი, რომლებიც ვიბრძოლებთ დემოკრატიული, არაძალადობრივი მეთოდებით, რომელიც მოგვიტანს შედეგს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.

პარტია „ახალის“ წევრის, ბაჩო დოლიძის შეფასებით კი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„თუ სიმშვიდე უნდათ, გაიწვიონ „რუსული კანონი“. ამ ქვეყანაში არეულობა არავის არ უნდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც რამდენიმე თვეშია ისედაც არჩევნები“, - ამბობს ბაჩო დოლიძე.    

„სახელმწიფოს  მტერი კონტროლზეა აყვანილი“  

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ის ინფორმაცია, რაც სუს-მა გამოაქვეყნა, „იმ ავაზაკური შეთქმულების აისბერგია, რომელსაც ეს ვითომ ლიბერალი და პროევროპული ძალები გეგმავენ“. 

„გასაგებია, რომ უსაფრთხოების სამსახური ბევრ რაღაცას ვერ მბობს, მაგრამ ეს იყო აშკარა იმის მინიშნება, რომ ყველა სახელმწიფო მტერი აყვანილია კონტროლზე და ვერანაირ  გადატრიალების მცდელობას წარმატება ვერ ექნება. ტყუილად ჰგონიათ ნაცრადიკალებს, რომ თითქოს უკვე გამარჯვებული არიან და მათ საგარეო ფლანგიდან გაკეთებული საჯარო და უსირცხვილო განცხადებებით, ვითომ ქართველი ერის გულს და გონებას მოიგებენ. ეს ხალხი მაინც ფიასკოსთვის არის განწირული. მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანა ააყირავონ არ გამოვა. 

„რაც შეეხება სუს-ის განცხადებას, აქ უკვე აშკარა მინიშნებებია იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ აქაური რადიკალები არ ემზადებიან რაღაც გადატრიალებისთვის, არამედ უკრაინიდანაც ჩამოიყვანეს ე.წ. პატრიოტები. ეს ადამიანები ქართველს არ დაინდობენ, ოღონდ საკუთარ ვერაგულ ზრახვებს მიაღწიონ. ისინი არ არიან პატრიოტები. ისინი არაადამიანები არიან, რადგან უნდათ ქვეყანაში სისხლი დაიღვაროს და სამოქალაქო დაპირისპირება გაღვივდეს“, - ამბობს აბაშიძე.  

მისივე თქმით, ამ სცენარში ყველა ის ძალაა ჩართული, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, საქართველოში გადატრიალებით და დაპირისპირებით არის დაინტერესებული. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების გადაგდება უნდათ და ამისთვის ყველაფერზე მიდიან. თუმცა ეს სცენარი არ გამოვა, რადგან ქვეყანაში ძალოვანი და უსაფრთხოების სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან.   

არეულობის ინსცენირება მომიტინგეების დასაშინებლად 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ ეს არის სუს-ის მიერ მორიგი ტყუილი, რათა აქციების დისკრედიტაცია მოხდეს. მისივე თქმით, ამ მძმე ბრალდებების დასადასტურებლად სუს-მა კონკრეტული მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

„ვიცით, რომ თავის დროზე სუს-მა ანგარიში წარმოადგინა, სადაც საუბარია იმაზეს, რომ თითქოს 2023 წელს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა. არადა ამ დროს სუს-მა ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს და საზოგადოებას ეს ყველაფრი ფაქტებით აჩვენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ სუს-ი მმართველი გუნდის აგიტატორია, რომელიც პოლიტიკურ პოზიციონირებაშია ჩართული. 

„როგორ უნდა ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში უკრაინიდან ჩამოსულმა 20-მდე მეომარმა, როცა „ოცნებას“ შეიარაღებული ძალები ჰყავს, რომლებიც 37 ათასამდე სამხედრო მოსამსახურისგან შედგება?! საპოლიციო ძალები ჰყავს, რომელთა რაოდენობაც 30 ათასამდეა?! ეს არის მორიგი ტყუილი და ისევ და ისევ იმ ადამიანებზე არის გათვლილი, რომელბსაც „ოცნების“ ტყუილების სჯერათ“, - ამბობს ჩიტაძე.

მისივე თქმით, ამ სცენარში უკრაინაში მებრძოლი ქართველების შემოყვანა რუსეთის მაამებლური განცხადებაა. ჩიტაძე ფიქრობს, რომ ამით ასევე ამ მებრძოლების დისკრედიტაცია ხდება.   

„არ არის გამორიცხული ფორმალურად რაღაც გამოძიება დაიწყონ, ვიღაცეები დაკავონ კიდევაც იმის საჩვენებლად, რომ აი, მართლა არსებობს მსგავსი სცენარი. გამოძიება ჯობია დაიწყონ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ სცემა ოპოზიციის ლიდერები, გურიაში ვინ გაუსწორდა მასწავლებელ ლადო აფხაზავას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბს ვინ დაესხა თავს და ა.შ. აქედან ნათლად ჩანს, რომ სუს-ი რელურად რამის გამოძიებით კი არ არის დაინტერესებული, არამედ პოლიტიკურ დაპირისპირებაში მხარეს წარმოადგენს“, - ამბობს ჩიტაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×