რეზონანსი
27.04.2024

ნარკოდანაშაული და 18 დაკავებული პირი - პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას უმძიმეს დანაშაულზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები აიყვანა. ამოღებულია "ჰეროინი", "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი", "მდმა", "მეტადონი", "სუბოქსინი", "მარიხუანა" და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. საქმეში ნივთმტკიცების სახით დევს ელექტროსასწორები და დიდი ოდენობით თანხა, რომელიც დაკავებულებმა, სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციით მიიღეს. მასალებს დაერთო ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებიც, რომელიც პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოიპოვა.

კადრებში კარგად ჩანს სავარაუდო ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი. ახალგაზრდა ქალი მომხმარებელს ქალაქის ცენტრში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვდება, სადაც ის შეკვრის სანაცვლოდ კონკრეტულ თანხას იღებს.

სამართალდამცველებმა ხელბორკილები ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-რეალიზების ფაქტზე არაერთ პირს დაადეს. საგამოძიებო უწყებამ მძიმე დანაშაულის საქმეზე სპეცოპერაციები 5-ზე მეტ რეგიონში დაგეგმა. რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვაც. ამ გზით კი, სამართალდამცველებმა დანაშაულში 18 პირი ამხილეს. მათგან 8 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები აკრძალულ ნივთიერებას ხელიდან ხელში ან სამალავებში დადებით ასაღებდნენ.

ახლა დაკავებულების საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს. ფარულ აუდიო-ვიდეო მასალასთან ერთად, საქმეს უკვე დაერთო სხვადასხვა ლოკაციიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები. აღმოჩენილია, სავარაუდოდ, უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულიც.

დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. "კურიერმა" დანაშაულის დეტალები გაარკვია, მათ შორის ის, თუ რა გზით ცდილობდნენ კრიმინალურ სქემაში ჩართული პირები საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას. ირკვევა, რომ აზერბაიჯანელ დებს თითქმის 1 კილოგრამი უკანონო ნივთიერების საჰაერო გზით ტრანსპორტირება რუსეთიდან უნდოდათ. მოსკოვი-თბილისის რეისზე მყოფი დები სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს.

დაკავებული დები დანაშაულს არ აღიარებენ და დღემდე დუმილის უფლებას იყენებენ.

დღეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დების პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით მიიღო, მათ შორის იყო დანაშაულის კიდევ ერთხელ ჩადენისა და მიმალვის საფრთხე.

დაკავებული 18 პირიდან ყველა პატიმრობაში რჩება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×