ელზა პაპოშვილი
09.05.2024

დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაისის აქციის მონაწილეების დაკავებები და მიეცემა თუ არა დაპატიმრებებს  მასობრივი სახე. როგორც შსს-ში აცხადებენ, დააკავებენ ყველა იმ პირს, ვინც რუსთაველის გამზირზე პოლიციის წინააღმდეგ მოქმედებდა და კანონს არღვევდა. ახლა მიმდინარეობს ვიდეო მასალის შესწავლა და კანონდამრღვევების იდენტიფიცირებისთანავე ყველა მათგანი კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაში მიეცემა.  

შესაძალო სწორედ ამ დაკავებების სერიის გაგრძელება იყოს სამხედრო ანალიტიკოსის უჩა აბაშიძის სახლში პოლიციის შესვლა. სამხედრო ექსპერტის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უჩა აბაშიძის ძმები, რომელბიც სახლთან იმყოფებიან, ამბობენ, რომ მათ სახლში არ უშვებენ, ასევე არ აძლევენ საშუალებას, რომ ადვოკატი გამოიძახონ და პროცესს დაესწროს. 

„უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან. მეტი ჯერჯერობით მეც არაფერი ვიცი," - ამის შესახებ დოდი ხარხელი ფეისბუქში წერს. 

მისი ახლობლები აბაშიძის სახლში სამართალდამცავების გამოჩენას აქციებში მის მონაწილეობას და სოციალურ ქსელში აქტიურობას უკავშირებენ.  

„უჩა აბაშიძის სახლში ახლა არის პოლიცია, არ უშვებენ სადარბაზოში მის ძმებს, გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობა და არ შეგვიშვებენ. სხვისგან გავიგეთ, რომ ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს,“ - წერს სოფია თოდუა.

 აბაშიძის ძმა კი  ამბობს, რომ სამხედრო ექსპერტი  მარტოა სამართალდამცავებთან, მას არ აძლევენ არც ადვოკატთან დარეკვის უფლებას. 

ოჯახი ეჭვობს, რომ ექსპერტის სახლში სამართალდამცავების შესვლა უკავშირდება მის აქტიურობას ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ.

„საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობსო, არავინ განმიმარტა ბრალი რაზეა, მითხრეს, რომ არ შემიშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ძმა ვარ. საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას, წერდა ამაზე. მარტოა სახლში, ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობა არ მისცეს,“ - ამბობს აბაშიძის ძმა.  

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ახალგაზრდები კი უჩა აბაშიძის სახლთან მივიდნენ. პოლიცია სამხედრო ექსპერტის სახლის ეზოშიცაა მობილიზებული.

რაც შეეხება მაისის საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ექვს აქტივისტს,  მოსამართლემ ციხეში ორი გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. დაცვის მხარე 5 ათას ლარიან გირაოს სანაცვლოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა.

ამ მომენტისთვის დავით კოლდარის და გიორგი კუჭუაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა მხოლოდ. 4 პირი კი ამ დრომდე აღკვეთის ღინისძიების შეფარდებას ელოდება.

შს სამინისტროს წარმომადგენელები სასამართლოში ვიდეო მასალით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის და სამედიცინო დასკვნით მივიდნენ. სწორედ ეს მტკიცებულებები დაუპირისპირეს სასამართლოზე რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს. 

კოლდარმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ნანობს ჩადენილს, თუმცა რას, ეს მას არ დაუკონკრეტებია. რაც შეეხება კუჭუაშვილს, რომელსაც პოლციელზე თავდასხმას ედავებიან, სასამართლო პროცესზე ბრალი არ აღიარა. 

პროკურორ როინ ხინთიბიძის განცხადებით, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერებში ნათლად არის ასახული ორივე ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედება.

კიდევ 4 დაკავებული ელოდება აღკვეთის ღონისძიებას. მათ შორის 19 წლის ახალგაზრდა გურიიდან ფრიდონ ბუბუტეიშვილი. საქართველოს დროშით მისი კადრები საზოგადოებას კარგად ახსოვს. ისიც არ აღიარებს წარდგენილ ბრალს. 

დაკავებულების ნაწილს შს სამინისტრო სამართალდამცველებზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება,  ნაწილს კი სათვალთვალო კამერების დაზიანებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×