"თუ მშვიდობა იქნება და ბიძგები, თუნდაც პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, არ იქნება ნეგატიური, ქვეყანა უკეთეს შედეგს მიაღწევს"
ქეთო გოგოხია
29.04.2024

საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირებასთან დაკავშირებით გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე თამამად საუბრობენ და მათი შეფასებები, რეიტინგები, ასევე ოფიციალური სტატისტიკა ამ ფაქტს მოწმობს. ამჯერად სავალუტო ფონდმა დაადასტურა, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები რეალურად იქმნება ქვეყანაში და ვისაც დასაქმება სურს და კომპეტენციაც გააჩნია, ამ მხრივ დაბრკოლებას ნაკლებად აწყდება.

უმუშევრობის შემცირების კუთხით ერთ-ერთი პოზიტიური ფაქტორი ესტონურ მოდელს უკავშირდება, რისი ეფექტიც ეკონომიკამ ახლა იგრძნო. ბიზნესს გაეზარდა შემოსავალი და ამასთან კადრებზე მაღალი მოთხოვნაც ფიქსირდება, რასაც ექსპერტები, ასევე სექტორის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

რაც შეეხება სავალუტო ფონდის მონაცემებს, როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, საქართველო უმუშევრობის ხანგრძლივრადიანი, 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. 2012 წელს კი უმუშევრობის 12-წლიანი მატებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყნების ათეულშია (მეცხრე ადგილზე), სადაც ბოლო თორმეტი წლის მანძილზე 2024 წლისთვის ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდება უმუშევრობა. ფონდის შეფასებით, 12 წლის მანძილზე ანუ 2012 წელთან შედარებით უმუშევრობა საქართველოში 11 პროცენტული პუნქტით მცირდება და 2024 წელს უმუშევრობის დონე 15,7%-ს გაუტოლდება. სავალუტო ფონდის შეფასებით ჩვენს საუკუნეში საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იყო 2010, 2011 და 2012 წლებში დაახლოებით 27%-ის დონეზე.

ის, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილების გაჩნდა, ,,ბიზნეს-რეზონანსთან" მცირე და საშუალო ბზინესასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძეც ადასტურებს და საუბრობს იმ გარემოებებზე, რამაც უმუშევრობის კლებაზე არსებითი გავლენა მოახდინა.

,,შრომის ბაზარზე დღეს ნამდვილად არ არის ის ვითარება, რაც ვთქვათ, წლების წინ იყო. 2023 წლის მდგომარეობით, 60 ათასით მეტი დასაქმებულია კერძო სექტორში. თუკი მიზეზზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მოგების გადასახადის ესტონურმა მოდელმა ძალიან კარგად იმუშავა. ასეც იყო მოსალოდნელი, როცა იგი  დამკვიდრდა ქვეყანაში, გამოითქვა ვარაუდი, რომ ბაზარი შედეგს 2023 წლისთვის იგრძნობდა და ასეც მოხდა. რა თანხაც უნდა გასულიყო ბიზნესიდან გადასახადების სახით, ჩარჩა ბიზნესში, რეინვესტირება მოხდა.

ბიზნესიც გამოცოცხლებულია პოსტკოვიდიური პერიოდის შემდეგ და აშკარად უკეთესობაა. განსაკუთრებით მომსახურების სფეროში მეტი სამუშაო ადგილია, სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებული დარგებიც გამოცოცხლდნენ და განვითარდნენ. თუ მშვიდობა იქნება და ბიძგები, თუნდაც პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, არ იქნება ნეგატიური, უკეთეს შედეგზე გავა ქვეყანა.

დღეს ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ამ გზაზე, მათ შორის,  ინვესტორების განწყობა, ამ მხრივ პერმანენტული აქციებიც მოქმედებს. რაც მალე მოგვარდება ეს სიტუაცია, ეკონომიკისთვისაც კარგი იქნება და ბიზნესისთვისაც, მეტ სტაბილურობას მოიტანს", -  განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.

მიუხედავად გარკვეული შედეგისა, რასაც ქვეყანამ უმუშევრობის დაძლევის კუთხით მიაღწია, გამოწვევები მაინც არის. ესაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და პროფესიული კადრების სიმცირე.

,,დღეს ბიზნესის მხრიდან სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა გაზრდილია, სექტორი ითხოვს კადრს, თუმცა სათანადო მიწოდება არ არის. ამ მხრივ შრომითი მიგრაციაც ცუდად მოქმედებს. მიგრაციის პირობები გამარტივდა, თუმცა ამას აქვს დადებითი ეფექტიც, გზები გაიხსნა და ადამაინებს სხვა ქვეყნებიდან გამოცდილება და ცოდნა შემოაქვთ. ამ პროცესის დადებით ეფექტს ქვეყანა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში იგრძნობს", - დასძინა მიხეილ ჭელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

უმუშევრობის კლებასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის მონაცემებს დადებითად აფასებენ სპეციალისტები, თუმცა საუბრობენ იმაზეც, რომ ეფექტი ჯერჯერობით ნაკლებად იგრძნობა, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული. ახალგზარდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი კაპანაძის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობაც უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდეს და ხალხმა ამ პროცესისგან მეტი სარგებელი იგრძნოს.

 ,,სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან  ვიგებთ, რომ საქართველოში უმუშევრების რაოდენობა ახალ ისტორიულ მინიმუმზეა. ეს ცალსახად კარგია და შედეგს ეკონომიკაც მეტ-ნაკლებად გრძნობს. დღეს რომ ბიზნესიც და ეკონომიკაც გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყოს, მიგრაცია უნდა შემცირდეს. დოვლათის შემქმნელი მოსახლეობა წავიდა ქვეყნიდან ან მიდის და ეს შრომის ბაზარს აკლდება. უამრავი ადამიანია ჯერ კიდევ, ვინც საერთოდ კვალიფიკაცია დაკარგა და სამსახურს ვერ შოულობს, ცხადია,  ესეც აკლდება შრომისუნარიანი მოქალაქეების რიგს, შესაბამისად, უმუშევრობა შემცირების სტატისიკას დასაქმება ფეხს ვერ უწყობს, მიგრაციის გავლენა მაინც მეტია", - განაცხადა კაპანაძემ.

იმისთვის, რომ  მეტი შედეგი იქნას მიღწეული და უმუშევრობის კლების ეფექტიც უფრო თვალსაჩინო გახდეს, კომპლექსური ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, რაც ვითარებას რადიკალურად შეცვლის.

,,კვალიფიციური განათლებული კადრი სჭირდება ქვეყანას და პროექტები სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების მიღება  გულისხმობდეს სწორ არჩევანს, რადგან უამრავი მაგალითია, როცა უნივერსიტეტს ამთავრებენ და როდესაც საქმე დასაქმებამდე მიდის, ბევრი პრობლემა იჩენს თავს. კომპლექსური ღონისძიებები სწორედ ამ მიმართულებით უნდა დაიგეგმოს", - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, ჩვენ საუკუნეში 2012 წლამდე პერიოდში უმუშევრობა მსოფლიოში ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით საქართველოში გაიზარდა. უმუშევრობის მატებამ იმ 12-წლიან პერიოდში 16 პროცენტულ პუნქტს გადააჭარბა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×