"ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა აღარ არის მყიფე. მას აქვს თავისი ე.წ. ფინანსური ბალიში და პირველივე შოკზე აქ არ იწყება პანიკა"
გვანცა წულაია
30.04.2024

საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს. გარე თუ შიდა დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება ხერხდება და როგორც ეკონომისტები ამბობენ, თუკი არჩევნების გამო დაძაბულობამ პიკს არ მიაღწია, მაშინ ეკონომიკურ განვითარებას არანაირი საფრთხე არ ელის.

საქართველოს სტატიტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.2% შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8%-ით განისაზღვრა.

კერძო სექტორის ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 12.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8.5%-ით მეტია.

მიმდინარე წლის თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდა ასე ნაწილდება, იანვარი - 5.8%; თებერვალი - 9.5%; ხოლო მარტი - 8.2%.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებად დაასახელა ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობის ზრდა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რომელმაც 2024 წლის პირველ კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის აპრილის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს 2024-29 წლებში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონის, ისე ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის.

საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს ქვეყანაში კერძო სექტორის კონკურენტუანრიანობის წახალისებას, რაც, საბოლოო ჯამში, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნაში, მოსახლეობის შემოსავლების ზრდაში, სიღარიბის შემცირებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში აისახება“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

უკვე წლებია საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება და განვითარება არ შეფერხებულა. როგორც ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ მშპ საგარეო სავაჭრო ბრუნვის შემცირების ფონზეც კი მატულობს.

"მარტში ეკონომიკა 8.2%-ით გაიზრდა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ასევე მაღალი მაჩვენებელია პირველი კვარტალის მონაცემი, თითქმის 8%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს შედეგი გაცილებით მაღალია, ვიდრე იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვა ორგანიზაციების პროგნოზის მიხედვით.

მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში შემცირებული იყო საგარეო სავაჭრო ბრუნვა და ამის ფონზეც კი წინ მიდის ეკონომიკა. ეს ძალიან ხაზგასაგმელი ამბავია, რადგან თუ წინა წლებში მშპ-ს ზრდის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იყო საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ახლა ამასთან ერთად, ადგილობრივი წარმოების, ადგილობრივი გამოშვების ზრდაც სახეზეა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკა გადადის მდგრადობის ციკლში.

სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2024 წლიდან 2030 წლამდე საქართველოს ექნება, რეგიონსა და ევროკავშირში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპი, ეს მიანიშნებს იმას, რომ ქვეყანა შესულია სწრაფი ეკონომიკური ზრდის ციკლში. ამის შედეგი იქნება ის, რომ 2030 წელს ჩვენი შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე მიაღწევს საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. საუბარი მაქვს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე.

საქართველოს მიმართ ინვესტორთა განწყობა იზრდება, მოლოდინი არის პოზიტიური, რაც სავალუტო კურსზეც აისახება. ფული კი არ გააქვთ, არამედ შემოაქვთ და ინვესტრები მოგების დიდ ნაწილს აქვე ტოვებენ ბიზნესის გასაფართოებლად.

როდესაც ქვეყანაში არსებობს ეკონომიკური განვითარების სწრაფი ციკლი, წარმოუდგენელია ეს არ აისახოს დასაქმებაზე, მისი მკვეთრი შემცირების მიმართულებით და თითოელი ადამიანის შემოსავალზე. ჩვენ ჯერ კიდევ კი გვაქვს მაღალი უმუშევრობა, მაგრამ ბოლო 10 წელიწადში დაახლეობით 11%-ით შემცირდა. 2030 წალმდე პერსპექტივა როცა ვახსენე, ამ პერიოდში უმუშევრობაც დაიკლებს და ალბათ, დავა საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე.

გამოწვევების მიუხედავად, რომელიც რეგიონში არსებობს, იქნება ეს უკრაინაში ომი, თუ ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარება, საქართველოს ეკონომიკამ მოახერხა გადაწყობა და გამოწვევების ფონზე მაღალი ზრდის ტემპი შეინარჩუნა. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა აღარ არის მყიფე. მას აქვს თავისი ე.წ. ფინანსური ბალიში, რომელიც პოტენციურ კრიზისს უმკლავდება. პირველივე საგარეო შოკზე, აქ არ იწყება პანიკა”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ და დასძინა, რომ ერთადერთი რასაც სტაბილურობის შერყევა შეუძლია ეს არის დესტაბილიზაცია, სადაც იგულისხმება ქვეყანაში არეულობა, მასობრივი გამოსვლები და არა ცალკეულ მიტინგები.

რამდენიმე თვეში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, ამიტომ საინტერესოა, ამ პერიოდში ელის თუ არა საქართველოს ეკონომიკას აღებული კურსიდან გადასვლა?

როგორც აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ განაცხადა, კრიზისული სიტუაციის არ არსებობის შემთხვევაში, არ იქნება ისეთი შედეგი, რომელიც მნიშვნელოვან ვარდნას გამოიწვევს, თუნდაც დღევანდელ მონაცემებთან შედარებით.

"ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა მსოფლიოში. ჩვენი ქვეყანა ამ შედეგს აღწევს იმით, რომ თანამშრომლობისთვის კარი არ მიუხურავს არც ერთი პარტნიორი ქვეყნისთვის. საქართველო ავითარებს ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობას და ასევე სხვა სახელმწიფოებთანაც. საქართველოს არ შეუზღუდავს ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. პლუს ამას ჩვენმა მთავრობამ შეძლო ურთიერთობის განვითარება ჩინეთთან და თანდათანობით ეს მასშტაბი უფრო და უფრო იზრდება. ასეთი საგარეო პოლიტიკა ხელს უწყობს ინვესტიციების შემოდინებას, რაც ეროვნულ ეკონომიკას ავითარებს.

როგორც წესი, არჩევნების პერიოდში პოლიტიკური დაძაბულობა ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. თავისთავად ცხადია, რომ ამ დაძაბულობაში ჩართულია, როგორც გარე, ისე შიდა ძალები. მთავარი არის ის, თუ რა მასშტაბით შეიძლება მოახდინოს გავლენა ასეთმა პროცესებმა ეკონომიკაზე. თუ რაიმე სერიოზული კრიზისული სიტუაცია არ შეიქმნა, არსებითი გავლენა არ იქნება და ეკონომიკა სტაბილურად განვითარდება. კრიზისული სიტუაციის არ არსებობის შემთხვევაში, არ იქნება ისეთი შედეგი, რომელიც მნიშვნელოვან ჩავარდნას გამოიწვევს, თუნდაც დღევანდელ მონაცემებთან შედარებით. სხვა შემთხვევაში კი, ცხადია, რომ პრობლემა იქნება”, - დასძინა "რეზონანსთან” ავთო სილაგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×