ჯერჯერობით სამომხმარებლო ბაზარზე ფასების სტაბილურობა გარანტირებული იქნება
გვანცა წულაია
02.05.2024

საქართველოში ინფლაციის ტემპი მოიმატა. აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ტემპის ზრდა ტრანსპორტის სექტორში მომატებულ ფასს უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, წლიურ ჭრილში საწვავის გაძვირებით არის განპირობებული. საინტერესოა, რა იქნება შემდეგ თვეებში და გაგრძელდება თუ არა ინფლაციის ვექტორი მაღლა სვლა?

ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში, ანუ სურსათში, ფასები, წინა წელთან შედარებით, 1.4%-ით არის შემცირებული. შესაბამისად, ამჟამად ინფლაციის განმაპირობებელი მთავარ ფაქტორად სურსათის ფასები ვერ დასახელდება, ფასების ინდექსის საერთო დონის ცვლილება ამჯერად სხვა კომპონენტებს უკავშირდება.

აპრილში ინფლაციის დაჩქარება ტრანსპორტის სექტორში გაზრდილ ფასს უკავშირდება. როგორც ეკონომისტი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, საწვავის გაძვირდება ისედაც მოსალოდნელი იყო.

"საწვავის რომ გაძვირდებოდა, ეს ჩვენ ვიცოდით, რადგან რუსეთმა რამდენიმე თვით აკრძალა ნავთობპროდუქტების ექსპორტი. ჩვენ კი რუსეთიდან იაფფასიანი ბენზინი შემოგვქონდა, ამიტომ ფასის მატება მოსალოდნელიც კი იყო.

საერთაშორისო ფასთან შედარებით, დაახლოებით 20-30%-ით უფრო იაფად შემოგვქონდა ნავთობპროდუქტი რუსეთიდან. ახლა საწვავის საერთაშორისო ფასებში შესყიდვა გვიწევს. ქვეყანა ადაპტირდება და აღნიშნული ფაქტორის გავლენა მომავალ თვეებში შესამჩნევი აღარ იქნება”, - განუცხადა "რეზონანსს” ავთო სილაგაძემ და დასძინა, რომ პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაცია ინფლაციის მასტიმულირებელი გარემოებაა.

"ზემოთ ნახსენები ფაქტორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ, გარკვეულწილად, შეიძლება პოლიტიკური დაძაბულობაც იყოს ინფლაციის მასტიმულირებელი. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, მაშინ, ბუნებრივია, რომ უფრო მეტად შეიძლება ფასები შეიცვალოს.

თუ ირგვლივ პოლიტიკური სიტუაცია დამშვიდდება, ეს ფაქტორი ინფლაციაზე აღარ იმოქმედებს და გასულ წელთან შედარებით, უკეთესი მონაცემები უნდა გვქონდეს. ასე რომ, სტაბილურობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დაძაბულ სიტუაციაში, ცუდის გარდა, ვერაფრის პროგნოზირებას ვერ მოვახერხებთ.

უნდა ითქვას ისიც, რომ საერთოდ, აპრილის თვე ისეთი პერიოდია, როდესაც ძველი მარაგი იწურება და ახალი პროდუქცია არ არის შემოსული. ეს ფაქტორი წინა წელსაც მოქმედებდა და ახლაც იმოქმედებს, თუმცა განსხვავებაა პოლიტიკური სიტუაცია”, - დასძინა "რეზონანსთან” ავთო სილაგაძემ.

ინფლაციის პროგნოზირება ზუსტად შეუძლებელია, თუმცა გასული წლის მეორე ნახევარი მისი მაჩვენებელი იმდენად დაბალი იყო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინა წელთან შედარებით, წელს შედარებით მაღალი იქნება. როგორც ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ აღნიშნა, ინფლაციის შემდგომი მაჩვენებელი ეროვნული ბანკის ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მონეტარული პოლიტიკას გაატარებს ის. 

"სამომავლო შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ მონეტარულ პოლიტიკას გააგრძელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. რა იქნება შემდგომ თვეებში ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება პროდუქციაზე ფასი საერთაშორისო ბაზრებზე, რადგან ჩვენ მკვეთრად ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და გარემოება ეს ცალსახად აისახება ჩვენს ბაზარზე”, - განუცხადა "რეზონანსს" ირაკლი მაკალათიამ.

მართალია, ინფლაცია უკვე მომატებულია, მაგრამ 1.5% მაინც დაბალი შედეგია, რაც სამიზნე მაჩვენებელშია (3%) მოქცეული. ირაკლი მაკალათიამ დაბალი ინფლაციის სამი მიზეზი დაასახელა და თან განაცხადა, რომ ეს გარემოებები ერთმანეთს დაემთხვა და პოზიტიური გავლენა იქონია ფასების საერთო დონეზე.

"საქართველოს მსოფლიო ბაზრის ტენდენცია გადმოჰყვა, ეს იმპორტს შეეხება. საერთშორისო ბაზრის გავლენა აისახა ქვეყანაზე, რადგან ინფლაციის ტემპის შემცირება დაფიქსირდა, შესაბამისად, აისახა იმპორტირებულ პროდუქტზე და ამან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა მოახდინა ჩვენთან ფასების შემცირებაზე.

მეორე არის ეროვნული ბანკის პოლიტიკა. სებ-ს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ჰქონდა, რამაც თავისი დადებითი ეფექტი მოიტანა. ცხადია, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას არ ვემხრობი, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში იგი იძლევა თავის დადებით ეფექტს. სებ-მა გააგრძელა თავისი კურსი და მნიშვნელოვნად არ მომხდარა ბაზარზე ფულის მასის ზრდა ისეთი დოზით, რაც ინფლაციის ზრდას მოახდენდა.

თანაც, ტენდენციურად იანვარსა და თებერვალში, ეროვნული ბანკი ბაზრიდან ფულის მასის იღებს, რაც დადებით გავლენას ახდენს კურსზე და ინფლაციაზე. ეს გარემოებები ერთმანეთს ისე დაემთხვა, რომ პოზიტიური გავლენა იქონია ინფლაციაზე”, - აღნიშნა "რეზონანსთან” ირაკლი მაკალათიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა ბოლოს მარტის თვეში შეამცირა და რეფინანსირების განაკვეთი 9%-დან 8.25%-მდე დასწია. ეს შედეგი კი 2021 წლის თებერვლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×