თამთა ჩაჩანიძე
30.04.2024

რუსთაველის გამზირი ბოლო დღეებში პოლიტიკური მოვლენების მთავარ ეპიცენტრად იქცა. მასშტაბური აქციით დედაქალაქის მთავარი პროსპექტი 28 აპრილს ჯერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდგეებმა გადაკეტეს, მომდევნო დღეს კი - „ქართული ოცნების" საერთო სახალხო შეკრების მონაწილეებმა. რა აჩვენა ამ ორმა მასშტაბურმა აქციამ და რისი დემონსტრირება მოახდინეს ამით დაპირისპირებულმა მხარეებმა?

ვინ მოიგო „აქციების ომში" - ამაზე ანალიტიკოსთა შეფასებები განსხვავებულია. თუმცა ისინი ერთ რამზე თანხმდებიან - რომ ახლა საზოგადოება გარკვეულწილად გახლეჩილია და ეს „აქციებით შეჯიბრი" შესაძლოა გაგრძელდეს.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები კი აქციებზე მისული ხალხის რაოდენობაზე აკეთებენ აქცენტს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 29 აპრილის „ოცნების" შეკრებაზე „მამული, ენა სარწმუნოება", სადაც მმართველი პარტიის ლიდერებთან ერთად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა, 200 ათასი ადამიანი იდგა და ოპოზიცია აყალბებს რაოდენობას.

„გუშინ, ჩვენი 200 ათასი თანამოქალაქე შეიკრიბა რუსთაველზე და ამით თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა მშვიდობის, დამოუკიდებლობის, ეროვნული ღირებულებების და სუვერენიტეტის დაცვის, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია.

„გუშინდელმა სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას, საზოგადოების დაპირისპირების, მეტობის, ოდნავ ზევით დგომის მათემატიკას, რადგან გუშინ, რუსთაველზე მართლაც ზღვა ხალხი მოვიდა. მადლობა ჩვენს საზოგადოებას, თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. თქვენს გარეშე რთული იქნება ამ რთულ პერიოდში ქვეყნის ინტერესების დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება და ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებითი პროგრესის მიღწევა",- განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც პარტია „ახალის" თანათავჯდომარე ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, „ვიზიონერმა", რომელიც შიდა და გარე პოლიტიკურ თუ სამხედრო საკითხებს მიმოიხილავს, 28 აპრილის აქციაზე 106 ათასი ადამიანი დაითვალა, 29 აპრილს კი 98 ათასი.

„გუშინ 106.000 დათვალა ვიზიონერმა, დღეს 98.000. რაოდენობითაც ვერ ქნეს", - წერს ნიკა გვარამია.

„ეს ორი სრულიად სხვადასხვაგვარი აქციაა"

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ორი სხვადასხვაგვარი აქცია იყო, რომელთა შედარებაც არ შეიძლება. მისივე შეფასებით, 29 აპრილის „ოცნების" აქცია ძალიან ჰგავდა 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ დაორგანიზებულ აქციას.

„ამ აქციების შედარება არ შეიძლება - ორი სრულიად სხვადასხვაგვარი აქციაა. ფაქტიურად აცდენილი სიბრტყეებია. აქცია, რომელიც საპროტესტოა, თვითორგანიზებულია, აქ ადამიანი საკუთარი ნებით და საკუთარი სინდისის გადაწყვეტილებით მიდის. 29 აპრილის აქცია კი სახელისუფლებო იყო, რომელზედაც შესაძლოა ადამიანს წასვლა არ უნდა, მაგრამ ძირითადი მასა იმიტომ მიდის, რომ დასაქმებულია, ხელისუფლებასთან რაღაც ურთიერთობები აქვს, არ უნდა ზედმეტი პრობლემები შეექმნას და ა.შ.

„ამ ადამიანების მინიმუმ 60%, თუ მეტი არა, იქ იდგნენ არა იმიტომ, რომ „ოცნების" პოლიტიკას მხარს უჭერენ, არამედ იძულებული იყვნენ. ზოგი იმიტომ წამოვიდა, რომ თბილისში გასეირნების ვარიანტი ნახა.

„როცა ხელისუფლება ასეთ აქციებს აორგანიზებს, ეს ნიშნავს, რომ მას ძალიან უჭირს. 2012 წელს ანალოგიური გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, როცა სტადიონზე 60 ათასი კაცი შეკრიბა, მაგრამ ეს სრულად არ ნიშნავდა, რომ მას ასეთი ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა. დღეს ასეთ დღეშია „ოცნება". აღარაფერს ვსაუბრობ გამომსვლელებზე, ეს კიდევ ცალკე თემაა. რეალობა ასეთია - ერთი გულწრფელი აქციაა, მეორე - იძულებითი", - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე შეფასებით, ორივე აქცია მასშტაბური იყო, თუმცა, ზოგადად, საპროტესტო აქციის მხარდამჭერი გაცილებით მეტი ადამიანია ხოლმე, ვიდრე ხელისუფლების დაორგანიზებულის.

„რაოდენობრივად არ შემიდარებია, თუმცა, რაც მედიასაშუალებებით ვნახე, ერთიც და მეორეც მასშტაბური იყო. მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავებაა - საპროტესტო აქციის მხარდამჭერი საზოგადოება გაცილებით მეტია და ეს მინიმუმ ათზე მაინც უნდა გაამრავლო, თუ მეტზე არა. ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული აქცია, ეს ზუსტად იგივე რაოდენობაა, რაც სახელისუფლებო რესურსია, ამას ის ვერ გასცდება.

„ქვეყანაში დაახლოებით ასეთი თანაფარდობაა - 60% არის ოპოზიციური ამომრჩეველი და დაახლოებით 40%-მდე (და უკვე ალბათ უფრო ნაკლები) „ოცნების" მხარდამჭერია. ეს თანაფარდობაა არა რაოდენობრივად, არამედ თვისობრიოვად ორივე აქციაში მონაწილეებს შორის. რა თქმა უნდა ხელისუფლება ცდილობს ეს პროპაგანდის საშუალებად გამოიყენოს, რომ აი, ნახეთ ჩვენ რამდენი ვართ. მაგრამ თუ ადამიანი პოლიტიკურ პროცესებში მეტ-ნაკლებად ჩახედულია, ყველაფერს ადვილად მიხვდება.

„აქ კიდევ ერთი მომენტია - სახელისუფლებო აქციები მის წინააღმდეგ მუშაობს. ეს დღეს და ხვალ კი არა, ორი კვირის შემდეგ გამოჩნდება - იძულებით წაყვანილი ხალხი იმ სოციუმში, სადაც ტრიალებს, ილაპარაკებს და ძალიან ბევრი იტყვის, რომ წამიყვანეს, სამსახურს ვერ დავკარგავდიო. ასეთი განცხადებები ძალიან ბევრი იქნება და როგორც წესი, ეს ცოტა გვიან მუშაობს, მაგრამ მუშაობს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ", - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, რამდენად ჩანს, რომ საზოგადოება გახლეჩილია, ძაბირაძემ გვითხრა:

„ხელისუფლებას ყოველთვის ჰყავდა და ჰყავს მხარდამჭერები. არიან ისინი, ვინც ხელისუფლებასთან უშუალოდ არიან დაკავშირებული, სახელისუფლებო სტრუქტურებში ან მსგავს ადგილებში მუშაობენ. მათ კი იმის განცდა აქვთ, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება, შესაძლოა სამუშაო ადგილი დაკარგონ. ისინი იძულებულები არიან იბრძოლონ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არჩევნები მოიგოს. არის მეორე ნაწილი, რომელიც ბიზნესს აკეთებს ხელისუფლებასთან და მათაც პირადი ინტერესები აქვთ. აქვე არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც ყოველთვის ხელისუფლებას უჭერს მხარს და მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ძალა იქნება ეს.

„ოცნებას" ელექტორალური ზრდის უნარი უკვე აღარ აქვს. როცა ხელისუფლება ასეთ კრიზისამდე მივა, თვითიზოლაციას იწყებს და განხეთქილება ხდება. ამიტომაც პოლარიზაცია რა თქმა უნდა არის, მაგრამ ეს იდეური პოლარიზაცია არაა და არჩევნების შემდეგ მისი ხარისხი დაეცემა, თუ ახალი ხელისუფლება კვლავ არ დაიწყებს პოლარიზაციის მიმართულებით სვლას, ამას სამწუხაროდ ყველა ხელისუფალი აკეთებდა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

„ეს შეჯიბრი შესაძლოა გაგრძელდეს"

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 29 აპრილის შეკრებამ მას 2012 წლის „ქართული ოცნების" აქცია გაახსენა, სადაც 200 ათასი ადამიანი გამოვიდა.

„დემოკრატიული ქვეყნებში ვხედავთ, რომ საზოგადოება გახლეჩილია. ვხედავთ რა ხდება აშშ-ში, თან იქ უფრო თანაბარადაა ძალები. ამ აქციების შედარებამ კი გვაჩვენა, რომ ჩვენთან ასეთი თანაბარი არაა, ერთის მხრივ დემოგრაფიულ ჭრილში ასაკის თვალსაზრისით და არც რაოდენობრივად. 29 აპრილის შეკრებამ 2012 წლის ის აქცია გამახსენა, ივანიშვილი რომ მოდიოდა. მაშინ ითქვა, რომ აქციაზე 200 ათასი ადამიანი იდგაო.

„სავარაუდოა, რომ 29 აპრილის აქციაზეც, იმის გათვალისწინებით, თუ ადამიანები დედაქალაქის ცენტრში რა სივრცეზე იდგნენ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით იმდენივე იყო, რაც 2012 წელს ივანიშვილის მოსვლისას. ახალგაზრდებს კი მაგდენი რაოდენობის ადამიანი არ აჰყვა და სავარაუდოა, რომ არც აჰყვებოდა, რადგან, მაგალითად, იგივე ილიას ფორმულის (მამული, ენა, სარწმუნოება) შეცვლამ ცუდი რეაქცია გამოიწვია.

„მეორეც, გააჩნია მთლიანობაში აქციას რა სულისკვეთება აქვს. ბევრი ადამიანისთის ეს კანონი ისეთი მნიშვნელობის მოვლენას არ წარმოადგენს, რომ ამის გამო ვიღაცას უძახო რუსეთუმე, ან არარუსეთუმე. ევროპისა და რუსეთის გზაგასაყარზე ეს კანონი არ წყვეტს პრობლემას, პრობლემა უფრო რთულია.

„გამოჩნდა, რომ უფრო მეტია ის ადამიანი, ვისაც არ უნდა დაპირისპირების ის სტილი, რაც ახალგაზრდულ თავყრილობებს სრულიად ბუნებრივად ახასიათებთ ხოლმე. 29 აპრილის აქციაზე უფრო მეტობას კიდევ ის განსაზღვრავდა, რომ კანონზე არაა დამოკიდებული ჩვენი ურთიერთობები დასავლეთთანო. ამიტომ გაკეთდა ასეთი აქცენტი - „ღირსებით ევროპისკენ".

„ამ ღირსების წინ წამიწევამ ალბათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ღირსების თემამ დაჩრდილა თვითონ კანონის საკითხი და მემგონი ეს იყო კიდეც ჩაფიქრებული, რომ დიდი აქცენტი უშუალოდ კანონზე არ ყოფილიყო", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე შეფასებით, „აქციების ომში" 29 აპრილის შეკრებამ „დაჩრდილა" 28 აპრილის აქცია.

„დაჩრდილა იმიტომაც, რომ 29 აპრილის შეკრება ასკობრივად უფრო შეუზღუდავი იყო, 28-ში კი ასაკობროვი სპექტრი საკმაოდ ვიწრო იყო და ამან გარკვეული გავლენა იქონია. თუმცა, არ მგონია, რომ პროცესი დამთავრდა და ეს შეჯიბრი შესაძლოა გაგრძელდეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×