თამთა ჩაჩანიძე
02.05.2024

ხუთშაბათს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები გაუქმდა, გადაიდო 2 მაისს დაგეგმილი საგარეო უწყების ხელმძღვანელის ილია დარჩიაშვილის „მინისტრის საათის" ფორმატში ანგარიშის წარდგენაც. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე გამოცხადდა, რის შემდეგაც ყვითელმა დონემ დაიწყო ამოქმედება, ამ დროს ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ. შენობის გარეთ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აქცია კვლავ დაანონსეს. „ოცნება" კი ოპოზიციას და პრეზიდეტს კვლავ მწვავედ აკრიტიკებს.

საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით, 1-ელ მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ „საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა" და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

„ამ დროს შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები. 1 მაისს, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება.

„ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის სასახლეში, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.

„2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ, გაუქმდება წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

„უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2 მაისს 17:00 საათზე უკვე მეორე მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქცია კვლავ დაანონსდა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, „ქართველ ხალხს არდადეგები ვერ შეაჩერებს".

„მერამდენე დღეა ვხედავთ, რუსული კანონის ხმის მიცემის შემდეგ „ქართული ოცნება" პარლამენტიდან სპეცრაზმის გამოყენებით გადის. დღეს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრისათვის კრიტიკული კითხვები უნდა დაგვესვა, დარწმუნებული ვარ, ის პასუხს ვეღარ გასცემდა იმას, თუ რატომ მიჰყავს „ქართულ ოცნებას" ქვეყანა რუსული ორბიტისკენ და რატომ ამბობს ის უარს ნატო-სა და ევროკავშირზე, ამ მოცემულობაში მათ გადაწყვიტეს, პარლამენტი დაეხურათ და 2-კვირიანი არდადეგები მოეწყოთ, მაგრამ ნახავენ, რომ ქართველ ხალხს ვერც ძალის გამოყენება, ვერც მათი სამაისო არდადეგები ვერ შეაჩერებს, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს ხალხის წინაშე იმ კონსტიტუციური გადატრიალებისთვის, რომელსაც ისინი აქ კანონით აწყობენ და აუცილებლად, ქართველი ხალხი იმ ძალაუფლებაზე გაიმარჯვებს, რომელმაც საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო", - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

როგორც „ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცორიძე ამბობს, მესამე მოსმენა წინაა.

„12 საათია ახლა. მოვედით პარლამენტის წევრები, რათა მოვუსმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრს. საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალა საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად გააუქმეს ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. მანამდე, 10- დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას. ბიუჯეტიდან ფულს რომ იპარავენ და შემდეგ არიგებენ და რაღაც შეღავათებს აძლევენ, ახლა კალენდარული დღეებიც მოიპარეს. ხალხს ეუბნებიან, ოღონდ არ გააპროტესტოთ და 10 დღე ისხედით სახლებშიო. აი, ეს არის კომიკური მარაზმატული ხელისუფლება. ხელისუფლებას, რომელიც დაუპირისპირდება ხალხს, მარცხდება. შეშინებულმა ივანიშვილმა მოინდომა, რომ პარლამენტი გადააქციოს საკუთარ ციხე-სიმაგრედ. მაგრამ ციხე-სიმაგრე რა არის წარმოდგენაში? შიგნით უნდა დაიმალო და გარედან ვიღაცამ დაგიცვას, მაგრამ შიგნითაც კი ვერ შემოდიან. „ქართული ოცნების" დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთ სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან. აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ მანამ, სანამ არ გააუქმებენ ამ კანონს. ყველაფერი წინა არის. მესამე მოსმენა წინ გვაქვს," - განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება მმართველი პარტიის არგუმენტებს, „ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაფიქრდნენ, ვის და რის ბრძოლაში არიან.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას აქვს თავის საფუძველი. ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვიხვეწებით, ერთი არგუმენტი გვითხარით, გამჭვირვალობაში და დეკარაციის შევსებაში რა არის რუსული, ყველაფრის თავის სახელის დარქმევაში, თუ უცხოეთიდან ფინანსდები, ამ ფინანსებს თავისი ინტერესები მოსდევს, ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებაში, ამაზე ხომ პასუხი ვერ გაგვცეს. რაზეც რუსულიაო, დაიწყეს ლაპარაკი, ყველაფერი ამერიკულიდან გადმოწერილი აღმოჩნდა და რანაირად? ამ ბავშვებმაც ხომ უნდა იფიქრონ? შვილებო, ძმებო, დებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ყველას მივმართავ, დაფიქრდით, თქვენ თვითონ წაიკითხეთ, ვის ბრძოლაში ხართ, რის ბრძოლაში ხართ? გავა 10-15 წელი, გაიზრდებიან ეს ბავშვები, აუხსნიან მერე ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, ზუსტად მიხვდებიან, რაშიც არის საქმე და რა დააყენეს პატრიოტიზმის მოტივით ისტორიის ცუდ მხარეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით კი, „ზუსტად პრეზიდენტია ის ადამიანი, ვინც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას".

„რაც შეეხება პრეზიდენტს, ის არის ადამიანი, ვინც ახალისებს ძალადობას და ქმედება, რომელიც შეწყალებასთან დაკავშირებით იკადრა და გააკეთა, იმაზე მიანიშნებს, რომ წახალისებულია ძალადობა. ზუსტად პრეზიდენტია ის ადამიანი, ვინც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას", - აღნიშნა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×