თამთა ჩაჩანიძე
06.05.2024

შესაძლოა ალმათი მალე ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების ადგილი გახდეს - 10 მაისს ყაზახეთში სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდებიან, სადაც განიხილება ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხი. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს იყოს დიდი ხელშეკრულების წინა მოსამზადებელი შეხვედრა, სადაც უკვე გამოიკვეთება კონტურები.

ექსპერტები აცხადებენ, რომ სომხეთ-ზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულება იქნება ისტორიული მნიშვნელობის და ის თავისთავად გავლენას მოახდენს, როგორც რეგიონზე ისე საქართველოზე. ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება და შესაძლოა საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები გაჩნდეს, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების კუთხით.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ ალმათიში 10 მაისს გაიმართება. ამასთან, სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრაზე განიხილება ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებების საკითხი.

ამავე ინფორმაციით, დღის წესრიგში ასევე მოიცავს მხარეთა ვალდებულებების დადასტურების და რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სავაჭრო გზების აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.

დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი დაწყებულია

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლება სახელმწიფო საზღვრის გარკვეული ნაწილის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე შეთანხმდა. პროცესი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, რასაც თან საპროტესტო აქციები ახლავს. სომხეთში საპროტესტო გამოსვლები 20 აპრილიდან გრძელდება, მოქალაქეები აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის პროცესში ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგ გამოდიან.

როგორც სომხური მედია წერს, მსვლელობის ორგანიზატორია მოძრაობა სახელწოდებით „ტავუში სამშობლოს სახელით", რომელსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს. გავრცელებული ინფორმაციით, მსვლელობა სოფელ კირანციდან დაიწყო და 9 მაისს ერევანში დასრულდება, სადაც აქციის მონაწილეები მთავრობას კონკრეტულ მოთხოვნებს წაუყენებენ.

რამდენიმე დღის წინ, სომხეთში, ტავუშის რეგიონის სოფელ კირანცში 31 ადამიანი დააკავეს, გადაკეტილი იყო სოფელთან მისასვლელი გზა. სომხური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ ყველა დაკავებული პოლიციაში სსკ-ის 182-ე მუხლის საფუძველზე გადაიყვანეს, რაც ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

მარტის შუა რიცხვებში ბაქომ ერევანს რვა სოფლის „დაუყოვნებლივ, ყოველგვარი პირობის გარეშე" გადაცემა მოსთხოვა, ამის საპირწონედ კი სომხეთის მთავრობამ დაასახელა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე 31 სოფელი, რომელიც მათი თქმით სომხეთს ეკუთვნის, რაც ბაქომ კატეგორიულად უარყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 5 აპრილის ბრიუსელში აშშ-სომხეთ-ევროკავშირის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი იყო.

რა შეიცვლება რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებით

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, დიდი ალბათობით უახლოეს პერიოდში სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ისტორიულ ხელშეკრულებას ვიხილავთ, რომელიც ალმათის სახელით იქნება ცნობილი.

„სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება ალბათ ალმათის ხელშეკრულების სახელით იქნება ცნობილი, ეს იქნება ისტორიული შეთანხება. არ გამოვრიცხავ, რომ ალიევს და ფაშინიანს ნობელის პრემიაც კი გადასცენ ამდენხნიანი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისა და დასრულების გამო.

„მხარეებმა ალმათი შემთხვევით არ შეარჩიეს, ყაზახეთი თურქულენოვანი სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრია, აქ 400 ათასიანი სომხური და აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფებია და ამ ფაქტორმაც იმოქმედა. დსთ-ს ფარგლებში სომხეთს ყველაზე ახლო ურთიერთობა ყაზახეთთან აქვს. მჯერა რომ ამ შეხვედრაზე სამშვიდობო ხელშეკრულებისკენ დიდი გარღვევა ყველა ვარიანტში იქნება, ალბათ ის სამი სადაო პუნქტი უკვე მოგვარებადია, გამოიკვეთება კონტურები და მერე ალბათ ხელშეკრულება დაიდება.

„მთავარი დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი გადაწყვეტილია, მხარეები უფრო პროგრესულად წავიდნენ წინ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. არ ველოდები რომ 10 მაისსვე დაიდება ხელშეკრულება, ეს უფრო ხელშეკრულების წინა პერიოდს ჰგავს და ალბათ ერთი სამი-ოთხი რაუნდი კიდევ დასჭირდება და შემდეგ დაანონსდება ხელშეკრულება.

„შუამავლად საქართველო ალბათ იმიტომ არ შეარჩიეს, რომ აქ სიტუაცია არცთუ სახარბიელოა, პირველ რიგში პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი ხარისხია. თან რომც ჩამოსულიყვნენ, ჩვენს მმართველ პოლიტიკურ ძალაში არ არის საერთაშორისო დონის ისეთი ფიგურა. საქართველოში ისეთი გავლენიანი ფიგურა არ მეგულება, არც პრეზიდენტი, არც ყოფილი და მოქმედი პრემიერი.

„ბიძინა ივანიშვილს ამდენი გასაქანი არ აქვს. სააკაშვილიც ვერ იზამდა ამას. ამას უფრო ედუარდ შევარდნაძე და ზვიად გამსახურდია გაუძღვებოდნენ. თავის დროზე შევარდნაძე სთავაზობდა ბაქოს და ერევანს, რომ საქართველო ყოფილიყო მათი მოლაპარაკებების ცენტრი და რამდენიმე რაუნდი გაიმართა კიდევაც. მაშინ უბრალოდ გეოპოლიტიკური ვითარება პროცესს ხელს არ უწყობდა. თავის დროზე გამსახურდიამაც დიდი როლი ითამაშა ამ კონფლიქტის დეესკალაციაში.

„თოყაევი (ყაზახეთის პრეზიდენტი) მაინც საერთაშორისო დონის ფიგურაა, თან ის გაეროს გენერალური მდივნის პირველი მოადგილე იყო, ესეც მნიშვნელოვანია, ის ერთ-ერთი მაღალი დონის დიპლომატია.

„სომხური მოსახლეობის უმეტესობა ამ კონფლიქტით დაიღალა და არა მგონია, რომ დემარკაციის საკითხს დიდი პროტესტი მოჰყვეს, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პროტესტის უკან პრორუსი ძალების იყვნენ",- თქვა მაისაიამ.

მისივე თქმით, ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება მათ შორის საქათველოსთვის.

„თუ ეს ხელშეკრულება დაიდო, კავკასიის რეგიონში ბევრი რამე სასიკეთოდ შეიცვლება, რეგიონი გეოეკონომიკურ სატრანზოტო ჰაბად გადაიქცევა და შესაბამისად მისი მნიშვნელობა და პოტენციალი გაიზრდება, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთ, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით. საქართველოს როლი კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა საუბარიც კი დაიწყოს სამი ქვეყნის ეკონომიკურ იტეგრაციულ მოდელზე, ასევე შეიძლება რეგიონალური უსაფრთხოების ახალი ინიციატივებიც წამოვიდეს, სადაც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი მთავარი რეგიონალური მოთამაშეები იქნებიან.

„ამის პარალელურად თუ პოლიტიკური რეჟიმები ამის საშუალებას მისცემენ, არაა გამორიცხული, რომ სომხეთი და საქართველო ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ერთად გააგრძელონ გზა და არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ბაქომაც მოინდომოს იგივე ვარიანტი. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ეს ცუდი ფაქტია და შესაძლოა თავისი გეოეკონომიკური პოტენციალის გასაძლიერებლად ჩრდილოეთ და სამხეთ კორიდორი გამოიყენოს, სანკტ პეტერბურგიდან მუმბაიმდე სატრანზიტო კორიდორი გაჭრას",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×