რეზონანსი
28.04.2024

„საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოს” 

ილია II

 

თბილისის ცენტრში შექმნილმა მორიგმა „რევოლუციურმა სიტუაციამ“ საქართველოს „ახალი ისტორიის დაწერის“ 35 წლის წინ განხორციელებული მცდელობა გამახსენა. მართალია, კომუნისტების მმართველობის პირობებში ქართველებს „მაშასადამე ევროპელობაზე“ პრეტენზია არ გვქონდა, მაგრამ მაშინაც განსაკუთრებით ახალგაზრდობა აქტიურობდა, რომელსაც „ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში“ უნდოდა ცხოვრება... ამასთან, პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს, ქართველი პოლიციელების ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის კი არა, რუსი სამხედროების ალესილი ნიჩბებისა და ავტომატებისაც კი იმდენად არ ეშინოდათ, რომ კათალიკოს-პატრიარქის მოწოდებაზეც კი არ დაიშალნენ.

ისიც მახსოვს, 1991 წელს დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეების მხარდაჭერით შეგულიანებულმა „ოპოზიციამ“ მოქალაქეების უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება იარაღით რომ დაამხო, ხოლო „გამარჯვებულმა ხალხმა“ („მხედრიონმა“) 1921 წლის კონსტიტუცია (რომელშიც აფხაზეთი არ იყო ნახსენები) სპორტის სასახლეში გამართულ მიტინგზე აღადგინა... შედეგად, „ზვიადისტებად“ და „გერმანიის გამაერთიანებელის“ მოხრეებად დაყოფილი („პოლარიზებული“) ქართველები აფსუა-აფხაზებისგან აღმოვჩნდით რუსეთის მიერ აღმართული ახალი „ბერლინის კედლით“ გამიჯნულები. უცხოეთიდან დაფინანსებული ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების (თუნდაც „კმარას“ გახსენებაც კმარა...) და რუსი ივანოვის მიერ მხარდაჭერილი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი, რუსეთმა სამაჩაბლოც მიიტაცა და „მცოცავი ოკუპაციით“ ქართულ მიწას დღესაც ეპატრონება... 

მართალია, „სტრატეგიულმა პარტნიორებმა“ და „ევროპელმა მეგობრებმა“ 1989, 1991, 2003, 2008 და 2012-შიც მოგვიწონეს „დემოკრატიული აქტივობები“, მაგრამ მათი „აღშფოთება-შეშფოთებების“ მიუხედავად, დამოუკიდებლობის აღგენიდან საუკუნის მესამედის გასვლის შემდეგ, ფაქტობრივად, მხოლოდ დაკარგული (თუ გაყიდული...) ტერიტორიები და განახევრებული მოსახლეობა შეგვრჩა, რომლის პოლიტიკურად აქტიური ნაწილი იმდენად „პოლარიზებულია“, რომ ყოველი არჩევნების წინ მზად არის, იდეურ მოწინააღმდეგეს მუშტი „რუსულ სიფათში“ უთავაზოს... 

რომელ დამოუკიდებლობასა ან/და თავისუფლებაზეა ლაპარაკი, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა ჯერ „ერთხმად“ იცვლის პოზიციას („ვიღაც მესამის“ თხოვნით, რჩევით ან, კიდევ უარესი, დავალებით...), შემდეგ კი მეორედ აინიცირებს კანონპროექტს, რომელიც ნადვილად არ არის რუსული, თუმცა აშკარად რუსეთის ინტერესებში გამოჰყავს ქუჩაში „რევოლუციურად“ განწყობილი ახალი თაობა. ამასთან, უცხოეთიდან დაფინანსებული „მესამე სექტორი“ და ე. წ. მეოთხე ხელისუფლება რუსი „მოლოტოვის კოქტეილს“ აზრის თავისუფლად გამოხატვის დემოკრატიულ საშუალებად წარმოაჩენენ, ხოლო დამნაშავე „სამოქალაქო აქტივისტის“ შეწყალებით, „პროევროპელი“ პრეზიდენტიც, ფაქტობრივად, აქეზებს მომიტინგეებს ძალის გამოყენებით ხელისუფლების დასამხობად... 

ფაქტია, იმ დროს, როდესაც საპროტესტო აქციებზე სტუდენტების გარდა, უკვე სკოლის მოსწავლეებიც გამოჩნდნენ და ნაციონალურის მოძრაობის („ომის პარტიის“) აქტივისტების უხამს შეძახილებს („რუსებს რაა?!... „პუტინ ხუ-ლო!“), დარწმუნებული ვარ, შეუგნებლად აჰყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ აშკარად პროვოკაციული კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა მომავალ პარლამენტს მიანდოს, მმართველი პარტია აცხადებს, რომ „რუსული კანონის“ დაუყოვნებლივ მიღება სწორედ ახალგაზრდობის უცხოეთიდან „მავნე ზეგავლენისგან“ დასაცავადაც არის აუცილებელი, თუმცა, პირველ რიგში, თურმე დედაეკლესიის რეპუტაციაზე ზრუნვას ემსახურება... 

არადა, ილია მეორემ არაერთხელ მიგვანიშნა ანალიტიკური აზროვნების დეფიციტზე და ქმედებების საღი გონებით განსჯა-გააზრება (ფაქტობრივად, ლაპარაკიდან საქმეზე გადასვლამდე მეტი დაკვირვება) გვირჩია. ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში კი ბრძანა, „საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოსო!”

ეს ბრძნული დანაწესი, პირველ რიგში, პოლიტიკოსებისთვის უნდა იყოს ყურადსაღები, ვინაიდან არცთუ იშვიათად იღებენ ნაუცბათევ ან/და არაგონივრულ გადაწყვეტილებებს (თუნდაც „უზენაეს კანონთან“ ან სახელმწიფო სიმბოლიკასთან მიმართებით), თუმცა ზოგჯერ არც „არასამთავრობო ორგანიზაციების“ წარმომადგენლების ქმედებების ლოგიკურად ახსნაა შესაძლებელი. 

მართალია, აქციების მონაწილეებს „არაფერი უნდათ რუსული“, გარდა იმისა, რომ ხორბლის 95 %-ი და საწვავის ნახევარი რუსეთიდან შემოგვაქვს, მილიონამდე ჩვენი მოქალაქე რუსეთში ირჩენს თავს და საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტიც, ძირითადად, რუსეთში ხდება.

ამასთან, მოსწავლე-ახალგაზრდობამ თუ არა, ზრდასრულმა პოლიტიკოსებმა ხომ უნდა იცოდნენ რეალურად რა ხდება უკრაინაში და, რომ „ანალიტიკური აზროვნების უნარით“ გამორჩეული ილონ მასკიც პროგნოზირებს ომის მალე დასრულებას... ამასთან, მედიის ცნობით, აზერბაიჯანიდან (ყარაბახიდან) რუსი „სამშვიდობოების“ გაყვანა დაღესტნის მიმართულებით იგეგმება, საიდანაც მათ ან დისლოკაციის ადგილზე (სამარაში) დააბრუნებენ, ან ახალ „ცხელ წერტილში“ გადაისვრიან... 

ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენმა წინაპრებმა „მამული, ენა, სარწმუნოება“ მხოლოდ „უქარქაშო ხმლების“ ქნევით შეინარჩუნეს, ხოლო „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კაცისა მამაცისასა“ თურქულიდან ან თუნდაც რუსულიდან არის ნათარგმნი?! მაინტერესებს, პუტინი და ერდოღანი (ბათუმისთვის ლექსი რომ აქვს მიძღვნილი...) საქართველოს ტერიტორიის გადანაწილებაზე რომ შეთახმდნენ, ნატოს ჯარი დაგვიცავს თუ ევროკავშირის ქვეყნები მოგვამარაგენენ იარაღით?! 

იმ ვითარებაში, როდესაც არჩევნებში, ფაქტობრივად, მოქალაქეების ნახევარიც კი არ მონაწილეობს ნებაყოფლობით, ლოგიკურად, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ხალხის სახელითაც არ უნდა გვმოძღვრავდნენ. ამასთან, ფაქტია, ვისაც ვხდები, აბსოლუტურ უმრავლესობას რუსეთთან ურთიერთობის დალაგება სურს და არც საჯარო ბილწსიტყვაობის მომხრეა... 

ამდენად, ვინაიდან აქციის მესვეურებმა განაცხადეს „3 საათი კი არა, 24 საათი ვივლით, მაგრამ ევროპულ მომავალს არ დავთმობთო!“ და ხელისუფლებაც „ღირსებით ევროპისკენ!“ შეუჩერებლად აპირებს სვლას, თან მის სააგატიციო მასალაზე სამების ტაძარი და „სარწმუნოებაც“ დომინირებს, კარგი იქნება „ხალხმა“ ამჯერად მაინც გაითვალისწინოს კათალიკოს-პატრიარქის რჩევა და „გულის კარნახით კი არ იაროს“, არამედ „ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული“ გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპულ კავშირში გაწევრიანებამდე იუგოსლავიასავით თუ არ დავიშალეთ, შესაძლებელია, ტერიტორიები კიდევ დავკარგოთ...

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×