პოლიტიკური პოზიციების გამო, ზოგ შემთხვევაში უკვე ოჯახის წევრები, ძელი მეგობრები და ახლობლები უპირისპირდებიან ერთმანეთს
ელზა პაპოშვილი
28.04.2024

არსებობს თუ არა ქვეყანაში პოლარიზაციის უკიდურესად გაღრმავებისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე? ანალიტიკოსთა შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტის მეორედ ინიცირების შემდეგ დაწყებულმა პროცესებმა სახიფათო ტენდენცია აჩვენა - პოლიტიკური პოზიციების გამო, ზოგ შემთხვევაში უკვე ოჯახის წევრები, ძელი მეგობრები და ახლობლები უპირისპირდებიან ერთმანეთს.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს დაძაბულობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს და ყველაფერი ისევ ორი პოლიტიკური პოზიციის დაპირისპირებაში გადავიდეს, ნებისმიერი სხვა ალტერნატივის გარეშე. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში „შუას გაკრეფა“ ხდება და თანდათან მცირდება ნეიტრალურ პოზიციაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა. 

მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები რევოლუციური სცენარისათვის ამზადებენ საფუძველს. ოპოზიცია კი თავის მომხრეებთან ერთად მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ევროპულ გზას უხვევს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს. 

ვის აწყობს საზოგადოების გაყოფა

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების პოლარიზება და ორად გახლეჩა თვალში საცემად გაღრმავდა. ამის პროვოცირებას კი, მისი აზრით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აკეთებს. როგორც ჩიტაძემ „რეზონანსს“ განუცხადა, საზოგადოებაში შიდა დაპირისპირებას ასევე აღრმავებს საპარტიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებაც.

„ასეთი განცხადებები ერის ერთიანობას და ქრისტიანულ ღირებულებებს არ ემსახურება. არ ვარ მომხრე, რომ ხელისუფლების თამაშში ეკლესია და სხვა ინსტიტუტები იყვნენ ჩართული, რაც მოსახლეობის პოლარიზაციას და დაპირისპირებას კიდევ უფორ აღრმავებს. 

„პოლარიზაციას ხელისუფლება ახდენს. ვინც საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს, ან „ნაციონალია“, ან კიდევ მოსყიდული უცხოური ძალების მიერ. მათ შორის მეც ასე მომიხსენიებენ. ეს არის პრობლემა და სამწუხაროდ, ეს ხელისუფლების დამსახურებაა. ყველაზე მოგებული ასეთ ვითარებაში ის გამოდის. მას სურს, რომ ყველას და ყველაფერს ჩირქი მოსცხოს. ვინც მათ მხარეს არ არის, ან „ნაცია“, ან უცხო ქვეყნის აგენტი. იმიტომაც ებრძვინ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ დისკრედიტაციას ახდენენ, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამომთქმელი არავინ აღარ იყოს. 

„29 აპრილს კონტრაქციას ატარებენ და ამით უნდათ დაუპირისპირდნენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც  დღეების განმავლობაში უკვე რუსთაველზე დგანან. თუნდაც ზურა ყოფშიძის და მისი შვილიშვილის დაპირისპირების მაგალითი ავიღოთ. ბაბუას შეეძლო შვილიშვილისთვის ცალკე ყავაზე მიეცა შენიშვნა. როდესაც ადამიანი ამას საჯაროდ აკეთებს, ეს არის „ოცნების“ წინაშე ქულის დაწერა, რომ აი, თქვენი ერთგული ვარ“, - ამბობს ჩიტაძე. 

რაც შეეხება იმას, ხდება თუ არა შიდა სამოქალაქო დაპირისპირებით „შუას გაკრეფა“ და ვინ სარგებლობს ამით, ჩიტაძე აცხადებს, რომ ე.წ. შუაშისტი ამომრჩეველი პირდაპირ „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. 

„ე.წ. შუაშისტები რეალურად „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობენ - ან არჩევნებზე არ მიდიან, ან კიდევ ცდილობენ არავის მხარეს არ იყვნენ. რა თქმა უნდა, არჩევნების წინ, როცა სიტუაცია დაიძაბება, მოვლენები კიდევ უფორ გამწვავდება. კი, არსებობს იმის ლბათობა, რომ საერთოდ ეს ე.წ. შუაშისტები გაიკრიფონ. ნაწილმა შესაძლოა ოპოზიციას მისცეს ხმა, მაგრამ არა „ნაციონალებს“. დანარჩენი ალბათ მათ მხარეს გადავა“, - ამბობს ჩიტაძე. 

„ეს გორილების გაჯიბრებას ჰგავს“

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აქციებით ერთმანეთის დაჯიბრება და ძალის დემონსტრირება საზოგდაოებაში პოლარიზაციას კიდევ უფრო  ზრდის. როგორც მან „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს ყველაფერი უკვე ოჯახის წევრების, ნათესავების, მეზობლების, ახლობლების და თანამშრომლების დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდად შესაძლოა დასრულდეს.

„ყიფშიძეების ოჯახის მაგალითზე ვნახეთ ყველამ, რომ ამ პოლარიზაციამ თაობები და ოჯახის წევრები დააპირისპირა ერთმანეთს. ძალიან სახიფათო სიტუაციაში ვართ და ეს ჰგავს გორილები ერთმანეთს კუნთებით რომ ეჯიბრებიან. 

„ძალიან ცუდია, როცა საზოგადოება ასე იყოფა და დაპირისპირების ხარისხი ამხელაზე იზრდება. რა თქმა უნდა, „ოცნება“ მუდმივად გამოიყენებს სააკაშვილის პერსონას და „იმ სისხლიან 9 წელს“, როცა ამაზე „ნაციონალები“ ბოდიშს დღემდე არ იხდიან. ეს შიში და დაპირისპირება მუდმივად ჩნდება და სიტუაცია ისევ ორი მხარის დაპირისპირებაში გადადის. 

„ფაქტია, რომ „ოცნება“ ეცდება ყველა თავისი ოპონენტის „ნაციონალებად“ გასაღებას. მუდმივად ისაუბრებს 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე. ეს აქვს კოზრის სახით და რატომ არ გამოიყენებს?! ამიტომ არის, რომ ხალხი გაიყო ორ ნაიწლად და თაობებს შორის დაპირისპირება დაიწყო. 

„თუმცა საქმე ისაა, რომ ამ თაობის ახალგაზრდებმა არ იციან სააკაშვილის სისხლიან ცხრა წელი. ისინი თავისუფლებაში არიან დაბადებული და ამით ვერ შეაშინებენ. თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე ეს მოქმედებს. არჩეევნების მოახლოებასთან ერთად კი ეს პროპაგანდა კიდევ უფრო ამუშავდება“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×