ირმა ჩიტაია
29.04.2024

წინასააღდგომოდ მომსახურებისა და სურსათის ფასები კიდევ ერთხელ გადაიხედება. მართალია, ბიზნესი ირწმუნება, რომ პროდუქტი არ გაძვირდება, მაგრამ მომხმარებელი საპირისპიროს ადასტურებს. იზრდება როგორც სუფრის, ასევე  მგზავრობის და გადაადგილების ხარჯიც.

მომსახურების სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი ცდილობს მომხმარებელს სჭირო პროდუქცია ხელსაყრელ ფასად მიაწოდოს. ნაწილი კი აქცენტს ხარისხზე აკეთებს და გაძვირებასაც ამ მოტივით ხსნის. განსაკუთრებით ძვირდება სოფლიდან ჩამოტანილი ეკოლოგიურად სუფთა ხორცპროდუქტები და რძის ნაწარმი.

კვერცხის ფასი მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია, ასევე შენარჩუნებულია სატრანსპორტო მომსახურება. მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, სექტორში აცხადებენ, რომ ფასები არ გადაიხედება, თუმცა რეალობა სხვაგვარია. დღესასწაულის წინა პერიოდში ყველა ფასების შენარჩუნებაზე დებს თავს, ხოლო შემდეგ მომხმარებელს საგრძნობლად მომატებული ფასი ხვდება.

,,რეზონანსი" დაინტერესდა დაახლოებით რა ხარჯის გაწევა მოუწევს მოსახლეობას მოახლოებული დღესასწაულების აღსანიშნად. წელიწადის ამ დროს ყოველთვის მზარდია დედაქალაქიდან რაიონების მიმართულებით წამსვლელთა რაოდენობა.

თბილისის ავტოსადგურებში დღესაასწაულის მიწურულს მოსალოდნელი მოთხოვნის მკვეთრ მატებაზე საუბრობენ. გაზრდილი მოთხოვნა უმეტესწილად  გაძვირებასაც, თუმცა როგორც სადგურ ,,დიდუბის" დირექტორმა ნესტორ მიქატაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, წელს, დედაქალაქიდან რაიონების მიმართულებით  მგზავრობა არ გაძვირდება.

,,აღდგომის დღეებზე ავტოსადგური ყოველთვის მაღალი დატვირთვით მუშაობს. დანარჩენ პერიოდში დიდი ჩავარდნაა, მგზავრთა ნაკლები ნაკადებია, მძღოლებს მუშაობა შემცირებული აქვთ. ხუთშაბათიდან მოთხოვნა გაორმაგდება, მაგრამ ტარიფი არ შეიცვლება. მოზღვავებული ნაკადის მიუხედავად, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ გაძვირება არ იგეგმება. ფასს შევინარჩუნებთ, დაემატება რეისები, სამარშრუტო ტაქსები. ყველაზე მეტი ნაკადი დაასავლეთის მიმართულებითაა.

ხუთშაბათიდან დაიწყება მოზღვავება და ბოლო სამი დღე იქნება მზარდი მოთხოვნა. ფასის მატებას არ ვგეგმავთ და მსგავსი პირობა არც არავის დაუყენებია. ძირითადი დატვირთვა 3-4 დღეზე მოდის. აქედან გამომდინარე, გაძვირებას არ დავუშვებთ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მგზავრებს არ ექნებათ დისკომფორტი. მაქსიმალურად გავაკეთებთ ისე, რომ უკმაყოფილო არავინ დარჩეს", - განაცხადა ნესტორ მიქატაძემ.

სააღდგომო დღესაასწაულისთვის აუცილებელი ატრიბუტი კვერცხი და პასქაა. ჭარბი მოთხოვნის მიუხედავად, კვერცხი არ ძვირდება, მაგრამ უკვე გაძვირებული ფასით გამოჩნდა დახლებზე პასქა. ძვირია ხორცპროდუქტებიც. აღდგომის დღესაასწაულს თან ებმის გიორგობის დღესასწაულიც. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობას დიდი ხარჯის გაწევა მოუწევს.

ხორცპროდუქტებით მოვაჭრე გიორგი ღუბიანური ,,რეზონანსთან" ამბობს, რომ   მოთხოვნის ზრდას შესაძლებელია ფასების მატებაც დაერთოს, რაც თვალშისაცემი კვირის ბოლო დღეებში იქნება.

,,დღესასწაულებზე ხორცპროდუქტზე მოთხოვნა ყოველთვის მზარდია. ახლაც იგივეს ველოდებით. ვერ გეტყვით, რა მოცულობით, მაგრამ მაინც მოიმატებს ფასი. ყველაზე დიდი მოთხოვნაა საქონლის, გოჭისა და ცხვრის ხორცზეა. ამ ეტაპზე, ყველა ტიპის პროდუქტი ძველ ნიშნულზეა. ბოლო სამი დღე გამოაჩენს როგორ შეიცვლება სიტუაცია. ამ ეტაპზე, ჩვენთან საუკეთესო საქონლის ხორცის ღირებულება 24 ლარია. სამწვადე კი 18 ლარი ღირს და ა.შ." - განაცხადა ღუბიანურმა.

სააღდგომოდ ხელსაყრელ ფასზე და საუკეთესო სერვისის მიწოდებაზე საუბრობს სუპერმარკეტ ,,ფრესკოს" წარმომადგენელი მარიამ აფრიდონიძე.

,,მთელ ქსელში ყველა მიმართულებით გვაქვს წინასააღდგომო ფასდაკლებები. მთელი კვირის მანძილზე შევეცდებით მომხმარებელს ხელსაყრელ ფასად მივაწოდთ ნებისმიერი საჭირო და აუცილებელი პროდუქტი. პასქებზე შეთავაზება უკვე დავიწყეთ, გაიაფდება ხორცპროდუქტებიც. მოკლედ, ვეცდებით შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმ დავწიოთ ფასი", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ,,ფრესკოს" წარმომადგენელმა.

სააღდგომოდ ბაზარში მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მყიდველებიც და გამყიდველებიც ერთხმად ამბობენ, რომ ფასები მომატებულია. ყოველდღიურად იცვლება რძის ნაწარმისა და ხორცპროდუქტების ფასიც. განსაკუთრებით ძვირდება სოფლიდან ჩამოტანილი პროდუქცია.

მოვაჭრეების თქმით, ხორცზე ფასების დამატებით ზრდას ნაკლებად ელოდებიან, რადგან ისედაც ძვირია და მომხმარებელს უჭირს მისი შეძენა. თუმცა, ეს არ ეხება სოფლის ქათამს. მისი ღირებულება საკმაოდ მაღალია და 30-40 ლარამდე ღირს. ღორის ხორცი 13-18 ლარამდე მერყეობს, საქონლის ხორცის ღირებულება კი 24 ლარიდან იწყება. ასევე განსაკუთრებით ძვირია სოფლიდან მოწოდებული ყველი. საუკეთესო სულგუნის ფასი კილო 30 ლარამდე ავიდა.

სააღდგომოდ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი კვერცხია. თუმცა, როგორც ამბობენ, ეს ერთადერთი პროდუქტია, რომელიც ფასს შეინარჩუნებს და მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, ის არ გაძვირდება.

როგორც ყოველთვის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია პასქა. წელს მასი ღირებულება საკმაოდ გაზრდილია. საშუალო მოცულობის პასქის ფასი 8-9 ლარიდან იწყება და 30-50 ლარამდე მერყეობს.

მომხმარებელი თამარ ვარდიაშვილი ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ წინასააღდგომო პერიოდში ფასი ყველგან იცვლება, ბაზარშიც და სუპერმარკეტებშიც.

,,სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით ვცდილობ თადარიგი წინასწარ დავიჭირო. ჩვენთან, ფასი ყოველთვის ყველაფერზე მატულობს. ელემენტარულად, მწვანილიდან დაწყებული ნებისმიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტზე. ყოველდღიურად ძვირდება რძის ნაწარმიც. იმერული ყველი 17 ლარიდან იწყება. ხარისხიან სულგუნს და შებოლილ ყველს ხომ საერთოდ, ვერ მიეკარები.

იმდენად ძვირია სოფლის ქათამი, რომ ბავშვებისთვის ვერ გვიყიდია. ცეცხლის ფასი აქვს თევზეულს. ჩემი სამომხმარებლო კალათა მწირია, ვცდილობ დავზოგო და ცოტ-ცოტა რაოდენობით შევიძინო პროდუქტი, მაგრამ ეკონომია მაინც არ გამომდის. როდესაც სუფრისთვის ყველაზე აუცილებელი პროდუქტი პასქა, სულ ცოტა, 8 ლარი ღირს, რა უნდა ვთქვა? ვცდილობ ხარჯი შევამცირო, მაგრამ არ გამომდის. უცნაური ისაა, რომ ვერ ვახერხებ ისე მოვემმზადო, როგორც დღესასწაულს შეეფერება. მართალია, კვერცხი არ ძვირდება, მაგრამ მარტო ეს ხომ არ კმარა?" - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას თამარ ვარდიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×