თამთა ჩაჩანიძე
09.05.2024

ბოლო დღეებში მოაქლაქეებზე თავდასხმებმა სისტემატური სახე მიიღო, 8 მაისის ღამეს ნიღბიანები ქუჩაში რამდენიმე ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ამის ამსახველი ვიდეოკადრები და ფოტოები. შსს აცხადებს, რომ თავდასხმის ყველა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ძალადობის ინიციატორი „ქართული ოცნებაა", თავად „ოცნება" კი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანების დევნა მათთვის მიუღებელია. გახარიას პარტიის წევრები კი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება" საკუთარ მოქალაქეებს ეპყრობა ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა" მოქმედებდა". მათი თქმით, „ხელისუფლებას არავითარი პოლიტიკური მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია აღარ აქვს".

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე თავდასხმის ყველა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„გამოძიება გუშინ მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძიებას. ვნახავთ, რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს მოხდა, ან ის. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები, დაწყებულია გამოძიება," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ოთხშაბათს ღამით თავს დაესხნენ „გავლენების კანონის" მოწინააღმდეგეებზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ და გია ჯაფარიძეზე (რომელიც ზურა-„გირჩის" ძმაა), აქტივისტ ლაშა ღვინიანიძესა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ დიმიტრი ჩიქოვანზე. ეს უკანასკნელი კეზერაშვილის ცოლისძმაა და მიიჩნევა, რომ საკვანძო რგოლია თავდაცვის ექსმინისტრის მიერ საქართველოში პოლიტიკური და მედია პროექტების დაფინანზების საქმეში. სამივე პირი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

„გუშინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან სამთავრობო „ზონდერები" თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დიმიტრი ჩიქოვანი ამჟამად კლინიკაშია, მას უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მის ძმას, „ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს ოთხშაბათს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდა. სასწრაფოა მისული და საავადმყოფოში გადაიყვანენ სავარაუდოდ",- დაწერა ჯაფარიძემ თავდასხმის ღამეს ფეისბუქზე.

იმავე ღამეს ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე გალახეს. მას თავზე და ტუჩზე სისხლჩაქცევები და ჭრილობები ჰქონდა და საავადმყოფოში ნაკერების დადება მოუწია.

წინა დღეებში პოლიტიკური შეხედულებების გამო კიდევ რამდენიმე ერთი შეხედვით სპონტანური კონფლიქტი და თავდასხმა დაფიქსირდა.

„ყველანაირი ძალადობა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური კატეგორიულად მიუღებელია - როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მოეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ რა განცხადებები კეთდებოდა. ეს ძალიან სახიფათოა, ძალიან ცუდია, არ შეიძლება!" - ამბობს „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახი კალაძე. მისივე თქმით, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური.

„რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. როგორ შეიძლება ადამიანმა მოიწონოს ძალადობა? როგორ შეიძლება ადამიანმა მოიწონოს ბულინგი? მაგრამ აქ ნახეთ რა მდგომარეობაა. მაგალითად: „იმედის", „პოსტივის" ჟურნალისტს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე, არის პირდაპირი მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ დააბულინგონ, წაახალისონ ძალადობა. ეს კატეგორიულად მიუღებელია! ყველანაირი ძალადობა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მოეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ რა განცხადებები კეთდებოდა. ეს ძალიან სახიფათოა, ძალიან ცუდია, არ შეიძლება! როდესაც სალომე ზურაბიშვილი იწყალებს ადამიანს, რომელმაც პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა და ოპოზიციას სურვილი ჰქონდა, რომ ეს ადამიანი გმირად გამოეყვანათ, აი, ეს არის ის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ძალიან მძიმეა, შემაშფოთებელია და რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკოსები - არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება, ოპოზიცია, მე მესმის ოპოზიციის წარმომადგენლებს საერთოდ არ ადარდებთ ეს ყველაფერი და არ აინტერესებთ, ამ ყველაფერს უნდა გავემიჯნოთ და პირდაპირ უნდა დავგმოთ. როგორ შეიძლება ან ფიზიკური ძალადობა მოგწონდეს ან თუნდაც იგივე ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში.

„მე რა მინდა გთხოვოთ, ჩვენ ყველას ხომ გვინდა, რომ ასეთი ფაქტები მიუღებელი იყოს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაიგმოს. მე ვსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას, რატომ არ გამოდიხართ და რატომ არ გმობთ იმას, რომ მაგალითად: „პოსტივის" ჟურნალისტს თქვენთან ერთად და თქვენ თვალწინ შეურაცხყოფას რომ აყენებენ, იგივე „იმედის" ჟურნალისტს? გამოდის - არ მახსოვს ბუღაძე იყო, თუ ამაღლობელი, პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდა აქციაზე. როგორ შეიძლება, ეს სწორია?

„ჩვენ თუ სიმართლეს არ ვიტყვით, ეს იქნება ძალიან ცუდი და მძიმე. ხაბეიშვილის ქცევა ნორმალური იყო? მოგეწონათ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელების კორდონში შევარდნა, პოლიციელებზე შეურაცხყოფა, ქვების, ბოთლების, მძიმე საგნების სროლა. მეგობრებო, დღეს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ხომ დაცულია? ნებისმიერ ადამიანს ხომ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს ამა თუ იმ ფორმის, თუნდაც აქციებით? მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში და არავის არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ პოლიციელებს ქვები ესროლონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, აფურთხონ, აგინონ და ა.შ.", - განაცხადა კალაძემ.

პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ გუშინდელ ძალადობის ფაქტებზე უსწრაფესი და ეფექტური გამოძიება უნდა დაიწყოს და თუ ეს ასე არ მოხდა და დამნაშავეები არ დაისჯებიან, აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ძალადობის ორგანიზებაზე და შესრულებაზე პასუხისმგებლობა სრულად "ოცნებას" ეკისრება.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყველანაირი სახის ძალადობა მიუღებელია, მათ შორის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებზე ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბრძოლაში ხელისუფლება ვერასდროს გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, მიუღებელია ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ეს არის პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დაბრუნება 2012 წელში. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ "ოცნება" დღეს სრულად მოქმედებს "ნაცმოძრაობის" მეთოდებით, ზუსტად ეს იგულისხმება. დღეს "ოცნება" საკუთარ მოქალაქეებს ეპყრობა ზუსტად იმ მეთოდებით, რომლითაც "ნაცმოძრაობა" მოქმედებდა.

„ამ ყველაფერზე, რაც გუშინ მოხდა, გამოძიება უნდა დაიწყოს და ეს გამოძიება უნდა იყოს უსწრაფესი და ეფექტური. თუ ეს ასე არ მოხდა და თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, ეს აპრიორი ნიშნავს, რომ გუშინდელ მოვლენებზე, ამის ორგანიზებაზე და შესრულებაზე სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას". ფაქტობრივად, „ოცნებას" ქვეყანა მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებამდე, ამაზე სრული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლების კისერზე. გარდა ამისა, "ოცნება" ამტკიცებს, რომ მათ აქვთ მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა. გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ დაადასტურა, რომ ეს არის ტყუილი. არავითარი პოლიტიკური მხარდაჭერა მათ არ აქვს, აღარც რესურსი და აღარც ლეგიტიმაცია. არიან შეშინებული და ამ შიშის ფონზე, ქვეყანა მიჰყავთ ფიზიკურ ძალადობამდე და სამოქალაქო დაპირისპირების პირას," - განაცხადა დაუშვილმა.

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თავდასხმებით ვერავის შეაშინებენ.

„ვხედავთ, როგორ უსწორდებიან ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას, ოპოზიციონერებს. მართლა ძალიან მძიმეა ამის ყურება. ივანიშვილს ამ ქვეყანაში სიძულვილის მეტი არაფერი არ დაუთესია. შუაღამით სახლთან და სახლში უვარდებიან პოლიტიკოსებს. ლაჩარი რომ არის ადამიანი და მხდალი, შიშზე აგებს პოლიტიკას. მან კარგად იცის, რომ ამ თავდასხმით მე და დიმას რომ არ შეგვეშინდება, მაგრამ ამას ვინც ტელევიზიით უყურებს, აუცილებლად გადახედავს მის შვილს და ეტყვის, ხვალ შეიძლება შენ იყო შემდეგი და მოდი შეგვეშინდეს. მაგრამ უნდა ესმოდეს ივანიშვილს, რომ ქართველი ადამიანი არასდროს ყოფილა მხდალი და მშიშარა. ახალგაზრდა ადამიანს დახვდნენ სახლში, ჯგუფურად აკეთებენ ამას, გალახავენ და მერე გაიქცევიან. ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას. მათ შორის ფიზიკურად ბრძოლას, რადგან მათთვის პოლიტიკური ენა გასაგები არ არის. მე ერთადერთი რამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ უფრო მეტი ადამიანი დაარწმუნეთ, რომ უფრო მეტი ადამიანი ვიდგეთ აქციაზე", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კი ამბობს, რომ თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა, „არიან ის ადამიანები, ვინც დგანან მიტინგების უკან".

"ნებისმიერი ძალადობა არის ძალიან ცუდი, ამაში მე მგონი ორი განსხვავებული აზრი არ არსებობს ხომ? ხოდა ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ ვინმე იმას, რომ გალახა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების მომხრემ თუ სხვამ, რაზე ამბობთ ასე ხელაღებით. [ამ ადამიანებმა თავიანთი თავი იცემეს ამას ამბობთ?] მე გითხარით, რომ ვინმემ თავის თავი იცემათქო? არც ის ვიცი ვინმემ თავის თავი იცემა თუ ვინმე სხვამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თუ კი ვინმეს შეიძლება აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა, ეს რა თქმა უნდა, არის ის ადამიანები, ვინც დგანან ამ მიტინგების უკან და ვისაც აწყობს ქვეყანაში მძლავრი საპროტესტო მუხტის შექმნა",- ამბობს ბრეგაძე.

რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას მოითხოვს, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი 8 მაისის საღამოს საათებში ცალკეული მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს.

ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი და სათანადო პასუხი გაეცეს და ასეთმა შემთხვევებმა მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე არ მიიღოს, რაც შეუთავსებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.

სახალხო დამცველმა მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×