ელზა პაპოშვილი
03.05.2024

რა გეგმა აქვთ აქციის მონაწილეებს და რა ფორმატში გაგრძელდება პროტესტი დღესასწაულებზე, ჯერჯერობით უცნობია. კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული სამოქალაქო ჯგუფები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ადამიანური რესურსების აღსადგენად და მატერიალური რესურსების მობილიზებისათვის, კანონპროექტის მესამე მოსმენამდე სტრატეგიული დაგეგმვის რეჟიმში გადადიან. 

ოპოზიციურ პარტიებში კი აცხადებენ, რომ წინააღმდეგობა ყოველდღიურ რეჟიმში იქნება, თუმცა დიდი შეკრება 11 მაისს დაანონსდა.   

გასულ ღამეს გმირთა მოედანი პროტესტის ნიშნად იმ დემონსტრანტებმა გადაკეტეს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს უწყვეტად აპროტესტებენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების ნაწილმა გზა გადაკეტა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროსთან და ვარაზისხევთან. პროტესტის ამგვარმა ფორმამ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა აქციის მონაწილეები გზის გაგრძელების საშუალებას აძლევდნენ მათ, ვისაც მანქანაში მცირეწლოვანი ბავშვი და ხანდაზმული ადამიანი ეჯდა. 

ხელისუფლებას კი ამ ფაქტებმა მისცა იმის თქმის საფუძველი, რომ ქალაქში აქციის მონაწილეები და მათი ორგანიზატორები მიზანმიმართულად მოქმედებენ, რათა ქვეეყანაში არეულობის და დაპირიირებისილუზია შექმნან. მათი აზრით, ეს ყველაფერი გამოხატვის თავისუფლებას სსცდება და აქციის მონაწილეების რეალური სახე მოსახლეობამ დაინახა. 

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა და აქციების დროს თავი ყველამ უნდა შეიკავოს. როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გუშინდელი აქციის გამო დედაქალაქის ქუჩების ჩაკეტვამ, მოქალაქეების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

„ძალიან ბევრი ფაქტი ვიხილეთ გაბრაზებული მოსახლეობის, რომელიც ქალაქის ქუჩებში გადაადგილებას ცდილობდა. ცხადია, ვიღაცას რაღაც პრობლემა, საჭიროება აქვს, სადღაც მიიჩქარის. გვესმის, ადამიანების გაბრაზების, თუმცა ყველა უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს. არანაირი ძალადობა არასდროს არ არის მისაღები – არც ფიზიკური, არც ფსიქოლოგიური. კატეგორიულად მიუღებელია ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაპირისპირების ძალიან ბევრი ფაქტი იყო. როდესაც ბავშვი სადღაც მიგყავს, გეჩქარება, ასევე მოვისმინე, რომ ერთი სიმსივნით დაავადებული ადამიანი წამლის გასაკეთებლად მიდიოდა, არ უშვებდნენ, მძიმეა ეს ყველაფერი და მესმის იმ მოქალაქეების პროტესტი, რომლებიც ამ ყველაფერთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ.

„ჩვენ, ხედავთ, რომ ხელს არ ვუშლით, შეუძლიათ აქციები ჩაატარონ, გადაკეტონ გზები - ეს მათი უფლებაა, ოღონდ კანონის ფარგლებში. როდესაც შენ ხარ ცოტა რაოდენობა და სპეციალურად აკეთებ ისე, რომ გადაკეტო გზა, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ამას მოჰყვება ჩვენი მხრიდან რეაგირება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ხელისუფლების საპასუხოდ კი, რომელიც გმირთა მოედნის გადაკეტვას აკრიტიკებს, „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ ყველაფერზე, რაც პროტესტის ფარგლებში ხდება, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. 

„ეს არის ხალხის გამოხატულება, ახალგაზრდებმა ეს ჩათვალეს საჭიროდ - გააკეთეს. დემოკრატიულ სისტემაში ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი არის ჩვეულებრივი ამბავი. ამ ყველაფერზე, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, რაც ხდებოდა თბილისის ყველაზე დიდ მოედანზე თუ რუსთაველის გამზირზე, რაც მოხდება კიდევ (ვგულისხმობ, აქციები გაგრძელდება კიდევ, ეს ხომ არ შეჩერდება), არის პასუხისმგებელი ხელისუფლება,“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.   

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ მიიჩნეევს, რომ მსგავსი ექსტრემიზმი, ქუჩის გადაკეტვა და მოქალაქეებთან კონფლიქტი აქციების დისკრიმინაციას გამოიწვევს. მისი აზრით, ის რასაც ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე და გმირთა მოედანზე თვალს ვადევნებთ, საზოგადოებაში სოლიდარობას ვერ გამოიწვევს. პირიქით, გააჩენს აქციის ორგანზატორების და მონაწილეების მიმართ ანტიპათიას. 

„რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თუ პოლიტიკური თავსართი არ ჰქონდა და მას პოლიტიკოსები არ წარუძღვნენ წინ, ეს პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი აქციები მხოლოდ ქუჩის ხულიგნობად გადაიქცევა. საქმე კი ისაა, რომ ამით დისკომფორტი უკვე მოქალაქეებს შეექმნებათ, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ სოლიდარულები სულ უფრო  ნაკლებად გახდებიან. ამიტომ მიკვირს, აქციის ორგანიზატორების რისი მიღწევა სურთ. პირიქით, პროცესების მაიდანიზაცია ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო შეაშინებს. მეორეც, კარგით, ვთქვათ, „ოცნება“ გადადგა და წავიდა, ამ ახალგაზრდებს ხელისუფლებაში ვინ მოჰყავთ?

უმრავლესობის სურვილიც ნამდვილად ისაა, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალები“ მოვიდნენ ისევ? აბა, სხვა ალტრენატივა არ ჩანს. ეს კიდევ უფრო დიდ საპროტესტო მუხტს გამოიწვევს დანარჩენ საზოგადოებაში. მართალია ივანიშვილი, როცა ამბობს, რომ  არ არის იანუკოვიჩის და შევარდნაძის ხელისუფლება. მე აქვე დავამატებდი, რომ არც ოპოზიციაა შესაბამისად ძლიერი, რომ ხალხმა მათ სახელმწიფოს მართვა და საჭე ანდოს. გავიხსენოთ სააკაშვილის  ირგვლივ ატეხილი ამბები, ლევან გაჩეჩილაძეს მაშინ ამ დღევანდელ ოპოზიციაზე ერთად აღებული მეტი პოპულარობა ჰქონდა, მაგრამ საზოგადოებამ მას მაინც არ ანდო ხელისუფლება. ამიტომ, როცა ვინმე საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლება ცუდია, აქვე ხალხი სვამს კითხვას და ოპოზიცია რით არის უკეთესი?“ - აცხადებს საყვარელიძე. 

მისივე თქმით, პოლიტიკოსები, მართალია, ამ აქციებს ამოფარებულები არიან, მაგრამ მათ ადრე თუ გვიან ღიად გამოსვლა მოუწევთ. მათი ღიად გამოჩენა კი იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მათ გვერდით არ დადგება. ამიტომ ის ეჭვობს, რომ ამ მოცმეულობით, რასაც ახლა აქციის მონაწილეების ქცევას ვადევნებთ თვალს, დანარჩენ საზოგადოებაში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ.        

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×