მიუხედავად ამისა, ინდუსტრიაში დიდ შეფერხებას არ ელოდებიან
გვანცა წულაია
09.05.2024

ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების გამო ზაფხულის ტურისტულ სეზონს გარკვეული საფრთხე ელის. უკვე შეინიშნება ჯავშნების გაუქმება, რასაც ჯერჯერობით ერთეული სახე აქვს, თუმცა თუკი ვითარება არ დამშვიდდება, ტურისტულ კომპანიებში ამბობენ, რომ ეს პროცესი უფრო ფართო ხასიათს მიიღებს.

მიუხედავად ჯავშნების გაუქმებისა, ზაფხულის ტურიტულ სეზონთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი არსებობს. ქვეყანა ვიზიტორების მისაღებად უკვე ემზადება, მაგრამ პოლიტიკურად არასტაბილური პროცესი ამ ყველაფერს ხელს უშლის.

ტურისტული კომპანიის „დისქავერ ჯორჯიას“ ხელძღვანელი ნინო კეკელიძე ჯავშნების გაუქმებას ადასტურებს და მიზეზად ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია დასახელდა.

„ჩვენი კომპანიის მაგალითზე გვაქვს დამაკმაყოფილებელი მოლოდინი, პირველი კვარტლის სტატისტიკიდან და ჩვენს პატრნიორებთან ურთიერთ თანამშრობლობიდან გამომდინარე. მეტწილად ველოდებით ევროპისა და სამეზობლო ქვეყნებიდან, როგორც ინდივიდუალურ ვიზიტორებს, ისე ჯგუფური მიმართულებით ტურისტებს. დაიტვირთება, როგორც ზღვისპირა რეგიონი, ასევე ჩვენი სამთრო და გამაჯანსაღებელი კურორტები, ვგულისხმობ წყალტუბოს, საირმეს და ბორჯომს, რაზეც არის საკამოდ დიდი მოთხოვნა.

რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, რა თქმა უნდა, აღნიშნული მდგომარეობა უარყოფითად აისახება საერთაშორისო ტურისტებზე და მათ სამომავლოდ ქვეყანაში დაგეგმილ ვიზიტებზე. იყო რამდენიმე ჯავშნის გაუქმება, ამ აქტიური საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე. გერმანიიდან ველოდებით ჯგუფებს და ამ ვიზიტმა ზაფხულის სეზონიდან გადაიწია შემოდგომისკენ. ჩვენგან არანაირი ინფორმაციის მიწოდება არ ყოფილა, თვითონ ადავნებენ თვალყურს საქართველოში არსებულ მდგომარეობას და გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე თავს შეიკავებენ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისგან.

ერთეული შემთხვევებია, თუმცა ეს გარემოება ტურიზმის ინდუსტრიისთვის ძალიან ყურადსაღები და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ის, რომ არ მოხდეს მასშტაბურად არსებული ჯავშნების გაუქმება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნინო კეკელიძემ.

იგივე მოსაზრებისაა ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატალია ბახტაძეც. როგორც მან აღნიშნა, „გამჭირვალობის კანონი“ აზიანებს ინდუსტრიას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ტურიზმის სტრატეგიას.

„ყველა ვიზიტორს აქვს თავისი პროფილი, ჩვენი ძირითადი ტურისტული შეთავაზება აწყობილია ევროპელ ვიზიტორზე, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასეთი სურვილი გვქონდა. უკვე არის საუბარი იმაზე, რომ ძალიან ბევრი ჯავშანი უქმდება, მგონია, რომ ეს თვისობრივად შეცვლის ტურიზმის მდგომარეობას, ყოველ შემთხვევაში ხარისხიანი ტურისტული მომსახურების რეალიზაციის შესაძლებლობას საქართველოში.

ჩვენს პარტნიორებს ჯერჯერობით ჰგონია, რომ ამ კანონს არ მიიღებენ, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური პოზიცია ასეთია. რაც შეეხება ახალ წამოწყებას. ნებისმიერ გრანტში რაშიც მიგვიღია მონაწილეობა, პირველ რიგში წერია, ვის არ შეუძლია გრანტზე წარადგინოს განაცხადი, რელიგიური დაჯგუფება, პოლიტიკური ორგანიზაციები, ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტულ ინტერესებს ატარებენ და არ არიან დარგობრივი ასოციაციები, ჩვენ ვეღარ მივიღებთ ვერანაირ მონაწილეობას ვერცერთ ახალ წამოწყებაში, რადგან ფორმატი არ მოგვცემს ამის საშუალებას“, - განაცხადა ნატალია ბახტაძემ „საქმის კურსში“.

შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განვითარებაზეა დამოკიდებული. როგორც ტურიზმის სფეროს სპეციალისტი მანანა ალადაშვილი მიიჩნევს, დაძაბულობის გაგრძელება ინდუსტრიისთვის ძალიან ცუდი იქნება. ისე კი, 32%-იანი ზრდაა მოსალოდნელი წინა წელთან შედარებით.

„როგორც გასულ წელს, ამ დროისთვის, პროგნოზი საკმაოდ კარგია, თუ რაიმე გარემოებამ ხელი არ შეგვიშალა. ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობის გამო ჯავშნების გაუქმების ტენდენციას ვხედავთ, თუმცა არა მასშტაბურად. მიუხედავად ამისა, გასულ წელთან შედარებით, როგორც სტატისტიკური მონაცემებით არის დათვლილი, 32%-იან მატებას ვარაუდობენ.  ეს საკმაოდ დიდი რიცხვია და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. 

ზოგადად, ჯავშნებს სულ აუქმებენ ხოლმე, მაგრამ ამ ეტაპაზე, ალბათ, პოლიტიკური მდგომარეობა ამძაფრებს. არასტაბილურობის გაგრძელება, ინდუსტრიისთვისაც ძალიან ცუდი იქნება, რადგან ვიზიტორები ქაოსად აღიქვამენ. ვნახაოთ, რა იქნება შემდგომ თვეებში, ჯერჯერობით არ არის საგანგაშო მდგომარეობა

ჩემდა გასაკვირად, ძალიან განვითარდა შია ტურიზმი. ცუდი ამინდები მიუხედავად, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ძალიან დიდი აქტივობა შეინიშნება. დასვენების დღეებმა დატვირთა სასტუმრო ინდუსტრია“, - განუცხადა „რეზონანსს“ ალადაშვილმა.

თუ კი პოლიტიკური სიტუაცია მალე დასრულდება, ტურიზმის ინდუსტრიას საფრთხე არ ელის. როგორც HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი გიორგი დოლიძე მიიჩნევს, გადავაჭარბეთ ყველანაირ ნიშნულს რაც კი საქართველოში ტურისტის შემოდინების კუთხით გვქონდა.

„ასეთი აპრილი არ გვქონია არც პანდემიამდე. საქართველოსთვის არის ოთხი პრიორიტეტული მიმართულება, საიდანაც სტატისტიკურად ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის: საუდის არაბეთი, საამიროები, რუსეთი, მეზობელი ქვეყნები, ევროპა და ამას ემატება ინდოეთი და ჩინეთი ძირითადად ჯგუფური ტურების კუთხით.

ყველას აინტერესებს ძველი თბილისი, კულტურული, სამლოცველო ტურები და ის ღირსშესანიშნაობები, რაც საქართველოს აქვს, მათ შორის, ზღვა და მთა.

წინა წელთან შედარებით ფასი, ალბათ, 10%-ით გაზრდილია, ხოლო თუ პანდემიამდელ პერიოდს შევადარებთ 5-დან 10%-მდე გვაქვს გადაჭარბება“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×