თამთა ჩაჩანიძე
29.04.2024

საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას" გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის" იმსახურებს - განაცხადა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველო გამოკვეთილი ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერისა და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველოს ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფად ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის.

„ჯერ კიდევ 2014 წელს დავაფუძნე „საზოგადოება 2030". მაშინ ევროკავშირის წევრობა ძალიან შორეულ პერსპექტივად მოჩანდა და გაწევრიანებაზე საჯაროდ საუბარს ვერიდებოდი, რადგან საზოგადოებას ჩემი ჭარბი ოპტიმიზმი შეიძლებოდა არ მოსწონებოდა.

თუმცა, ჯერ კიდევ მაშინ ვხედავდი, რომ საქართველოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება შეეძლო. დღეს, როდესაც 2030 წლამდე სულ რაღაც 6 წელია დარჩენილი, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერისა და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.

საქართველოს ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფად ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის.გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა",-დასძენს ივანიშვილი.

რა თქვა „ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ

„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! მივესალმები ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის ღირსეულ შვილებს! ყველას მინდა მოგილოცოთ ბზობა და წინასწარ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

„საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც". მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს. საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ!" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ენჯეოების" დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება, ამ თანხებს არავითარი საერთო არ აქვს დახმარებასთან, პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს.

„საზოგადოებაში ხშირად კითხულობენ, მაინც რატომ იბრძვიან უცხოეთიდან ასეთი გამალებით „ენჯეოების" გამჭვირვალობის წინააღმდეგ? ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამ შეკითხვას სწორი მიმართულებით პასუხობენ, თუმცა, სრული სიმართლის თქმას ისინი მაინც ერიდებიან. სრული სიმართლე კი ისაა, რომ „ენჯეოების" გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო. მიზანია, საქართველო არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, არამედ გარედან დანიშნული „ღამურების" - ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და გიგლა ბერბიჭაშვილების ხელით იმართებოდეს. ამის არდაშვება არის ჩვენი ვალი საქართველოს თავისუფლების იდეას შეწირული ქართველი მოღვაწეების წინაშე.

„ენჯეოების" დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ.

„შეგახსენებთ, თუ როგორი გამალებით ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას. სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთწოდებულ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს.

მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლევის თანახმად, ქართული სასამართლო სამართლიანობისა და ეფექტიანობის კრიტერიუმებით არაერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის სასამართლოსაც კი უსწრებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ასახელებენ ვერცერთ საქმეს, რომელიც სასამართლომ პოლიტიკური ხელისუფლების ზეწოლით ან ზოგადად, უსამართლოდ გადაწყვიტა, გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ.

„როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ცხადია, რომ ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ" - განაცხადაივანიშვილმა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. პირველი - შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, ხელისუფლების ვალი იყო, თუნდაც, მოტყუებული თანამოქალაქეების შფოთვა გაეთვალისწინებინა. მეორე - უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც კანონის არგაწვევის შემთხვევაში, შარშან სირთულეები შეიძლებოდა შექმნოდა.

მისივე თქმით, წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. „ნაციონალებმა" და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ენჯეოების" გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს.

„დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი.

„შესაბამისად, ურეიტინგო „ნაციონალებისა" და „ენჯეოების" ხელით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიფხიზლე უნდა დავკარგოთ და საქართველოს სუვერენიტეტისთვის გრძელვადიანი გარანტიის შექმნაზე არ უნდა ვიზრუნოთ. სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

„შეიძლება დაისვას კითხვა - რატომ გაიწვია გუნდმა კანონი შარშან და რატომ ვიღებთ მას წელს. შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. პირველი, შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, ჩვენი ვალი იყო, თუნდაც, მოტყუებული თანამოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა. მეორე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც კანონის არგაწვევის შემთხვევაში, შარშან სირთულეები შეიძლებოდა შექმნოდა.

„წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. „ნაციონალებმა" და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ენჯეოების" გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს. გარდა ამისა, დღეს გვაქვს სრული რესურსი გამჭვირვალობის შესახებ კანონი სახელმწიფოს მდგრადობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მივიღოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ. სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, რაც, ზოგადად, მისი ჩვეული ხელწერაა. ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით.

„ბევრი ჩვენი თანამოქალაქე განაწყენებულია იმის გამო, რომ 2012 წელს „ნაციონალები" სათანადოდ არ დავსაჯეთ. რეჟიმის არაერთმა ლიდერმა მრავალწლიანი სასჯელი მოიხადა. გასამართლდა რეჟიმის დანაშაულებრივი დავალებების მრავალი შემსრულებელი. ამჟამად სასჯელს იხდის რეჟიმის მთავარი დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, სამწუხაროდ, არ მომხდარა „ნაციონალური მოძრაობის", როგორც ერთიანი დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი დაჯგუფების გასამართლება.

საქმეში უშუალოდ ჩახედული ადამიანები დამეთანხმებიან, რომ მაშინ „ნაციონალების" დასჯის არავითარი რესურსი არ გვქონდა, ურესურსოდ ნაბიჯების გადადგმა კი მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა. კარგად მახსოვს, 2012-13 წლებში კბილებით როგორ იცავდნენ სისხლიან დამნაშავეებს დასავლელი უმაღლესი თანამდებობის პირები. „ნაცმოძრაობა" ზუსტად ისევე დაუნიშნეს საქართველოს გარედან რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე ხელისუფლებად დაგვინიშნეს. რადიკალიზმი, ე.წ. პოლარიზაცია და პერიოდული პოლიტიკური რყევები, რაც ჩვენს ქვეყანას და მის ეკონომიკას მთელი ამ წლების მანძილზე საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მთლიანად გარედან იყო ხელოვნურად თავს მოხვეული. რომ არა გარე მხარდაჭერა, საქართველო ეგრეთწოდებული პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს უმოკლეს ვადებში გაარღვევდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რა თქვეს „ოცნების" მაღალჩინოსნებმა

კონკრეტულ გავლენიან ძალებს ევროკავშირი წარმოუდგენიათ, როგორც არასუვერენული, სუსტი სახელმწიფოების ერთობა, რომლებიც დაცლილი უნდა იყვნენ ყოველგვარი იდენტობისგან და ღირებულებებისგან, თუმცა, სინამდვილეში, ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძლიერი, თუ ის გააერთიანებს სუვერენულ სახელმწიფოებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ქართულ საზოგადოებას აქვს მყარი ღირებულებები და სწორედ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტითა და ღირებულებებით უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„ძალიან ამაღელვებელია ამდენი გულანთებული ადამიანის წინაშე გამოსვლა. მინდა, მოგესალმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, მშვიდობიანი განვითარებისა და ღირსეული ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, რომლებიც დღეს აქ ხართ შეკრებილნი! დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ქართულ საზოგადოებას აქვს მყარი ღირებულებები.

„და ჩვენ სწორედ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტითა და ღირებულებებით გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„კონკრეტულ გავლენიან ძალებს ევროკავშირი წარმოუდგენიათ, როგორც არასუვერენული, სუსტი სახელმწიფოების ერთობა, რომლებიც დაცლილი უნდა იყვნენ ყოველგვარი იდენტობისგან და ღირებულებებისგან. თუმცა, სინამდვილეში, ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძლიერი, თუ ის გააერთიანებს სუვერენულ სახელმწიფოებს; თუ ის გააერთიანებს ღირსეულ სახელმწიფოებს, სადაც სათანადო პატივს სცემენ საკუთარი ქვეყნის ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობას, საზოგადოების მორალურ ღირებულებებს.

„მჯერა, რომ საქართველოს, როგორც ღირსეულ სახელმწიფოს, რომელსაც მისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად ესმის დამოუკიდებლობისა და ეროვნული იდენტობის ფასი, შეუძლია განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ევროპული სუვერენიტეტისა და ღირებულებების განმტკიცებაში, ევროკავშირის, როგორც სუვერენული და მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობის აღორძინებაში," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, არა მხოლოდ ევროკავშირი უშვებს ამ ქვეყანას საკუთარ სახლში, არამედ ეს ქვეყანაც უშვებს საკუთარ სახლში ევროკავშირს.

შეკრებას „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე უძღვებოდა, რომლის თქმითაც, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს.

„ქართველები რომლებიც, ვერასდროს წარმოვიდგენთ ჩვენს თავს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეების გარეშე, რომლებიც ორიენტირებულები ვიქნებით, რომ რაც შეიძლება მალე, ყოველთვის ერთიან, თავისუფალ, ძლიერ, სრულად დამოუკიდებელ საქართველოში ვიცხოვროთ. მე მინდა ყველა ჩვენს ეთნიკურ ჯგუფს მივესალმო, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ყველას ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეა.

„ჩვენ სარეთო მრწამსი - მამული, ენა, სარწმუნოებაა და დიახ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში და უნდა გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრები და ამასთან ერთად უნდა ვთქვათ, რომ ევროპას ქართველებთან ერთად უფრო გამდიდრდება, უფრო ღირსეული და ამაყი იქნება, რადგან ჩვენ ჩვენი კულტურით, იდენტობით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ევროპას. წინ ბევრი ამოცანა გვაქვს, „ქართულ ოცნებას" ბევრი ამოცანა აქვს თავის ლიდერებთან, საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან ერთად.

„ეს არის სვლა დეოკუპაციისკენ, ეკონომიკური განვითარებისკენ, გრძელვადიანი მშვიდობისკენ, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ, ეს ყველაფერი ერთად ცოტა რთულია, მაგრამ ყველა ერთად ამას შევძლებთ სიამაყით და ორ ფეხზე დგომით", - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ სიტყვა თბილისის მერს კახა კალაძეს გადასცა, „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის თქმით, „უდიდესი კულტურის, უძველესი ისტორიის, ტრადიციების მქონე ქვეყანას" კვლავაც მკაფიო გზავნილი აქვს მსოფლიოსთან- საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით და სრული დამოუკიდებლობით გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

„როგორც ყოველთვის, ჩვენი ერთად ყოფნა, ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი ერთსულოვნება არის საქართველოს განვითარების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის, მომავალი გამარჯვებების უმთავრესი საფუძველი.

„ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რათა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვუთხრათ მკაფიოდ: საქართველო არის პატარა ქვეყანა უდიდესი კულტურით, უძველესი ისტორიით, უნიკალური ენითა და დამწერლობით, საკუთარი ტრადიციებით, რწმენით, თავისუფლების სიყვარულით.

„ჩვენ გვაქვს მიზანი - საკუთარი იდენტობით და სუვერენიტეტით, მყარი მორალური ღირებულებებით, ოჯახის სიმტკიცით, სარწმუნოების ხელშეუხებლობით, სრული დამოუკიდებლობით გავხდეთ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული ოჯახი ჰქვია.

„გარკვეული ძალები, რომლებიც ვერაფრით ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა, არ იშლიან მცდელობას, ქვეყანა არიონ და ხელისუფლებაში ის ადამიანები დააბრუნონ, რომელთა მმართველობამ საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა. ამას ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს",- განაცხადა კახა კალაძემ.

35 წლის წინ აქ, ამ გამზირზე შეკრებილმა ქართველმა ერმა შეჰფიცა, რომ არ დათმობდა თავის სამშობლოს, არ უღალატებდა საკუთარ მრწამსს, არ გადაუხვევდა თავისუფლების გზიდან და ფიცისთანავე საკუთარი სისხლით დაამტკიცა მიღებული ურყევი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ თვითმყოფადობას, „არის პრინციპული საკითხი ნებისმიერთან ურთიერთობაში - იქნება ეს მტერი თუ მოყვარე".

„ჩვენი თაობებისათვის „დამოუკიდებლობა" და „თავისუფლება" არ არის მხოლოდ სიტყვები. ამ სიტყვებთან დაკავშირებულია ბრძოლა, მსხვერპლი, ტკივილი და დიდი სიხარულიც. ჩვენი ვალია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამაც გაიაზროს, რომ დამოუკიდებლობა ჩვენთვის არავის უჩუქებია, რომ მას მუდმივად ესაჭიროება დაცვა და განმტკიცება.

„საკუთარი თავის შეცნობა მართლაც მტკივნეული აღმოჩნდა და კარგად გამოჩნდა, ვინ რას უწოდებს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ სწორად გაგვიგია, სწორად შეგვიცნია რა არის საქართველო, რა არის მისი სული და ღერძი.

„ჩვენ ამაყი და შეუდრეკელი ერი ვართ, გონიერი და სრულფასოვანი. ამიტომაც ვართ აქ დღეს, ერთმანეთის მხარდამხარ ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გასაყვანად.მინდა, აქ მოსულ თითოეულ ადამიანს, დიდსა და პატარას, ქალსა და კაცს, ერსა და ბერს, საქართველოს ყველა ჭეშმარიტ მოქალაქეს დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების დაცვისათვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!" - განაცხადა პაპუაშვილმა.

სიტყვით გამოვიდა ყოფილი პრემიერი და „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.

„მივესალმები ჩვენს ღირსეულ, პატრიოტ მოქალაქეებს, ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს და ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ თანამოქალაქეს. ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ დღეს აქ შეკრებილ საზოგადოებას, ვისთვისაც ხელშეუვალია ღირებულებები, რომელიც უკავშირდება ღირსებას, თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.

„დღეს მახსენდება 2012 წელი, როდესაც თქვენ, ჩვენ და ქართველმა ხალხმა სწორედ აქ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ, მშვიდობიან და სუვერენულ საქართველოში სურს ცხოვრება და ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ხალხმა ქვეყანა ანტიეროვნული, მჩაგვრელი და მოღალატე რეჟიმისგან გაათავისუფლა. და დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ ჩვენი ქვეყნის გარეთ ყველას ვაჩვენოთ, რომ საკუთარ ღირსებას, სუვერენიტეტს და თავისუფლებას ბოლომდე დავიცავთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აქცია 20:00 საათზე დაიწყო, მანამდე პარლამენტთან „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის სხვა ლიდერები მივიდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე.

18:00 საათისთვის ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მსვლელობას შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის შვილი ცოტნე ივანიშვილი.

„ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭიროს", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ" აქცია 22 აპრილს დაანონსა, ამავე დღითვე უმრავლესობის დეპუტატებისგან ცნობილი გახდა, რომ შეკრებას „ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც შეუერთდებოდა და სიტყვით გამოვიდოდა. შეკრების დაანონსების დღიდან „ოცნების" დეპუტატები აცხადებდნენ, რომ პარლამენტის წინ 100 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბებოდა.

მმართველი პარტიის შეფასებით, პარლამენტის წინ აქციის გამართვა, ეს მხარდამჭერების თხოვნის გათვალისწინებაა. 22 აპრილს გავრცელებულ განცახდებაში „ქართულმა ოცნებამ" მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ „ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!".

„ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება", - ვკითხულობთ „ქართული ოცნების" 22 აპრილის განცხადებაში.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×